დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. წმინდა ნიკოლოზი სასწაულმოქმედ და საქართველოს ეკლესიის მფარველ წმინდანად ითვლება, მან სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა.
მარტო თბილისში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ხუთი ეკლესიაა.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს და 22 მაისს ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ქალაქ ბარიში გადასვენების დღეს.
წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის პათარში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს - თეოფანესა და ნონას - შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, მათ აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. უფალმა მათი ლოცვა შეისმინა და ნონას ვაჟი ეყოლა, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. წმიდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული, მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო. ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ ღებულობდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებნდენ.
ნიკოლოზი სიყრმიდანვე საღვთო წერილით იზრდებოდა. წმიდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც მეტად ახარებდა ძმისწულის სულიერი წინსვლა და ღვთისმოშიშება, ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღდვლად აკურთხა.
მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და 345-351 წლებში გარდაიცვალა. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა.
1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარიში გადაასვენეს.