"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტებმა რუსთავის N17 დაწესებულების პატიმრები მოინახულეს. იურისტები მოშიმშილე პატიმრებს, გიორგი ხურციძესა და ლევან კუტალაძესაც შეხვდნენ, რომლებსაც პირი მავთულით აქვთ ამოკერილი. როგორც ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, პატიმრების ცნობით, N17 დაწესებულებაში ორმოცდაათი პატიმარი შიმშილობს.
"პატიმრები უნდობლობას უცხადებენ უდოს კომისიას, მოითხოვენ სასჯელის გადავადებას, უკანონო განაჩენების გადასინჯვას და სასჯელისაგან გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო", - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები.
მათივე შეფასებით, ლევან კუტალაძისა და გიორგი ხურციძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ამ პატიმრების საქმეების უფრო დეტალურად შესწავლას და სათანადო რეაგირების მოხდენას აპირებს ", - აცხადებენ ორგანიზაციის იურისტები.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოუწოდებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი კომპეტენციის პირებს, დაინტერესდნენ რუსთავის N17 დაწესებულების პატიმრების მდგომარეობით და მათ სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.