საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნა დანაშაული არ არის, მაგრამ რამდენიმე პიროვნება უნდა დაისაჯოს.
"ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკაა. ინვესტიციები უნდა შემოვიდეს. ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს. სულ უკან ყურება, თუ ვინ რა გააკეთა და როგორ დავსაჯოთ - არ შეიძლება. დღეს ოპოზიცია ნაწილობრივ, სწორად მიუთითებს, ზოგიერთ შემთხვევაში, თუმცა მათ უფრო მეტი კონსტრუქციულობა მართებთ"- განაცხადა პრემიერმა.
ივანიშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ აგრესია დაივიწყოს. მან ქვეყნის მთავარი მიზნები დაასახელა და აღნიშნა, რომ დროა ქვეყანამ სხვა მიმართულებით დაიწყოს ხედვა.
„საზოგადოება გახლეჩილია და ნელ-ნელა უნდა შეხორცდეს და აღსდგეს. პრეზიდენტი ან "ნაციონალური მოძრაობა" დოგმატური არ უნდა იყოს. მთავარი სამიზნე ქვეყანა უნდა გახდეს. ეს სამშობლო ისევეა მათი, როგორიც ჩვენი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება. იყვნენ ისინი ოპოზიციაში, აკრიტიკონ ხელისუფლება და, რაც მთავარია, ნურც ერთ მხარეს ნუ დაავიწყდება, რომ ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს. უნდა დაისაჯოს ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ დარჩეს. ნელ-ნელა გაერთიანება, ერთ მუჭად შეკვრა უნდა მოვახერხოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.