უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საზოგადოებას მოუწოდებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი პრაიმერიზის პარალელურად დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე კონსტიტუციით დადგენილ ჩარჩოებს არ გასცდეს. "დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპია, მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეკრებებზე გამოთქვან თავიანთი პოლიტიკური შეხედულება და მანიფესტაციების საშუალებით საჯაროდ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა უფლებების დაცვა ცალმხრივად, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ვერ მოხერხდება. ქვეყნის ინტერესების დასაცავად, აუცილებელია საზოგადოება არ გასცდეს კონსტიტუციით დადგენილ ჩარჩოებს და შეკრებას ძალადობრივი ხასიათი არ მისცეს. "ახალგაზრდა ადვოკატები" ითვალისწინებენ 20-21 ივლისს ბათუმსა და ზუგდიდში გამართული წინასაარჩევნო კამპანიისას მომხდარ შემაშფოთებელ ფაქტებს და თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე, საზოგადოებას ძალადობრივი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზაცია თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, არ დაივიწყონ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ბოროტად გამოყენება დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს", - ნათქვამია "ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებაში.