reportiori.ge - რას ურჩევენ მთავარ პროკურორს სამართლიანობის აღდგენის დასაჩქარებლად?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:53
პრეს-დაიჯესტი
რას ურჩევენ მთავარ პროკურორს სამართლიანობის აღდგენის დასაჩქარებლად?
ავტორი:
20 დეკემბერი, 2013. 14:42

ვანო მერაბიშვილის საეჭვოდ სკანდალურ განცხადებას, თითქოს ის საკნიდან ტანსაცმელგადაფარებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიიყვანეს, სადაც მთავარმა პროურორმა ფარცხალაძემ „აკაჩავა", ხელისუფლების საეჭვო დუმილი და თავის მართლება მოჰყვა. ამ თემაზე ისინი გამოძიების ჩატარებას არ აპირებენ, მაგრამ ამ თემის გაბათილება ვერ შეძლეს, ეს ცუდია... მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი იმაზე მეტს იმსახურებს, ვიდრე მას ფანტაზიაში წარმოუდგენია - ადამიანის წამება და მისი ღირსების დამცირება, რომლის ერთ-ერთი „არქიტექტორი", სააკაშვილთან ერთად, თავადაც იყო, ახალმა ხელისუფლებამ იმ გზით არ უნდა იაროს, რაც წინა ხელისუფლების მარცხის მიზეზი აღმოჩნდა. ახალი ხელისუფლება მეტად გახსნილი უნდა იყოს და საზოგადოების ყველა კითხვას აკმაყოფილებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, გარკვეული პერიოდის შემდეგ „ნაციონალებმა" უფრო დიდი მახე დააგონ.


გიგი უგულავამ უკვე გააჟღერა, რომ შესაძლოა, თვით ევროკავშირმა თქვას საქართველოზე უარი. ხელისუფლება შეფარვით საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, ვითომ ევროპისკენ ისწრაფვის, მაგრამ რეალურად რუსეთისკენ იხრებაო. ცხადია, „ნაციონალების" ამ ეჭვს კიდევ უფრო გაამძაფრებს ვლადიმერ პუტინის განცხადება, როგორ უყვარს ქართველი ხალხი და რომ ახალ ხელისუფლებასთან პრეტენზიები არ აქვს, „მიშკა" იყო ერთადერთი ქართველი ხალხისა და რუსეთის პრობლემა და სულ მალე, შეიძლება ვიზებიც გავაუქმოთო. სოჭის ოლიმპიადამდე პუტინის „სასიყვარულო მესიჯები" გასაკვირი არ უნდა იყოს, თუმცა რა საფრთხეების წინაშე დავდგებით ადრიან გაზაფხულზე რუსეთის მხრიდან, ეს კიდევ ცალკე თემაა. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ხელისუფლება ვექტორს ჩრდილოეთზე გაასწორებს, „რეფორმებზე მომუშავე" მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ნიუ-იორკიდან შემოგვითვალა, რომ ამერიკაშიც საქართველოს რეფორმებზე მუშაობს, არ არის გამორიცხული, დასავლეთმა სამხრეთ კავკასიაში ახალი მისიით გამოგზავნოს, როგორც პროდასავლური იდეებისთვის მებრძოლი ლიდერი მთლიანად სამხრეთ კავკასიაში.


და მაინც, რა იმალება ყოფილი პრემიერის სკანდალური განცხადების მიღმა? როგორ აფასებს ყოფილი ომბუდსმენი ნანა დევდარიანი ხელისუფლეის ერთწლიან მუშაობას? რატომ დააჩქარა პროკურატურამ დამნაშავე რეჟიმის შემოქმედთა მიმართ გამოძიება?


„ალიას" კითხვებს ნანა დევდარიანი პასუხობს:

 

 

- გჯერათ თქვენ ვანო მერაბიშვილის განცხადების?

- არა, იმას უფრო დავიჯერებდი, - ღამის 4 საათზე მიმიყვანეს გინტურთან და მაიძულებდნენ, სააკაშვილის ანგარიშები გადამეფორმებინა ფირცხალაძეზეო. ეს ყველაფერი უკვე ძალიან სასაცილოა, რასაც თვითონ აკეთებდნენ, ამ ყველაფერს, აბრალებენ ახალ ხელისუფლებას. მათ სხვა არაფერი იციან, სისაძაგლეების ადა ინტრიგების გარდა. მერაბიშვილმა სხვა რა უნდა თქვას, „კამერაში" ყველაზე უკეთეს პირობებში იმყოფება, არაფერი აკლია, ეტყობა, მოსწყინდა მარტო ჯდომა და უგულავასაც ეპატიჟება. თუ კარგად ჩავუფიქრდებით მერაბიშვილის მეორე განცხადებას გიგი უგულავასთან დაკავშირებით, - თანავუგრძნობ, 4-კაციან „კამერაში" ვარ, ციხის ცხოვრებას ვასწავლი, დავეხმარებიო. ეს ნიშნავს, რომ ის ეთანხმება გიგი უგულავას დაკავებას, მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი „ნაციონალი" დააკავონ და შემდგო, ეს საერთაშორისო ტრიბუნაზე გაიტანონ, როგორც პოლიტიკური დევნა. ისინი წლების მანძილზე საკუთარ ლობისტურ კომპანიებს იმხელა ფულს უხდიდნენ, ამის გაკეთება არ გაუჭირდებათ, თუმცა მე გეტყვით, რომ მერაბიშვილი არც პოლიტიკოსი იყო და შესაბამისად, ვერც პოლიტპატიმარი გახდება, ის არის დამნაშავე, მისი პოლიტიკოსობა შემოიფარგლება იმით, რომ სააკაშვილის ხელშეწყობით მოხვდა პარლამენტში, მთელი ეს წლები კი მის ბინძურ დავალებებს ასრულებდა, ვინმეს გახსოვთ ოდესმე მისი პოლიტიკური განცხადება?.. ან „ნაცმოძრაობის" გენმდივნის პოსტზე ის რაიმე პოლიტიკას ქმნიდა? ყველაფერს ქმნიდა სააკაშვილი, ხოლო დანარჩენები იყვნენ რიგითი შემსრულებლები.

 

 

- არ არის გამორიცხული, რომ ქალაქის მერი გიგი უგულავა დააპატიმრონ, პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა ყოფილი პროკურორი „ნაცმოძრაობის" წევრი გიორგი ღვინიაშვილი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და ასევე, არ არის გამორიცხული, რომ პროკურატურას კითხვები ჰქონდეს გიორგი ბარამიძესთან და „ნაციონალების" სხვა წევრებთან. ფიქრობთ თუ არა, რომ „ნაციონალები" ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თუნდაც ერთი „ნაციონალისგან" მოახერხონ და შექმნან „ტიმოშენკო-2", საქართველოში დაატრიალონ კიევის სცენარი და ბრალი დასდონ ხელისუფლებას დემოკრატიის სტანდარტების დარღვევაში, რომ აიყოლიონ დასავლური პოლიტიკური ელიტა?

- თითქმის ყველა „ნაციონალთან" არსებობს კითხვები, გავიხსენოთ, რა ხდებოდა 9 წლის მანძილზე, იმდენად ვიწრო წრე ჰყავდა სააკაშვილს, რომ „კარუსელივით" ერთსა და იმავე კადრებს ატრიალებდა თანამდებობებზე. ამიტომ ერთ ადამიანს ნაციონალებიდან" სრულიად სხვადასხვა უწყებაში შეიძლება აღმოაჩნდეს დანაშაული, რადგან ერთი და იგივე პიროვნებას სხვადასხვა სამინისტროში უხდებოდა დავალების შესრულება. 9 წელიწადი, ეს იყო უკანონობის ზეიმი, მათ დაიწყეს ჯერ წინა ხელისუფლების ხმაურიანი დაკავებები, ამით ხალხი ასიამოვნეს, მაშინ მათ არ გახსენებიათ, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა რომ არ შეიძლება. ფარცხალაძეს ვურჩევდი, ჩაიხედოს ძალოვანი უწყებების დახმარების ფონდში, შემდეგ ამ ფონდის ლიკვიდაცია რომ გამოაცხადეს. სინამდვილეში კი კაცმა არ იცის, რა ხდება. ფარცხალაძე იქ ძალიან კარგად ნახავს კონკრეტულ დანაშაულებს, რატომღაც ადამიანები იღვიძებდნენ და გარბოდნენ თავდაცვის სამინისტროში ფულის შესატანად. ასეულ ათასებზე იყო ლაპარაკი.



სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს, როცა იუსტიციის მინისტრი იყო, ხომ ჩაატარა რეფორმები?!. 10 წლის შემდეგ გავიგეთ, როგორი რეფორმებიც ჩაუტარებია. სააკაშვილი ხომ არ გვემუქრება, - როგორც ცოცხებზე დავსვი ყველა და ჩავატარე რეფორმა, იგივეს გავიმეორებო?!. თუ ის საქართველოში დაბრუნებასა და პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას გეგმავს, საერთოდ დაუკარგავს პოლიტიკური ალღო. ყველას ახსოვს, რასაც აკეთებდა და სადამდეც მიგვიყვანა.

 

 

- შეაფასეთ ხელისუფლების ერთწლიანი მოღვაწეობა, რა იყო მათი პლუსები და მინუსები? რამდენად შეძლო ახალმა ხელისუფლებამ მოლოდინის გამართლება?

- ხელისუფლების შეფასებას პლუსებით დავიწყებ. ადამიანს აღარ აქვს შიში, რომ შესაძლოა, მისი ლიკვიდაცია მოახდინონ მისი პოლიტიკური შეხედულების გამო, არა აქვთ შიში, რომ შეიძლება ერთ დღეს მიიყვანონ და მთელი მისი ქონება გადააფორმებინონ იძულებით. ციხეებში ის სისასტიკეები აღარ ხდება, ადამიანს არ აქვს იმის შიში, ოჯახის წევრი პატიმარი რომ გაუხდეს, შეიძლება სახლ-კარი ჰქონდეს გასაყიდი. სოდ-ი და კუდ-ი სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როცა ადამიანებს აპატიმრებდა, ბანკებთან იყვნენ შეკრულები, თავად ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ კრედიტი უნდა გამოეყოთ ამა თუ იმ ადამიანის გირაოსთვის.



მინუსები არის ის, რომ ძალიან ბევრი დაპირება ვერ შესრულდა, არავითარი გამართლება არ აქვს იმას, რომ შენ მოდიოდი სამართლიანობის აღდგენის დაპირებით და ახლა ირკვევა, რომ ჩვენ თურმე დასავლეთში ვერ გაგვიგებენ. ვიღაცას თუ არ აწყენინე, ქვეყანას ვერ მართავ, მეტი გამბედაობაა საჭირო. პრობლემა იცით, რაშია? ამას წინათ ვუყურებდი გადაცემას, სადაც ეკა კვესიტაძემ ისე აქო და მოეფერა „რესპუბლიკელებსა" და ალასანიას პარტიას, რომ ესენი არიან ნამდვილი პროდასავლური პარტიები, დანარჩენები კი არაფერს წარმოადგენენო. გასაგებია, რომ „ნაციონალები", „რესპუბლიკელები" და ალასანიას პარტია იდეოლოგიურად ერთნი არიან. ეს უკვე თავსმოხვეული კოაბიტაცია კი არ არის, - აბა, არავის ხელი არ ახლოთ, არამედ რაც ხდება, ეს არის კოალიციის ამ ნაწილის მდუმარე თანხმობით. დღევანდელ პარლამენტს მე დავარქვი სააკაშვილის ყოფილი და დღევანდელი მეგობრების კლუბი, ვერ წირავენ სააკაშვილს მისი ყოფილი მეგობრები,როგორც ჩანს, არც უნდათ მისი გაწირვა, როგორც ჩანს, შექმნილი სიტუაცია ორივე მხარისთვის კომფორტულია. სამაგიეროდ არაკომფორტულია მთელი საზოგადოებისთვის. საზოგადოებამ „რესპუბლიკელები" აიტანა ივანიშვილის ხათრით, მაგრამ, როცა ის აღარ არის პრემიერ-მინისტრი, საზოგადოება მათდამი აგრესიულ დამოკიდებულებას ღიად გამოთქვამს და გულზე არ ეხატებათ. დავით უსუფაშვილმა ამას წინათ ხუმრობით თქვა, - ჩვენ ერთპროცენტიანმა პარტიამ მოვახერხეთ ის, რომ მთელ ქვეყანას ჩვენს ჭკუაზე ვმართავთო. ამ ხუმრობაში არის რეალობა...

 

 

 

- სოსო ჯაჭვლიანის ინციდენტის შემდეგ „ნაციონალებმა" დავით უსუფაშვილს ულტიმატუმი წაუყენეს, მკაცრად დასაჯეო... ამ ინციდენტიდანაც ჩანს, რომ კოალიცია ერთიანი არ არის და იმ პარტიის შეკვეთებზე დადის, რომელმაც ცხვირ-პირი ამოუნაყა თავის დროზე ოპოზიციას.

- დღეს ლოყებს რომ იხოკავენ და თმებს იწეწავენ, როგორ გაბელა ჯაჭვლიანმა შეურაცხყოფის მოყენებაო, იქ არ ჰყავთ პეტრე ცისკარიშვილი, დავით საგანელიძეს თვალში „კასტეტი" რომ ჩაარტყა და კინაღამ თვალი ამოუგდო?.. კაკო ბობოხიძე, ბარამიძე, მაჭავარიანი... რომელი აკლებდა ცემა-ტყეპას? ორი მოწვევის პარლამენტარი ვარ და ყოველთვის ხდებოდა ასეთი ინციდენტები. ცემა-ტყეპა „ნაციონალების" მოგონილია, სხვამ რომ ილაპარაკოს კიდევ მესმის, მაგრამ მაგათ ხმა არ ამოეღებათ. ვერ გავიგე, მათ ყველაფერი ეპატიებათ და სხვა არაფერი? რა გაგებაა - პარლამენტარული, ქუჩური თუ კანონიერი? ვერ ვხვდები ამას... შენ თუ საკუთარ თავს აძლევ უფლებას, სხვას სცემო, უნდა გახსოვდეს, რომ შეიძლება მუშტი შენც მოგხვდეს, ამისთვის ყოველთვიმს მზად უნდა იყოს. რაც შეეხება სოსო ჯაჭვლიანს, ჩემი პატივისცემა სოსოს, ეგ ყველაფერი ჯაჭვლიანმა ერთი წელი ითმინა, სოსო იმდენად ალალი ადამიანია, ხშირად თავის სიალალით წამგებიან მდგომარეობაში ჩაუგდია თავი. როგორც ჩანს, ერთწლიანი თმენის შემდეგ, ბარამიძის შუბლთან თითის ტრიალი აღმოჩნდა ბოლო წვეთი, ეს კონფიგურაცია უკვე აღარ პასუხობს ამომრჩევლის განწყობას, ნუ დაგვიწყებენ იმის მტკიცებას, რომ პარლამენტმა უნდა ამოწუროს ოთხწლიანი ციკლი. ხანდახან, როცა მაჟორიტარი იღუპება, მაშინ ინიშნება რიგგარეშე არჩევნები. მოკვდა ეს პოლიტიკური ძალა, რა ვერ გაიგეს?.. მკვდარი დროებით გამოაცოცხლა უსუფაშვილმა, გამოგვიცხადა, - თურმე მათი ამოცანა ყოფილა „ნაციონალების" გადარჩენა. ძალიან კარგად მახსენდება გივი თარგამაძის 2002 წელს გაკეთებული განცხადება, რომელიც სანიტრად არის ნამუშევარი „ლეჩკომბინატში", აცხადებდა, - დიდი სამეცნიერო გამოცდილება მაქვს და შევარდნაძის ხელისუფლებას გვამური ლაქები აქვსო. ამ „ნაცმოძრაობას" თავად აქვს გვამური ლაქები და რა ვერ გაიგეს?.. არ მოხერხდება მათი რეანიმაცია. ამიტომ ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.



მე ძალიან მომწონს, როგორც დაიწყო მუშაობა ღარიბაშვილმა, მის ადგილას ნებისმიერი სხვა დაიბნეოდა, რადგან ძნელი იყო ამხელა კაცის ჩრდილიდან გამოსვლა. მან პირველივე ხანებში აჩვენა, რომ აქვს დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის უნარი. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ღარიბაშვილი თავადაც წავიდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე იმისთვის, რომ ხელისუფლება გახდეს ეფექტური.




ნინო სამხარაძე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016