თბილისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილმა 26 მაისის საქმეზე პროკურორების აცილება მოითხოვა. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, ამ პროცესზე წარმოდგენილ არცერთ პროკურორს დელეგირების დამადასტურებელი ცნობა არ გააჩნიათ, რის გამოც მათი აცილება უნდა მოხდეს.
მოსამართლის კითხვამ თუ რა მუხლზე დაყრდნობით აყენებდა შუამდგომლობას მსჯავდებული, მათ შორის პოლემიკა წამოჭრა.
„ხელისუფლების მხრიდან თქვენ ცუდ მდგომარეობაში ბრძანდებით, ამ საქმეს გაეცნო კბილაშვილი, ნაცვლიშვილი და მწარიაშვილი, რომლებიც გამოიყენეს და შემდეგ მოისროლეს. ახლა ხელისუფლება თქვენს გამოყენებას შეეცდება და თქვენ შეგახოცავენ ხელს, ზეწოლას ვერ გაუძლებთ, თუმცა თქვენც კი ვერ გამოიტანთ გამამტყუნებელ განაჩენს, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ამ საქმეზე მოწმე, რომელიც ჩემს დანაშაულს დაამტკიცებდა. დღეს რომ 26 მაისი იყოს, ყველაფერს გავაკეთებდი ზუსტად ისე, როგორც 2011 წლის 26 მაისს გავაკეთე, გავცემდი იგივე ბრძანებებს",- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომ მოსამართლის მიმართ გაკეთებული განცხადება სუბიექტური და უსაფუძვლოა.
დაცვის მხარის შუამდგომლობას პროკურორების აცილების შესახებ ბრალდების მხარე შეეწინააღმდეგა, რის საფუძველზეც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.