reportiori.ge - „ჩვენ „კავკასიური ცარცის წრე“ გავარღვიეთ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:43
პრეს-დაიჯესტი
„ჩვენ „კავკასიური ცარცის წრე“ გავარღვიეთ“
ავტორი:
07 დეკემბერი, 2013. 14:39

ევროკავშირთან პარაფირების ხელშეკრულება გაფორმებულია, თუმცა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო იქნება მომავალი ერთი წელი, მათ შორის ადგილობრივი კანონმდებლობის ევროპულთან მიახლოების თვალსაზრისითაც. უკრაინის მოვლენების შემდეგ კი სულ უფრო აქტუალურია კითხვა: ხომ არ შეეცდება რუსეთი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასაც შეუშალოს ხელი და რა საფრთხეა მოსალოდნელი ჩრდილოელი მეზობლისგან?


ამ საკითხებზე თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, გვესაუბრა პოლიტიკურ ტოქ-შოუში - „Hard Talk - ემას შოუ", რომელიც ყოველ პარასკევს, 21:30 საათზე, რადიო „პალიტრისა" და „palitra tv"-ს ეთერით გადაიცემა.


გთავაზობთ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს საგაზეთო ვარიანტს:


- რაც ვილნიუსში მოხდა, ბოლო 25 წლის განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ძალისხმევის შედეგია. ასე ახლოს არასდროს მივსულვართ ევროპასთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, „კავკასიური ცარცის წრე" გავარღვიეთ და გავხდით ევროპული ოჯახისკენ მიმავალი გზის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ქართველი საზოგადოების ძალისხმევას  ადექვატურად, სწორად შეაფასებენ ჩვენი პარტნიორები, რადგან გამოწვევებიც და საფრთხეებიც, რა თქმა უნდა, იზრდება.

 

- მოსალოდნელია სამხედრო საფრთხეები?

- იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც მაქვს ჩვენი სამხედრო ანალიტიკოსებისგან, დაზვერვის ანალიზის მიხედვით, ვერ ვხედავ პირდაპირი სამხედრო აგრესიის შანსს, მაგრამ ვხედავ ისეთ საფრთხეებს, როგორიც შეიძლება იყოს ქვეყანაში ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე კრიტიკული საზოგადოებრივი განწყობის შექმნა. პირველად ასეთი მცდელობა იყო მაშინ, როცა ტრაგიკულად, გმირულად დავკარგეთ ჩვენი სამხედროები ავღანეთში და საზოგადოებაში მყისიერად გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც ამის გამოყენებას ჩვენი ევროპული გზის საწინააღმდეგოდ აპირებდნენ. ასეთი მცდელობის საფრთხეს ვხედავ უახლოეს პერიოდში. მთელი საზოგადოება, სახელმწიფო უნდა იყოს მობილიზებული, რომ ეს არ დაუშვას.

 

ISAF-ის მისიაში ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი კონსტრიბუტორი ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. არ იგეგმება ავღანეთში ქართული სამხედრო კონტიგენტის შემცირება?

- ასეთი საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება, რადგან ეს ვალდებულება უკვე აღებული გვაქვს, რასაც პირნათლად და ვაჟკაცურად ვასრულებთ. ეს არის ის, რისთვისაც აფასებენ ქართველ ჯარისკაცებს, სამხედროებსა და მთელ საქართველოს ჩვენი ნატოელი პარტნიორები. ჩვენ ვიძლევით სიტყვას და ვასრულებთ კიდეც.

ნდობა, რომელიც არსებობს ქართველი სამხედროების მიმართ, ერთ-ერთი ფუნდამენტია იმისა, რატომაც მოხდა ვილნიუსში ასოცირების შეთანხმების პარაფირება.

2014 წლის ბოლომდე იმ გეგმით მივდივართ, რომელიც შეთანხმებული იყო ნატოსთან. შემდეგ, ბუნებრივია, კონტიგენტს შევამცირებთ და ახალი ქართული მისია, რომელიც 2014 წლის შემდეგ დაიწყება, იქნება თვისებრივად სხვა შინაარსის, არასაბრძოლო, სადაც საქართველოს ღირსეული ადგილი ექნება.

 

- რა ეტაპზეა თავდაცვის რეფორმა?

- თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმა ნატომ შეაფასა, როგორც ყველაზე წარმატებული. ეს კი ნიშნავს, რომ სწორედ დავგეგმეთ ყველა ამოცანა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულდა. ეს იყო საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების მექანიზმის შემუშავება, რომელიც პარლამენტს შესაძლებლობას აძლევს, გააკონტროლოს ყოველი თეთრი, რომელიც იხარჯება თავდაცვაზე. ჩვენ მთლიანად შევცვალეთ პირადი შემადგენლობის მართვის, კარიერული წინსვლის სისტემა. ის სრულიად დეპერსონიფიცირებულია და ყველა სამხედრო პირზე, რომელიც ან თანამდებობრივად უნდა დაწინაურდეს, ან განათლების მისაღებად გავუშვათ საზღვარგარეთ, გადაწყვეტილებას იღებს შერჩევის საბჭო. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ოფიცრების, სერჟანტების ყოფითი პირობების გაუმჯობესებაზე და 48 ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა დავიწყეთ. იცვლება დამოკიდებულება სამხედრო მოსამსახურის მიმართ. ფაქტობრივად, არ ყოფილა სამხედრო მოსამსახურეების ჩაგვრის, პოლიტიკური თუ სხვა პირადი ნიშნით მათზე ზეწოლა. მე სპეციალური მრჩეველი მყავს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში, რომელიც აკონტროლებს ამას. მთელ თავდაცვის სისტემაში თანამშრომლების 91%-ს ხელფასები გავუზარდეთ, 300 დოლარით გავზარდეთ ავღანეთში, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეთა ხელფასი. რეალურად დავაფასეთ ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრები და შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა. ტერიტორიული მთლიანობისთვის ან საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობისას დაღუპული სამხედროს ოჯახს გადაეცემა 100 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია. შევიმუშავეთ ვეტერანებზე ზრუნვის სისტემა. მეტი ეფექტურობისთვის, ვეტერანთა დეპარტამენტი გამოეყოფა თავდაცვის სამინისტროს.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ, საომარ მოქმედებებში კიდურები დაკარგა. ყველა მათგანს ჩაუტარდება სპეციალური გამოკვლევა, რის შემდეგაც მათ უზრუნველვყოფთ უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებით. ეს კი მათ შესაძლებლობას მისცემს, დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და გააგრძელონ სამსახური თავდაცვის სამინისტროში. ჯერჯერობით, ეს პროგრამა შეეხება საერთაშორისო ოპერაციებსა და 2008 წელს დაშავებულ სამხედროებს. სამომავლოდ გავრცელდება მათზეც, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში.

 

- ისინი, ვინც ახალაიას მინისტრობისას მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, ვინც მონაწილეობდა სამხედროების დასჯა-შეურაცხყოფაში, დღემდე მუშაობენ თქვენს უწყებაში?

- თავდაცვის სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტმა ბევრი სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ ჩვენებების მიხედვით, რომელთაც სამხედრო მოქალაქეები იძლეოდნენ. ეს საქმეები გადაგზავნილია მთავარ პროკურატურაში. ახლა უკვე სიტყვა მათზეა. ის, ვინც უკვე ეჭვმიტანილია და მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, გათავისუფლებული არიან თანამდებობებიდან, დანარჩენზე ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ არ მოვიქცევით ისე, როგორც მოიქცეოდა სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული მთავრობა. არავითარ შემთხვევაში არ ვახლებთ ხელს თანამშრომელს პოლიტიკური ნიშნით.

 

- ისინი თუ დააბრუნეთ სამსახურში, ვინც ახალაიას პერიოდში უსამართლოდ დაითხოვეს?

- პირველად, რაც გავაკეთეთ, შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელმაც შეისწავლა ასეთი განცხადებები და1600-მდე კაცი დავაბრუნეთ შეიარაღებულ ძალებში. მათ შორის იყვნენ როგორც პოლიტიკური, ისე პირადი ნიშნით გათავისუფლებულები. ბუნებრივია, სამინისტროს ბიუჯეტიდან გამომდინარე, გვაქვს ლიმიტი სამხედრო შეიარაღებულ ძალებში კონტიგენტის რიცხოვნობის, გასათვალისწინებელია პროფესიული უნარებიც. კიდევ დაგვრჩა შესასწავლი დაახლოებით 3.000-მდე განცხადება. ეს არ არის იოლი საქმე, მაგრამ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ არც ერთ ადამიანს არ დარჩეს უსამართლობის განცდა.

 

- რას გრძნობთ, როგორც თავდაცვის მინისტრი, როცა ქვეყანა მცოცავი ოკუპაციის პირობებშია?

- ეს არის საკითხი, რაზეც 24 საათის განმავლობაში მეც, ჩემი თანაშემწეებიც და გაერთიანებული შტაბი ვფიქრობთ, ვმუშაობთ იმ ვერსიებზე, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს, რათა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება. მაგრამ აქვე გვახსენდება ის შეცდომები, რომელიც ჩაიდინეს  ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც გამოწვეული იყო სიჩქარით, დაუფიქრებლობით. ამის გათვალისწინებით, ერთადერთი სწორი დასკვნა უნდა გავაკეთოთ: მშვიდად, ცივი გონებით ვუპასუხოთ ყველა ასეთ გამოწვევას. არ უნდა მივცეთ არავის შესაძლებლობა, ჩაგვრთოს ლოკალურ ესკალაციაში. ეს იქნება კიდევ რამდენიმე წლით, ათწლეულით თუ არა, უკან გადაწევა ჩვენი ეროვნული ამოცანისა, რასაც ევროპაში სრული ინტეგრაცია ჰქვია. უახლოესი წლები ჩვენთვის პოლიტიკურად დანაღმული ველია, რომელზეც უსაფრთხოდ უნდა გავიაროთ.

 

- მიწათხრილები, რომელიც თბილისის შემოგარენში ყოფილი ხელისუფლების დროს გაკეთდა, რამდენად ქმედითია, თუ ეს წყალში გადაყრილი ფულია?

- ამისთვის მილიონები დაიხარჯა, დეტალებს აღარ დავაკონკრეტებ, რადგან სახელმწიფო საიდუმლოებაა. გავოგნდი, როცა სააკაშვილმა საჯაროდ გაამახვილა ამ დეტალებზე ყურადღება. ეს იყო დარტყმა ჩვენს თავდაცვისუნარიანობაზე. ერთს გეტყვით - პირველივე დღეებში დავავალე სამხედროებს, შეესწავლათ ამ შესაძლებლობების სამხედრო სტრატეგიული დატვირთვა... გადაწყდა ზოგი ობიექტის მშენებლობის შეჩერება, ზოგის კი ბოლომდე მიყვანა.

 

 

- თქვენს უწყებაში ჯარისკაცები საკვებით რამდენჯერმე მოიწამლნენ. რა იყო ამის მიზეზი, ხომ არ იყო ეს გამოყენებული თქვენს წინააღმდეგ?

- ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ჯარში არ იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ფაქტობრივად, არცერთი სამზარეულო, სასადილო არ იყო მოწესრიგებული და იმ სტანდარტების შესაბამისი, როგორიც უნდა იყოს. ჩვენ პირველივე დღიდან დავიწყეთ ამის გამოსწორება და წლის ბოლოს 28 ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება. მთლიანად შევცვალეთ ადმინისტრაცია იმ უწყებაში, ვისაც ევალება ჩვენი სამხედროების გამოკვება. დასკვნა კონკრეტულ შემთხვევებზე არსებობს - მოწამვლის და ინტოქსიკაციის არცერთი ფაქტი არ ყოფილა, ეს იყო მსუბუქი დიარეა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ფაქტებზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, მასალები გადაგზავნილია პროკურატურაში, გვსურს, დადგინდეს, იყო ეს საბოტაჟი თუ დაუდევრობა.

 

- იყო თვითმკვლელობის რამდენიმე შემთხვევა ჯარში...

- არ დაგიმალავთ, თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევებიც გახშირდა. ეს არ არის მხოლოდ ჯარის, ეს მთლიანად ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. მე შევისწავლე ეს საკითხი, ვესაუბრე გამოცდილ ფსიქოლოგებს, ჩამოვაყალიბეთ სპეციალური სამუშაო ჯგუფი და დავავალე, შეექმნათ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც მზად არის და მომავალი წლიდან თავდაცვის უწყებაში შეიქმნება შესაბამისი ქვედანაყოფი. ყველა წარმატებულ ჯარში, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, ასეთი გამოცდილება არსებობს. დაახლოებით 15 თვითმკვლელობის მცდელობა იყო ჯარში ბოლო ერთ წელში და ეს იყო ჩემთვის საგანგაშო მაჩვენებელი. უნდა შემოწმდეს ყველა ის პირი, ვინც მოდის შეიარაღებულ ძალებში. ეს სისტემაც მოშლილი იყო თავდაცვაში. როცა ადამიანს ანდობ იარაღს, შენი ქვეყნის დაცვას, ჯეროვნად უნდა შემოწმდეს მისი ფსიქიკა. გარდა ამისა, ძალიან სტრესულ მდგომარეობაში უწევთ სამსახური ჩვეს ჯარისკაცებს საერთაშორისო მისიებში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ მათაც სჭირდებათ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია...

 

- ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი თქვენს მოადგილედ დაინიშნა. ეს აღქმულ იქნა,  როგორც თქვენი გაკონტროლების მცდელობა...

- ეს სპეკულაციაა. მაგ ლოგიკით, შეიძლება ითქვას, რომ მე დავუწესე ირაკლი ღარიბაშვილს კონტროლი, როცა ლექსო ბატიაშვილი დაინიშნა მის მოადგილედ. მე და ლექსო 25 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ჯერ კიდევ უშიშროების სამინისტროში მუშაობის პერიოდიდან. რეალობა ის არის, რომ როგორც ღარიბაშვილისთვის, ისე ჩემთვის, მთავარია პროფესიონალიზმი. ლექსო პროფესიონალი და წესიერი ადამიანია. მას ენდობა პრემიერ-მინისტრი, ვენდობი მე და ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წაადგება სამინისტროს.


 

ემა ტუხიაშვილი

გაზეთი „კვირის პალიტრა"

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016