ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა. "მზად ვარ ვითანამშრომლო იმ კონფიგურაციის საკრებულოსთან , რა კონფიგურაციითაც ის დალაგდა. ეს საკრებულოს პრეროგატივა იყო და მათ ამ ფორმით გადაწყვიტეს მმართველობა. ურთიერთობის პრობლემას ვერ ვხედავ. საჭიროების შემთხვევაში ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მზად ვარ შევხვდე კიდეც", - აღნიშნა უგულავამ. თბილისის საკრებულოს ახალ თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილზე კი , უგულავა აცხადებს, რომ მას შრომატევადი სამუშაოს წარმოება მოუწევს. "შიხიაშვილს კარგად ვიცნობ. ის "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრი იყო. მას საკრებულოს 47 დეპუტატიდან მხოლოდ 24-მა დაუჭირა მხარი, ამიტომ შრომატევადი სამუშაოს ჩატარება მოუწევს იმის დასამტკიცებლად, რომ თანამდებობაზე შესაფერისი კანდიდატია. მე ჩემი შეხედულება მაქვს იმ ხალხზე, რომლებიც მუდმივად იცვლიან პარტიებს და მიმაჩნია, რომ ქართული პოლიტიკისთვის მედროვეობა ერთ-ერთი ყველაზე მანკიერი რამაა, თუმცა ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ახალი კონფიგურაციის საკრებულობასთან ურთიერთობის პრობლემა არ იქნება", - აღნიშნა უგულავამ.