"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი კირთაძე, ქობულეთის გამგებლის, თენგიზ ზოიძის დაკავებას პოლიტიკურ აქტს უწოდებს.
როგორც პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გიორგი კირთაძემ განაცხადა, ქობულეთის გამგებელს 2007 წელს მრავალსართულიანი კორპუსების არასწორად შეღებვის საქმეზე სდებენ ბრალს.
"2007 წელს ქობულეთში, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მრავალსართულიანი კორპუსების შეღებვის საქმეზე დააკავეს. ბრალდება არის, რომ მან სამღებრო სამუშაოები არასწორად შეასრულა. ოფიციალურად მას უფლებამოსილების გადამეტება, ფულის გაფლანგვა და სამსახურეობრივი გულგრილობა ედება ბრალად", - აღნიშნა კირთაძემ.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" სურს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ თვითონ გააკონტროლოს ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაში სიტუაცია. კირთაძე მიიჩნევს, რომ ქობულეთის მაჟორიტარმა "ქართული ოცნებიდან", ფატი ხალვაშმა ხალხს დაპირება შეუსრულა.
"ქართულ ოცნებას" არ უნდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს იმ გარემოში, სადაც თვითონ ვერ აკონტროლებს ადგილობრივ თვითმმართველობას და უმრავლესობაშია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ეს არის პოლიტიკური აქტი, რომელიც ქობულეთში "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწყვეს. ეს არის პრემიერ-მინისტრის და თეა წულუკიანის დაპირება წინასარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით?!", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.
შეგახსენებთ, ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე დღეს დააკავეს.