ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქობულეთის გამგებლის, თენგიზ ზოიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც დაკავებულის ადვოკატმა რამინ პაპიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა , თენგიზ ზოიძე უკანონოდაა დაკავებული, რადგან სასამართლოს განჩინება მისი დაკავების თაობაზე საქმეში არ არსებობს. ადვოკატის თქმით, ზოიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიიჩნევს, რომ მის დაკავებას პოლიტიკური საფუძვლები აქვს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 7-დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე 26 ივლისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.