მსოფლიოს, რიგით მე-10 საკლუბო ჩემპიონატმა, რომელიც ფიფას ეგიდით იმართება, მაროკოში 11 დეკემბერს აიღო სტარტი და 21 დეკემბერს დასრულდება. გათამაშებას 7 მონაწილე ჰყავს, თანაც სხვადასხვა კონტინენტის უმთავრესი საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები. ესენია:
1. ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული - „ატლეტიკო მინეირო" (ბრაზილია)
2. უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - „ბაიერნი" (მიუნხენი, გერმანია)
3. კონკაკაფის (ჩრდილოეთ და ლთინოამერიკის ქვეყნების ჩემპიონთა ლიგა) გამარჯვებული - „მონტერეი" (მონტერესი, მექსიკა)
4. აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - „გუანჯოუ ევერგრანდი" (გუანჯოუ, ჩინეთი)
5. აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - „ალ აჰლი" (ქაირო, ეგვიპტე)
6. ავსტრალიისა და ოკეანეთის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - „ოკლენდ სითი" (ახალი ზელანდია)
7. მასპინძელი, მაროკოს ჩემპიონი - „რაჯა" (კასაბლანკა, მაროკო)
ტურნირის სტარტზე „რაჯამ" „ოკლენს სიტის" 2:1 სძლია და 1/4 ფინალში გავიდა. 1/4 ფინალურ მატჩებში, ჩინურმა „გუანჯოეუმ", რომელსაც იტალიელი მარჩელო ლიპი წვრთნის, ეგვიპტური „ალ-აჰლი" 2:0 დაამარცხა, მაროკოს „რაჯამ" კი მექსიკურ „მონტერეის" დამატებით დროში 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა...
ნახევარფინალში ხოსეპ გვარდიოლას „ბაიერნმა" „გუანჯოუ" მოინელა (3:0), ბავარიელთაგან გოლები ფრანკ რიბერიმ, მარიო მანჯუკიჩმა და მარიო გიოტცემ გაიტანეს.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, „რაჯამ" ამჯერად უკვე ბრაზილიური „ატლეტიკო მინეირო" იმსხვერპლა, 3:1... ნახევარფინალის გარდა, შედგა მატჩი მე-5 ადგილისთვის, რომელშიც, მექსიკურმა „მონტერეიმ" ეგვიპტური „ალ აჰლი" 5:1 გაანადგურა.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 21 დეკემბერს, მე-3 ადგილისთვის მატჩში ჩინური „გუანჯოუ" ბრაზილიურ „ატლეტიკო მინეიროს" ეთამაშება. ამავე დღეს, ფინალში, მსოფლიოს საკლუბო თასისთვის მიუნხენის „ბაიერნი" მაროკოს „რაჯას" შეეჭიდება.