ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს, მისთვის მისაღები იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელევიზია "აჭარის" ეთერში, გადაცემა "სამართალი ხალხისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ არჩევანს ქართველი ხალხი აკეთებს. ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს, ჩვენთვის მისაღები იქნება. ყველა კანდიდატს აქვს სურვილი გამარჯვების და ეს კარგია. მთავარია, რომ ეს ბრძოლა იყოს აბსოლუტურად წესიერი, გამჭვირვალე და ობიექტური. ყველას შევუქმნით თანაბარ პირობებს და ეს პრეცენდენტი პირველად საქართველოში მოხდება," - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ბედნიერია, რომ გიორგი მარგველაშვილი მის გუნდში აღმოჩნდა. ივანიშვილმა მარგველაშვილის ის დადებითი თვისებები აღნიშნა, რის გამოც ყოფილი განათლების მინისტრი პრეზიდენტობას იმსახურებს.
"ჩემი ანალიზით, პირველივე ტურში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს. ზოგჯერ შეურაცხმყოფელად მომაწერენ მე ან კოალიციას მარგველაშვილის პოპულარობას. ის ძალიან საინტერესო კანდიდატია. კოალიაციამ ერთხმად წამოაყენა გიორგის კანდიდატურა. მისმა პიროვნულმა თვისებებმა განაპირობეს ის, რომ გიორგი კოალიციის კანდიდატი გახდა. შემიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ბედნიერი ვარ, მარგველაშვილი ჩვენს გუნდში და საერთოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდა. ასეთი პიროვნება ძალიან საჭიროა, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს", - განაცხადა ივანიშვილმა.
"ზოგჯერ შეურაცხმყოფელია, როცა მარგველაშვილის პოპულარობას ან მე, ან კოალიციას მიაწერენ"