დღეს წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების დღეა.
მამა გრიგოლი დაიბადა 1899 წლის 31 აგვისტოს სოფელ ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრა), მღვდლის რომანოზ ფერაძის ოჯახში, დედამისი მარიამ სამადალაშვილი აგრეთვე მოძღვრის ქალიშვილი გახლდათ, მისი მამა თბილისის პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესიის მოძღვარი იყო მამა ბესარიონი. რომანოზს გორის საოსტატო სასწავლებელი დაუმთავრებია ვაჟა-ფშაველასთან .
მამა რომანოზს სამი ვაჟი ჰყავდა, უფროსი არჩილი, შუათანა გრიგოლი და უმცროსი ვასილი. მათი გვარი სამღვდელო ყოფილა. 1905 წელს რომანოზი უეცრად გარდაიცვალა და ბიძამ გიორგი ფერაძემ, ყვარლის ეკლესიის მღვდელმა, თავისთან წაიყვანა აღსაზრდელად ყვარელში, სადაც გრიგოლი დაახლოებით 5 წელი ცხოვრობდა. სასკოლო ასაკს რომ მიაღწია, გრიგოლი დედამ თბილისში ჩამოიყვანა და სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა.
სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1913 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.
1919 წელს ის არმიაში გაიწვიეს და დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ჯარში მსახურობდა გორში, ბორჯომსა და ახალციხეში. სამივე ძმა ბოლშევიკების წინაამღდეგ იბრძოდა და იცავდა სამშობლოს.
1921 წელს გარე კახეთის სამღვდელოებამ გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე გრიგოლი წარმომადგენლად გააგზავნა. სადაც გადაწყდა მისი ევროპაში სასწავლებლად გამგზავრების საკითხი მიტროპოლიტ ნაზარისა და პროფესორ კორნელი კეკელიძის შუამდგომლობით. გრიგოლის უცხოეთში გაგზავნით კათოლიკოსიც ყოფილა დაინტერესებული.
1929 წელს მამა გრიგოლი ბერლინში დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრა. ამავე წელს მისი თაოსნობით პარიზის ქართული სამწყსოს კრება ჩატარდა, სადაც პირველი და დღემდე ერთადერთი ქართული ეკლესია დაარსდა. 1930 წელს შობის დღეებში იგი მძიმედ ავად გახდა. სიკვდილის პირას მისულს საოცარი ხილვა ჰქონია, რის შემდეგაც გადაწყვიტა, ბოლომდე უფლისათვის მიეძღვნა თავი. 1931 წელს სრულიად ახალგაზრდა ლონდონის წმიდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა, 19 აპრილს იქვე დიაკვნად ეკურთხა, ხოლო 25 მაისს პარიზის წმიდა სტეფანეს ბერძნულ საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხეს და მის მიერვე დაარსებულ წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში წინამძღვრად გაამწესეს.
1939 წელს მამა გრიგოლი პოლონეთში მიიწვიეს. ვარშავაში თეოლოგიურ მეცნიერებათა შესავალს ასწავლიდა. მისი ლექციები განმსჭვალული იყო წმინდა მამების შემოქმედებითი სულით. ზრუნავდა მოსწავლეებზე და ღარიბ სტუდენტებს მატერიალურადაც ეხმარებოდა. მამა გრიგოლმა ძველ ბერძნულიდან თარგმნა „ქებათა ქება", ქართულიდან ინგლისურად - კორნელი კეკელიძის გამოცემა „შობის განჩინება", გამოკვლევა „უცხოელი ავტორები ძველ ქართულ მწერლობაში".
ომის დროს ფაშისტები სასტიკად ექცეოდნენ ხალხს, აწამებდნენ, ხოცავდნენ, განსაკუთრებით კი - პოლონელებსა და ებრაელებს. მამა გრიგოლი ასეთ ადამიანებს იფარებდა და ეხმარებოდა. ქუჩაში მკვდრებს აპატიოსნებდა, რის გამოც, გესტაპომ იგი დააპატიმრა. გრიგოლ ფერაძე ჯერ პავიაკის ციხეში იმყოფებოდა, 1942 წელს კი ოსვენციმში გადაიყვანეს. ამავე წლის 6 დეკემბერს იგი დაიღუპა. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, გრიგოლთან ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა მიუსაჯეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, სასჯელი საკუთარ თავზე აუღია და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.
1995 წლის 19 სექტემბერს სვეტიცხოველში, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განიხილა მამა გრიგოლის მოღვაწეობა და არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა.