ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს კრემლის ყოფილი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა, ცრუ აღმოჩნდა. ამბავი რუსულ საინფორმაციო სააგენტოებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ თავად გორბაჩოვმა უარყო. მან „ტვიტერის" საშუალებით გაავრცელა განცხადება, სადაც აცხადებს, რომ ხმები მისი გარდაცვალების თაობაზე მეტისმეტად გაზვიადებულია.
როგორც ფიქრობენ, კრემლის ყოფილი ლიდერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ხელი შეუწყო იმან, რომ სანკტ პეტერბურგის სიახლოვეს გარდაცვლილი იპოვეს მიხეილ გორბაჩოვის სეხნია, თუმცა ეს სხვა გორბაჩოვი 2 წლის წინათ გარდაიცვალა და არა წუხელ.
წუხელ მოსკოვში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ გორბაჩოვი საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა არა რაიმე რაიმე გართულებული მდგომარეობის გამო. „ტვიტერზე" გორბაჩოვის გარდაცვალების შესახებ დადებულმა ინფორმაციამ წამებში მსოფლიო შემოიარა, თუმცა ვერავინ დაადგინა - ვინ იყო ინფორმაციის პირველწყარო.
როგორც გამოცემა „უნნ" წერს, გორბაჩოვი ახლა გეგმიურ გამოკვლევას იტარებს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებში არანაირ ეჭვს არ იწვევს. მისი ჰოსპიტალიზაციაც, სხვა არაფერია, თუ არა გამოკვლევისთვის აუცილებელი პირობა.
მედიამ საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ცნობა „ვიკიპედიიდან" აიტაცა, რომლის ინგლისურ ვერსიაშიც გორბაჩოვის გარდაცვალების თარიღად 2012 წლის 22 მაისი იყო მითითებული.