"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს დაგეგმილ პრაიმერთან დაკავშირებით შსს-ს მიმართავს. "როგორც ცნობილია, 27 ივლისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" ტერიტორიაზე იმართება "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო პრაიმერი, რომელშიც პარტიის 1000-მდე აქტივისტი მიიღებს მონაწილეობას. პარალელურად პარტია "თავისუფალი საქართველოს" მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმავე პერიოდში წერეთლის გამზირზე, "ექსპო-ჯორჯიას" მიმდებარედ იგეგმება აქციის გამართვა. "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოხსენებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების მიღების თხოვნით, რათა თავიდან იყოს აცილებული შესაძლო პროვოკაციები", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ამასთან, "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაში" იმედს გამოთქვამენ, რომ როგორც შსს-ს წარმომადგენლები, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიების წევრები და აქტივისტები იმოქმედებენ კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ დაფიქსირდება სიტუაციის ესკალაცია.