reportiori.ge - ვალერი გელბახიანი: თუ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში მობრუნდნენ, ანგარიშსწორება მერე ნახეთ!!!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:35
პრეს-დაიჯესტი
ვალერი გელბახიანი: თუ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში მობრუნდნენ, ანგარიშსწორება მერე ნახეთ!!!
ავტორი:
13 დეკემბერი, 2013. 22:18

ყოფილი დეპუტატი, იურისტი ვალერი გელბახიანი „ალიასთან" ინტერვიუში ამ და სხვა საფრთხეებზე საუბრობს და ხელისუფლებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

 


„ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ სიტუაციას იმ დონეზე დაძაბავს, რომ გამორიცხული არ არის, სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველოში კიევის სცენარი გადმოიტანონ. ისინი ჯერ ღია კარს ამტვრევენ და ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერით არიან დაკავებულნი. ამის მაგალითია ჯაჭვლიანის ემოციური რეაქცია „ნაციონალებისა" და გიორგი ბარამიძის მიმართ, რომელიც ჯაჭვლიანის საუბრისას თითს საფეთქელთან იტრიალებდა. „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო!" - ბარამიძისადმი ეს დამსახურებული ფრაზა გახდა იმის მოტივაცია „ნაცებისთვის", რომ ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი პრორუსობაში დაადანაშაულონ. ჯაჭვლიანის ინციდენტი უკვე მონათლეს იმ პროვოცირებულ ჩხუბად, რომლის მიზანიც იყო რუსეთისთვის ყველაზე არასასიამოვნო ფაქტის გადაფარვა, რომ თითქოს ახალი ხელისუფლება მხარს არ უჭერს კიევში მაიდანზე მდგომ ხალხს, „ნაციონალები" არიან პროგრესულები და „ოცნება" - რეგრესული.



ჯაჭვლიანს დააბრალეს, რომ პროვოკაცია შეიცავდა კუთხური შუღლის პირდაპირ გზავნილებს, არადა, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ტრაბახობდა ბარამიძე, სვანები „დავაჩმორეო". თუმცა დღეს „ნაციონალები" ამ ფაქტსაც სათავისოდ იყენებენ, „ოცნებას" ჩხუბშიც ვუგებთ და რაც მთავარია, პოლიტიკურად იმდენად სუსტები არიან, როდის წავიდნენ პროვოკაციაზე, ისიც არ იციან, დაგვიანებული რეაქციები აქვთო. „ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო განცხადებას აკეთებს და მოითხოვს, უმკაცრესად დაისაჯოს ჯაჭვლიანი. საკუთარ დანაშაულებრივ წარსულზე არც ერთ უტიფარ „ნაციონალს" პასუხისმგებლობის აღება არ სურს. თუკი ხელისუფლება მკაცრ ზომებს არ გაატარებს დანაშაულებრივი რეჟიმის მონაწილეების მიმართ, არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილმა, რომელიც დღეს ყალიბდება, როგორც კავკასიის რეგიონში ერთადერთი დასავლური ლიდერი და კულუარებში ძალიან სერიოზულ მუშაობას აწარმოებს დასავლურ პოლიტიკურ ელიტასთან, როგორმე ისინი დაარწმუნოს, რომ ახალი ხელისუფლება არ არის ჯანსაღი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, საქართველო ბოლომდე გაიყვანოს ევროპულ გზაზე და ის მაინც რუსეთისკენ იხრება. მას შესაძლოა, დასავლეთმა კიდევ ერთხელ აუნთოს მწვანე და საქართველოში კიევის სცენარი განმეორდეს.



- „ნაციონალები" საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და ჯაჭვლიანის ინციდენტში რუსეთის სპეცსამსახურების გავლენას ხედავენ. ის, რომ დამნაშავე პარტია ამდენს ბედავს, ვისი და რისი ბრალია?

- „ნაციონალებს" მორალურ-ზნეობრივი სიმაღლეები რომ არ გააჩნიათ, ფაქტია, რაც მათი მოგონილია, იმას სხვებს აბრალებენ. მთელი 9 წელი რას აკეთებდნენ, გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებებს ლახავდნენ, უკანონობას აკანონებდნენ, ადამიანებს სულს ხდიდნენ. ამის გარდა, მათგან ქართველ ხალხს რამე დაამახსოვრდა?.. ცემა-ტყეპა და პროვოკაციები მათი მოგონილია, პეტრე ცისკარიშვილმა დავით საგანელიძეს კასტეტი რომ ჩაარტყა, ამის გამო ცისკარიშვილი დაისაჯა?... გიორგი ბარამიძემ ნოდარ გრიგალაშვილს რომ უთავაზა, პასუხი აგო?... კირკიტაძემ რომ ცაგარეიშვილი სცემა, საყვედური ამის გამო ვინმემ უთხრა?.. რა სტანდარტი დაამკვიდრეს ასეთი, რაც „ნაცების" პარლამენტში არ ხდებოდა და ახლა ხდება?.. თუ ჩვენ შევეგუეთ, რომ „ნაციონალებზე" ხალხს აღარ აქვთ აგრესია, რომ „ნაციონალები" გმირის წოდებას ითხოვენ იმის გამო, რაც 9 წლის მანძილზე აკეთეს, გამოდის, რომ უარესებს ხელისუფლებაში მოსვლისას სხვა გააკეთებს. თუ „ნაციონალებს" მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ, აი, ანგარიშსწორება მერე ნახეთ თქვენ!.. იცით, რას გეტყვით? ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, სამართლებრივად შეუფასებელი დარჩეს მათი ჩადენილი ქმედებები...

 

 

- გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ დღესაც იგივეს გაიმეორებდა, ამოწყვეტდა აფრასიძეებს პატარა ბავშვის თვალწინ, რაც გააკეთა, მაგრამ მას არცერთი ჟურნალისტი არ ეკითხება, როგორც პროდასავლელ პოლიტიკოსს, რატომ მიმართა არაადამიანურ და მსოფლიოში აკრძალულ მეთოდებს? საფრანგეთში მოღვაწე ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე საინტერესო ამბავს იხსენებს: ტერორისტ მუჰამედ მერას ფრანგმა სამართალდამცავებმა როგორ შემოარტყეს ალყა და სამი დღის მანძილზე ცდილობდნენ მასთან მოლაპარაკებას. მერა მოლაპარაკებაზე დასთანხმდა, თუმცა თავი მოიკლა. მაშინ, როცა სნაიპერებით გარშემორტყმული იყო მისი საცხოვრებელი, არცერთს ტყვია არ გაუსვრია. როგორც იურისტი, სამართლებრივად ამას რა შეფასებას მისცემთ?


- კი ბატონო, აფრასიძეები იყვნენ კრიმინალები, მაგრამ საქმეც ის არის, რომ მისი კრიმინალობა არ ნიშნავს მიხვიდე, დაბომბო და 1200-კაციანი სპეცრაზმით ებრძოლო დამნაშავეს. აი, აქ არის დანაშაული ჩადენილი. შენ დამნაშავეებს პროპორციული მეთოდებით უნდა ებრძოლო და არა იმიტომ, რომ გაანადგურო, გაჟლიტო, დაუშვებელია საჯარისო ფორმირებები გამოიყენო იმისთვის, რომ ერთი ადამიანი გაანადგურო. აბა, ამიხსენით, რაღას ნიშნავს ოპერატიული საქმიანობა. ამიტომ ბარამიძეს სულაც არ უნდა ეტრაბახებოდეს, რომ კრიმინალის ლიკვიდაცია მოახდინა, პირიქით, სწორედ ეს ლიკვიდაციის ფაქტი უნდა შეფასდეს, იყო თუ არა სხვა საშუალებები, რომ აღკვეთილიყო მისი დანაშაულებრივი საქმიანობა, ის უნდა ყოფილიყო დაპატიმრებული და არა ლიკვიდირებული. კრიმინალის განადგურება ყველაზე იოლი გზაა, არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი ოპერაცია ღირსეულად არ შეფასდება, კრიმინალის ლიკვიდაციას ეძახიან წარუმატებელ ოპერაციას. ვიმეორებ, ბარამიძეს საამაყო არაფერი აქვს და მას ამ კონტექსტში აქვს დანაშაული ჩადენილი. ამიტომაც რეაქცია მის არაადამიანურ ქმედებას აქვს და არა იმას, რომ კრიმინალებს ებრძოდა. აფრასიძე რომ დაეჭირა, ან მასთან რომ რაიმე ტიპის ოპერატიული მუშაობა ეწარმოებინათ, ხმას არავინ ამოიღებდა. მაგრამ მეორე საკითხია, ჰქონდა თუ არა ბარამიძის მიერ განხორციელებულ ვანდალურ სპეცოპერაციას პოლიტიკური დატვირთვა, უნდა დაეშინებინათ თუ არა სვანეთის მოსახლეობა.



იმისთვის, რომ მოასახლეობა დაეშინებინათ და დაემორჩილებინათ, განახორციელეს უსაშინლესი სპეცოპერაცია. ამიტომ, „ნაციონალებს" ნუ უკვირთ მათ მიმართ ასეთი აგრესია და ემოცია. მე ვამართლებ ჯაჭვლიანს და სხვა დეპუტატებს. პოლიტიკოსს აქვს თმენის ვალდებულება და კარგია თავშეკავება, მაგრამ, როცა ხედავ, რომ „ნაციონალების" უტიფრობას საზღვარი არა აქვს, შეუძლებელია დარჩე თავშეკავებულად.

 

 

- როგორ ფიქრობთ, რატომ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა", უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მოარგოს თავის პოლიტიკას.

- იცით, რა მიკვირს? როგორ შეიძლება ევროპულ ინტეგრაციაზე ილაპარაკოს იმ პარტიამ, რომელმაც უკანონობა კანონად აქცია, პროკურატურასა და სასამართლოს სადამსჯელო ინსტრუმენტად იყენებდა და ეს ადამიანები დღემდე ინარჩუნებენ წამყვან პოზიციებს. უზენაეს სასამართლოში ცხვირს ვერ შეყოფ, დღემდე საშინელებებს სჩადიან, სასამართლო არ დასჯის „ნაციონალს", იმიტომ, რომ დღემდე მათ კორპუსშია... ის არ არის ხალხის სამსახურში. ვიდრე ძირფესვიანად არ შეიცვლება პროკურატურისა და სასამართლოს შემადგენლობა, რა ევროინტეგრაციაზეა საუბარი?.. არასწორად მიდის პროცესები, უკვე ღიად საუბრობენ, რომ შეეცდებიან საქართველოში დარჩეს მხოლოდ ორი პარტია, დანარჩენებს მოუსპონ არსებობის საფუძველი. ამიტომ არ იცვლება არც საარჩევნო კანონმდებლობა, არც საპროცესო კანონმდებლობა... ეს წრედი შექმნილია იმისთვის, რომ ამ ორმა პარტიამ, როცა მოილაპარაკებენ, დაადგინონ მართლწესრიგი ისე, როგორც უნდათ, რომ სხვა არ გააჭაჭანონ არც ერთ არჩევნებში. ხელისუფლება არ ცდილობს, რომ ეს ეჭვი გაფანტოს, რადგან ამას ექსპერტები ლაპარაკობენ, საზოგადოება და როცა საერთო აზრი ასე ყალიბდება, იმ აზრის წინააღმდეგ ბრძოლა თავისთავად დანაშაულია. აქედან გამომდინარე, ეს თამაშის წესები უნდა მოისპოს. ის სპექტაკლები, თითქოს ერთმანეთს უპირისპირდებიან, შედეგში არ არის გამოხატული. რაც შეეხება ემოციებს, რაც ჰქონდა ჯაჭვლიანს, ამისგან თავს ვერ დაიზღვევენ და მას „გამოხტომებს" დაუძახებენ, მაგრამ მთავარი, ის „წითელი ხაზი", რაც გადის მათ შორის, არის ის, რომ შეხმატკბილებულები არიან. მიდის ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბების მცდელობა, ამ სისტემას ევროპა და ამერიკაც მხარს დაუჭერს, თუ რაიმე პრორუსული ელემენტია კოალიციაში, იზრუნებენ მის გარიყვასა და განადგურებაზე და ჩვენ საქართველოში მივიღებთ ამ ორი პოლიტიკური ძალისგან მართულ პროცესებს და სულ ისინი იქნებიან ადგილობრივ არჩევნებშიც, საპარლამენტო არჩევნებშიც.



თუ ჩვენ ქართველ ხალხს სწორ ინფორმაციას მივაწოდებთ და ხელისუფლებას გავაფრთხილებთ, რომ ამ ნაბიჯებით სიარულს შეიძლება მოჰყვეს ცუდი შედეგები, ასეთ შემთხვევაში შეიძლება პროცესი შეჩერდეს. ამ პროცესებს გინდა მარჯვნიდან შევხედოთ და გინდა მარცხნიდან, საქმე ასე იქნება: თუ პარტია „ქართული ოცნება" გაძლიერდება და კოალიციაში შემავალ სუბიექტებს - „რესპუბლიკელებს", ალასანიას პარტიასა და სხვებს გაემიჯნება, ისინი მოძებნიან ადგილს „ნაციონალურ მოძრაობაში" და ყველა შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ორ პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, უკრაინასთან დაკავშირებით, ერთი რამ ცხადია, სააკაშვილი გამოიყენებს ყველა პრორუსულ მოვლენას თავის სასარგებლოდ, უკრაინაში რომ არ ყოფილიყო ამერიკული და ევროპული ინტერესი, ის მაინც შეეცდებოდა ამ პროცესებში თავისი როლი გაეზარდა. მან გარანტიები აიღო დასავლეთის პოლიტიკური ელიტისგან უსაფრთხოებაზე და ისე ჩავიდა უკრაინაში. ეს ერთობლივი ღონისძიებები შესანიშნავად გამოიყენა სათავისოდ სააკაშვილმა, მან თავი წარმოაჩინა არა მარტო რევოლუციის შემოქმედად, არამედ კავკასიურ ლიდერად, „ნაცმოძრაობა" ჩაიყვანა და პროცესებში მონაწილეობა მიაღებინა. ამით დაანახვა უკრაინის ოპოზიციას და საზოგადოებას, როგორც თქვენს გვერდით ვდგავართ, ასევე თქვენც უნდა დადგეთ შემდგომში ჩემს გვერდითო.



რაც საქართველოში შემდგომში განვითარდება, სააკაშვილი მოგვევლინება ლიდერად და მოუწოდებს დასავლურ პოლიტიკურ ელიტას, ასევე უკრაინელებს, დადგნენ მის გვერდით. სააკაშვილი გახდება საქართველოში ქუჩის პროცესების ლიდერი და საერთაშორისო სამყარომ ეს უნდა მიიღოს ჩვეულებრივ მოვლენად, როცა უკრაინას დასჭირდა, ის ჩავიდა და თუ ახლა საქართველოს დასჭირდება, მის გვერდით უნდა დადგნენ. სააკაშვილი აპირებს, როგორც ოპოზიციური ლიდერი დაბრუნდეს საქართველოში და წამოიწყოს ქუჩის აქციები. ეს არის მისი პირდაპირი მცდელობა, მოამზადოს თავისი თავი ამ მოვლენებისთვის, უკრაინა იყო მისთვის შესანიშნავი საშუალება, თავი წარმოეჩინა არა როგორც ექსპრეზიდენტი, არამედ როგორც კავკასიის ლიდერი, რომელიც იბრძვის ევროინტეგრაციისთვის და ებრძვის რუსეთის ინტერესებს.

 

 

- რა შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რასაც სააკაშვილი გამოიყენებს და შეეცდება, რომ ქუჩის მართული პროცესები წამოიწყოს.

- ჩვენ გველის რუსეთთან მწვავე ურთიერთობები, თუ რუსეთს გაუვა უკრაინასთან. ოლიმპიადის გამო ჯერ თავს იკავებს, მაგრამ, როგორც კი ოლიმპიადას დაასრულებს, რუსეთი გამოავლენს თავის ხისტ პოლიტიკურ ნებას. რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ მისი ნაბიჯები იქნება უმწვავესი, ამიტომ ჩვენ არ ვიცით რა მოჰყვება რუსეთის აგრესიას ხელისუფლების მხრიდან, დათმობს პოზიციებს თუ არა, წავა მოლაპარაკებაზე, არ წავა, ეს დიალოგი იქნება ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. რუსეთს ცხოველი ინტერესი აქვს საქართველო გახდეს ევრაზიული კავშირის წევრი, რადგან საქართველოში დევს სწორედ კავკასიის გასაღები, საქართველოს გარეშე კი აზრს კარგავს კავკასიის შეყვანა ევრაზიულ კავშირში, ამიტომაც მგონია, რომ უფრო მეტად გამწვავდება საქართველოში პროცესები რუსეთის მხრიდან, ვიდრე უკრაინაში.



ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, წავა გამწვავების გზით, ამას სააკაშვილი მაინც გამოიყენებს, დათმობს პოზიციებს, ამასაც უფრო მეტად გამოიყენებს. ორივე შემთხვევაში, სააკაშვილი პროცესებში ჩაერთვება და სათავისოდ მოირგებს იმისთვის, რომ მას მიეცეს მორალური უფლება, როგორც პოლიტიკური ლიდერი, ქუჩაში გამოვიდეს და აქციები გამართოს. „ნაციონალები" დღეს ზეიმობენ, რა პროცესიც მიდის უკრაინაში. უხარიათ, რომ საქართველოს ბიუჯეტში ამხელა გარღვევაა, ასევე უხარიათ, რომ შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკამ კატასტროფა განიცადოს. ეს პროცესები, რა თქმა უნდა, მათთვის სასარგებლოა, სასამართლო ხელისუფლება მათ ხელშია, ძალაუფლებიდან ისინი არ წასულან, ადგილობრივ აგჩევნებამდე თბილისი ხელში უჭირავთ, კითხვა რომ დავსვათ - რაში წააგეს „ნაციონალებმა"? გიპასუხებთ - არაფერში... პასუხისმგებლობა აჰკიდეს „ოცნებას", დაუტოვეს გაფუჭებული საქმეები, ახლა ისინი ყველა მექანიზმს აამუშავებენ, რომ პროცესი ქუჩამდე მივიდეს, თორემ არჩევნების პროცესით ისინი რომ ვერ მოიგებენ, თვითონაც კარგად იციან. მთავარია, ხალხი როგორ მიიღებს ამ პროცესებს. ამ შემთხვევაში ისინი აამუშავებენ სხვა სცენარს, თუკი დაინახავენ, ხალხი მათ არ გაჰყვება, გამოიყენებენ სხვა ძალებს და სხვა პოლიტიკური ძალებით დაიწყებენ ქუჩის პროცესების მართვას. თუ პროცესები გამწვავდება, ჩვენ დავინახავთ, რომ კოალიციის შიგნით რამდენიმე პარტია იმაზე მეტად რადიკალი იქნება, რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში პროდასავლური რადიკალების სახით. ასე რომ, კოალიციას ძალიან გაუჭირდება ერთიანობის შენარჩუნება, რადგან ისინი დღესაც არ არიან ერთიანები. ჩვენ ვხედავთ, როგორი შიდაბრძოლებია ერთმანეთში. ვაპირებ, ღია წერილი გავუგზავნო მთავრობას, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ესკალაციისკენ არ წავიდეს პოლიტიკური პროცესები.


 

 ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016