reportiori.ge - ნინო დარსალია: „გორგიას“ 50 მილიონი ჩემია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:37
ინტერვიუ
ნინო დარსალია: „გორგიას“ 50 მილიონი ჩემია!
ავტორი:
09 დეკემბერი, 2013. 15:04

„რეპორტიორი" გთავაზობთ სკანდალურ და ექსკლუზიურ ინტერვიუს სამშენებლო კომპანია „გორგიას" ხელმძღვანელის გია გორგოშაძის ყოფილ მეუღლესთან ნინო დარსალიასთან.


- ქალბატონო ნინო, თქვენ სერიოზული და ამბიციური განაცხადი გააკეთეთ, როდესაც დახმარების თხოვნით მოგვმართეთ... რატომ 50 მილიონი? ეს პატარა თანხა არაა... რატომ გაშორდით გია გორგოშაძეს?

 

- დიახ, ეს ალბათ, ასტრონომიული ციფრია, მაგრამ „გორგიას" ქონება, მისი  პროდუქციის მარაგი 100 მილიონს აღწევს. ეს ბიზნესი მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ერთად ავაწყვეთ. გამოყენებული იყო ჩემი ურთიერთობები, ენერგია, თანადგომა და მათ შორის, საწყისი კაპიტალი, რომლის თანამონაწილეც ვარ...

 

- რას ნიშნავს ეს, თავის დროზე ფული ჩადეთ?

- არა, მე 2 კგ-მდე ოქრო მქონდა და მოტყუებით ეს ოქრო ჩამადებინა ბიზნესში. როდესაც ცოლად გავყევი, ჰქონდა ორი პატარა მაღაზია და საოფისე შენობის კარკასი. დღეს 100 მილიონი აქვს. მომიშორა და ქუჩაში დამტოვა. გია გორგოშაძეს, ბათუმშიც და თბილისშიც მას იცნობენ, როგორც ცნობილ გადამგდებს! რეპუტაცია ნულზე აქვს პარტნიორებთან! შეპირდება ვინმეს რამეს, მერე თავისას გაისწორებს და გადააგდებს. დიახ, ჩვეულებრივი  თაღლითია! ერთი პერიოდი „ნაციონალებს" აფინანსებდა... ფინანსურმა პოლიციამ დიდი დარღვევები უპოვა, თუმცა, დღესაც აგრძელებს სომხეთსა და აზერბაიჯანში მაქინაციებს...

 

- კონკრეტულად?

- 13 ლარს უფიქსირებს აზერბაიჯანელებს და სომხებს ტრანზიტის დროს მაგ. ონდულინს, იქ აჩვენებს პატარა მოგებას, სინამდვილეში 15-16 ლარად ყიდის - 1 ონდულინზე 2-3 ლარი „ქეშად" შემოაქვს თანხა. „გორგიას" ტრაილერები კვირაში რამდენჯერ გადიან აზერბაიჯანსა და სომხეთში დათვალეთ და გაიგებთ, რა თანხებს მალავს... ეს ერთი პატარა მაგალითია, დანარჩენზე აღარ ვსაუბრობ.

 

- „ნაციონალები" ბევრ ფულს ართმევდნენ?

- კი. ერთხელ მოვიდა და გამწარებული ჩხუბობდა, გურამ ვარშალომიძემ „დუშკაბინა" და უნიტაზი „ამახიაო"... ორი თვის მერე მოიტანა საპნიან-ბეწვიანი და შოურუმში დამიდგა - გამიყიდეთ და სხვა მომეცით, ეს აღარ მომწონსო (ეს „გორგიას" თანამშრომლებსაც ახსოვთ)... გამწარებული დახტოდა. ამის გარდა ხშირად აძლევდა „ნაციონალებს" ხან ფულს, ხან პროდუქციას. 5 ფირმა აქვს გახსნილი. ამ ფირმებით თამაშობს და ნაირ-ნაირ კომბინაციებს აკეთებს.

 

- დღესაც იგივეს აკეთებს?

- რა თქმა უნდა, ერთი ფირმა დაზე აქვს გაფორმებული, მეორე - მეორე ნათესავზე და ა.შ. ქონება სულ მამამისზე გადააფორმა, ზოგი დებზე, ზოგი სიძეებზე და ა. შ.

 

- თქვენ რატომ დაგშორდათ?

- ერთი პატარა, კონსულტანტი გოგო „შეახვია" და მეც „დამახურდავა". ის გოგო 20 წლით პატარაა, მაგრამ ფულმა მაგისთანები იცის? ამ ღატაკმა, პირტიტველა გოგომ, ამხელა ფული რომ დაინახა, უცებ ჩაუგორდა ლოგინში და მეც ასე დავრჩი ხის ქვეშ.

 

- დავიჯერო, არაფერი გაგიკეთათ?

- სახლიდან გასვლისას მითხრა, ყველაფერს გაგიკეთებო, მომატყუა და წავიდა. ჩემზე გაფორმებული სახლები, მიწები და ქონება, მათ შორის მანქანა „პრადო", შანტაჟით და ტყუილებით გადამაფორმებინა, ვითომ ფული უჭირდა და მეც რადგან შვიდი წელი ცოლი მერქვა, ვენდე და გადავუფორმე. ახლა ჩემი ადვოკატები სწავლობენ საქმეს და საჯარო რეესტრიდან ყველა მონაცემს დადებენ...

 

- „გორგიაში" ბევრი ადამიანი მუშაობს?

- კი, 200-მდე. აქაც საინტერესო დეტალია - მიიღებს საცოდავ კონსულტანტ გოგოებს გამოსაცდელი ვადით, ამუშავებს 200-300 ლარიან ხელფასზე, მერე გააგდებს.

 

- რატომ?

- როცა ვკითხე, მითხრა - თურქები ასე აკეთებენ და იაფი ჯდება ფირმის შენახვაო. „გორგიაში" სულ ასეა, სტაჟიან კადრს იშვიათად ნახავთ! სხვათაშორის, ჩამოიყვანა თურქი, ვიღაც „სემი", დირექტორად დანიშვნა და აგულავა ქართველ გოგოებზე. დიდი ხელფასიც მისცა. მოკლედ, „ტრეფიკინგის" კეთების გენიოსია გია გორგოშიძე!

 

-  ძუნწია, თუ გააბრაზეთ? რატომ არ მოგცათ წილი?

- საშინელი ძუნწია! ეს ყველამ იცის. მუშები საწყობში დახეულ ცელოფნებს აგროვებდნენ და იმ ფულით ფენოვან ხაჭაპურებს ყიდულობდნენ. დაიბარა და ამოატანინა ის ლარები. ეს რომ გავიგე, კინაღამ გავგიჟდი. კაცს ამდენი მილიონი ბრუნვა აქვს და ვერ კმაყოფილდებოდა ფულით!

 

- ამდენი ხანი რატომ იყავით ჩუმად? ახლა რატომ შეგაქვთ სარჩელი?

- მეგონა, აზრზე მოვიდოდა. თან, ჩვენი საერთო ნაცნობები მთხოვდნენ, აცადე, აზრზე მოვა და დაგეხმარებაო. თუმცა, ამდენი დრო ტყუილად დამაკარგინეს...

 

- არ გიცდიათ, თქვენი წილი ადამიანურად გეთხოვათ?

- როგორ არა, მაგრამ მემუქრებოდა, ღამის 3-4 საათზე ვიღაცეებს არეკინებდა „ქალი გამოძახებითო", რამდენი გინდაო, ვიღაც ბოხი ხმა მირეკავდა. მოკლედ, ჯოჯოხეთი გავიარე. ერთი პერიოდი, ფანჯრიდან გადახტომას ვაპირებდი, მაგრამ ალბათ, გონება მეყო, რომ ეს არ გავაკეთე.

 

- საერთოდ, არანაირი ბიზნესი არ გაქვთ?

- არა. 2-ოთახიანი ბინა წერეთელზე და 100 ათასი დოლარი ვითომ ბიზნესში ჩამიდო ერთ-ერთ, „მეოცნებე" დეპუტატ ქალბატონთან. ჯერ სამართალდამცავები მუშაობენ და გვარს არ ვამბობ, მაგრამ ამის დროც მალე მოვა! ძალიან მალე პრესკონფერენციასაც გავმართავ და ყველა ყველაფერს გაიგებს! სატელეფონო საუბრები უკვე ამოიღეს ჩემმა ადვოკატებმა...

 

- მერე, „მეოცნებე" დეპუტატმა რა ჰქნა?

- ქართულად „გადამაგდო" და მანდატზე მიმანიშნა, ვერაფერს მიზამო! ძალიან მალე პრესკონფერენციასაც გავმართავთ და ყველა ყველაფერს გაიგებს!

 

- ახლა რას აპირებთ?

- როგორც კი ჩემი ადვოკატები საქმეს დადებენ, დავჯდები პირდაპირ ეთერში და ყველაფერს მოვყვები! ან ბატონ ბატონ ღარიბაშვილს ვკითხავ - ამ დეპუტატებით აპირებს სამართლიანობის აღდგენას?

 

- ვინმეს სთხოვეთ დახმარება?

- კი, გია ხუხაშვილს! და ველოდები რეაგირებას. იმედია, გია ხუხაშვილი ამ ფაქტს უყურადღებოდ არ დატოვებს! მივწერე პარლამენტში „ოცნების" ყველა დეპუტატს - იქნებ დამეხმაროთ-თქო.

 

- რატომ „ოცნების"?

- არ მინდა ეს თემა სხვა პარტიებმა პოლიტიკურად გამოიყენონ!

 

- მითხარით „ოცნების" იმ ქაბლატონი დეპუტატის გვარი.

- ჯერ ამის დრო არაა. მალე, ღია ეთერში ვიტყვი ყველაფერს!

 

- ე. ი. თქვენ ორჯერ მოგატყუეს, ქმარმა და დეპუტატმა?

- ასე გამოდის. მაგრამ, გპირდებით, „გორგიას" 50 მილიონი ჩემი წილია!

 

- უცხოელ პარტნიორებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა გია გორგოშაძეს?

- ყველას ატყუებდა. ისინი ამას ხვდებოდნენ და ხშირად ურთიერთობა დაძაბული ჰქონდათ, მე ვანეიტრალებდი ხან საჩუქრებით, ხან სიტყვით...

 

- პროდუქცია კარგად ეყიდება?

- კი, არ უჩივის. სხვათაშორის, გრანიტი რადიაციულია. „გორგიაში" რომ დააგო, ბუზები კვდებოდნენ. ვუთხარი, საშიშია ხალხისთვის-თქო. ნეტა ერთი, მოგცლიაო. იაფი უნდოდა ყველაფერი და მთავარი იყო, დიდი ფული ეშოვა, ჯანმრთელობა რა მოსატანია...

 

- ფინანსურ პოლიციაში არ ფიქრობთ განაცხადოთ რამე?

- ალბათ, მომიწევს, რადგან მე ბევრი რამ ვიცი - მან რაც იცის და რაც არ იცის! ვნახოთ, სასამართლო პროცესები როგორ წავა.

 

- ხელი რატომ არ გაქვთ მოწერილი?

- არ მომიწერა. იმთავითვე ქონების გაყოფის ეშინოდა, ეშმაკურად წელა დრო. 50 კაცის ხელმოწერა მაქვს, პროცესზე ყველა დამიდასტურებს, რომ ჩემთან თანაცხოვრებისას შეიძინა ძირითადი ქონება და მიიმალა! ძალით ვაყიდინე თურქეთში სახლი, თანხები „გოლდ კარტით" შვეიცარიის ბანკში აგროვა. ახლაც კი, თავის ცოლს და ცოლის მცხეთელ ნათესავებს დიდ ქონებას უმალავს!

 

- რატომ?

- მანიაკია, გაუმაძღარი ტომარა და ცოტა ფსიქიურად გარეკილი. ახლა გათხრებს აწარმოებს ატენის ხეობაში, მგონი თამარ მეფის საფლავს და წიაღისეულს ეძებს. თურმე მთელი ატენი ამაზე ხალისობს.

 

- სასამართლოზე რისი იმედი გაქვთ?

- ღმერთის და სიმართლის. ყველამ ხომ იცის, რომ მე არაფერი მომცა. ტანსაცმელიც კი წამართვეს მისმა დებმა! ჭურჭელი და თქვენ წარმოიდგინეთ, ჯვრისწერის მოწმობაც კი დამიმალეს... მაგრამ ყველა საბუთი წესრიგში მაქვს... მე კი, მისი ტანსაცმელი და ოქროს ნივთები, ლამაზად ჩალაგებული,  მძღოლს გავატანე.

 

- რატომ მიეცით თავის დროზე ამდენი ოქრო, როგორ დაგარწმუნათ?

- ეჰ, სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ოლღაო, - ხომ გაგიგონიათ...

 

- გიყვარდათ?

- ძალიან...

 

- ახლა?

- ახლა მეცოდება, ვიცი, რაც ელოდება და მაინც მეცოდება...

 

- კარგი არაფერი გახსოვთ?..

- თითქმის არაფერი...

 

- ბაზარზე კონკურენტები თუ ჰყავს?

- კი.  „დე მასი", „ელჩანა", „თაბე" და ა.შ. მათზეც ამბობდა, უნდა მოვიშორო და მარტო უნდა ვიყოოო... შეაგზავნიდა ვინმეს მათ ფირმაში და მერე ერთობოდა, ფასებით ეთამაშებოდა.

 

- არ უცდია დაგლაპარაკებოდათ?

- კი, ცოლი რომ მოიყვანა, ის პირტიტველა საცოდავი გოგო ფულის გამო რომ გაყვა, დამირეკა და პატიებას მთხოვდა, ახლობლებს აბრალებდა. შემირიგდი, შევცდიო... თურქეთიდან მირეკავდა, ის ჩანაწერიც მაქვს. მე აღარ ვაპატიე და წერტილი დავუსვი! ის გოგოც გააუბედურა.

 

- ახლა რას აპირებთ?

- დიახ, სასამართლო პროცესები დაიწყება და ამ ყველაფერს, ალბათ, ექსკლუზიურად  მოვყვები და მთელმა საქართველომ უნდა ნახოს, როგორი არ უნდა იყოს კაცი! გია გორგოშაძე ამის მაგალითია!

 

- რა ქონება შეიძინა თქვენი თანაცხოვრების დროს?

- ბათუმის საკონსერვო ქარხანა, სახლმშენებელი კომბინატი, წერეთელზე 3000 მ2 ოფისი, მიწები დიღმის გასასვლელში, სახლები, როგორც თბილისში, ისე ბათუმში, სახლი თურქეთში და ა.შ. ეს ყველაფერი რომ მიემალა, მამაზე გადააფორმა, დაზე, სიძეზე და ა.შ.

 

- ე.ი. ჭკვიანი ყოფილა.

- რად უნდა ფული? ხელფასი რომ არ მოემატებინა, ბევრი ადამიანი გააგდო სამსახურიდან. კომპანიაში არცერთ გაჭირვებულს არ დახმარებია, ან ოპერაციაზე, ან ჭირში, ან ლხინში. რისთვის უნდა ფული? სხვათაშორის, ერთმა თანამშრომელმა ჰკითხა  - რად გინდა ფულიო. ეს ყველაზე მაგარი ფრაზა იყო, მასთან ცხოვრების პერიოდში...


უგულავა ხალხის დასაქმებას სთხოვდა. ათეულობით ადამიანს დასაქმების სანაცვლოდ ფული გადაუხადა და ამით დაიძვრინა თავი. ამბობდა, ასე მირჩევნია, ერთჯერადი ჭირი მოვიშოროო. საკმაოდ კარგად იყო უგულავასთან...


ინვოისებისა და რეალური მასალის გაყალბებით შოულობდა და ატრიალებდა შავ ფულს. ამის არაერთ მეთოდს ფლობს ბრწყინვალედ. საბაჟოზე და ხოფის ოფისის თანამშრომლების მეშვეობით ახერხებდა ამ ყველაფერს. ბენზინის თემა ცალკე სალაპარაკოა, მაგრამ მართლა სირცხვილია.

 

- ნარკოტიკები?

- არა, მაგ ცოდვას ვერ დავიდებ და ტყუილს ვერ გეტყვით... რამდენადაც ვიცი, მას ნარკოტიკებთან შეხება ნამდვილად არ ჰქონია! სამშენებლო მასალებს - იაფფასიან უხარისხო მილებს მყიდველს ძვირად ასაღებდა. ჩინეთიდან შემოტანილი რადიაციული გრანიტით დაწყებული, ყველა ბიზნესში სარგებელს ნახულობდა და გიმეორებთ - იაფფასიანი საქონლის გასაღებით შოულობდა ფულს. მეტიც - ბათუმში კარგად იციან - ორი კორპუსის მცხოვრებლებმა მილები უკან მიუბრუნეს.

 

- პარტნიორებსაც ატყუებდა?

- ჰყავდა ერთი პარტნიორი - სახელად ჟანი. გვარს ახლა შეგნებულად არ ვასახელებ. მეტიც: მე ვურეგულირებდი ურთიერთობებს! დამწვარ სკოლას კრამიტი არ მისცა და მეტი რაღა უნდა გითხრათ? მომკითხავი არც სახელმწიფო იყო და არც სხვა! ატყუებდა ფირმა „კუტახიას"! 500% ფასნამატი იყო და რა გაიყიდებოდა? ამაზე ატეხეს ამბავი ამ „კუტახიას" მფლობელებმა. საქონელი ჩაუწვათ და აბა, 500%-იანი ფასნამატით რას გაყიდდნენ. ეს ურთიერთობებიც მე დავალაგე! ჩემდა საუბედუროდ...


ჟანი იმიტომ გადაირია, რომ ამ დიდი ბრენდი კომპანიების ავტორიტეტი ეცემოდა. „მარშალი" რომ არის, საღებავების ფირმა... მათ ფასი დაუწესეს, ამან კი იღორა, საღებავი შეიტანა და ფასი მაინც გაზარდა. ამაზე გაგიჟდა „მარშალი"...

 

- აღიარებს, რომ ცოლი იყავით?

- კი, მაგას ვერ დამალავს. ჯვრისწერის საბუთიც მაქვს და ფოტოებიც, კიდევ ბევრი სხვა რამ, რასაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით...

 

- ძველ ხელისუფლებაში ვისთან მეგობრობდა?

- მასთან მეგობრობა შეუძლებელია! მეგობარი, ფაქტიურად, არ ჰყავს. კეზერაშვილს აგინებდა ყოველდღე დედას, ვარშალომიძე ბათუმში არ მასვენებს და კეზერაშვილი თბილისშიო...



 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016