„საკრებულოს თავმჯდომარედ ჩემმა კოლეგებმა ამირჩიეს. ყველამ ეს არჩევანი თავისი ღირსებითა და პატივით გააკეთა. მათგან მიღებულ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას ვეცდები, რომ ღირსეულად გავუძღვე", - განაცხადა საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში".
შიხიაშვილმა უარყო, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ მისი არჩევა წინასწარ დაგეგმილი იყო და აღნიშნა, რომ მისი ახალი თანამდებობა უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.
„მთავარი იყო, შექმნილიყო ერთობა. აქ არის ბევრი ფრაქცია, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მაგრამ ყველა ვართ კოლეგები, საკრებულოს წევრები. ეს არჩევანი საკრებულოს შიგნით მიღებული გადაწყვეტილება იყო."- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
შიხიაშვილი გულიკო ზუმბაძის იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მას შსს მინისტრის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილი, გენისპექციის უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი მფარველობდა. საკრებულოს თავმჯდომარემ დაადასტურა ჯანყარაშვილთან მეგობრობა, თუმცა განაცხადა, რომ მას საკრებულოს არჩევნებთან კავშირი არ აქვს.
შიხიაშვილის თქმით, გულიკო ზუმბაძის თანამოაზრე იყო ქალაქის მერი გიგი უგულავაც და მას უმცირესობის წარმომდგენლები კონკრეტული პირების „ნაციონალური მოძრაობიდან"„ქართულ ოცნებაში" ძალდატანებით გადაყვანაშიც ადანაშაულებდნენ.
„თითოეულმა ადამიანმა „ნაცმოძრაობა" თავისი გადაწყვეტილებითა და თავისი პრინციპებით დატოვა. ეს იყო კონკრეტულად მათი გადაწყვეტილება. ყოველ ადამიანს თავისი საწყაული აქვს თვის თავში. როდესაც ადამიანს არ მიაჩნია სწორად იმ პოზიციაში ყოფნა, სადაც არის, დგამს ნაბიჯს. რა თქმა უნდა, იყო ხელშეწყობა, იყო საუბრები, მაგრამ არ ყოფილა არანაირი ზეწოლა."- განაცხადა შიხიაშვილმა.
საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ ქალაქის მერს მიმართა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა. იმ შემთხვევაში კი, თუ გიგი უგულავას არ ექნება საკრებულოსთან თანამშომლობის სურვილი, შიხიაშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულო უფლებამოსილების დასაბრუნებლად იბრძოლებს და მერიას მოვალეობის შესრულებას მოსთხოვს.
„მე ბატონ გიგის თანამშრომლობის ხელს ვუწვდი და მზად ვარ, კანონის სრული დაცვით გავაკეთოთ ის საქმე, რაც ჩვენმა ამომრჩეველმა დაგვავალა. ისიც და ჩვენც, საკრებულოს მონაწილეები, ერთი და იმავე მოსახლეობამ აგვირჩია. შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვერცერთი გავექცევით."-აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.