„ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე მსურს განვაცხადო, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც რუსეთი ხსნა გონია, უბრალოდ ტვინნაღრძობია"- ეს განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილმა დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ გააკეთა. „წარმოდგენა არ გაქვთ სახელმწიფოებრივი აზროვნების, არ იცით საკუთარი ქვეყნის ისტორია, არ გწამთ ღმერთი, რომელსაც სიმშვიდისთვის თავს აფარებთ და ქრისტეს სახელით ნიღბავთ ფარისევლობას. არ გიყვართ ქვეყანა, რომელმაც განუზომლად დიდი ხარკი გაიღო თავისუფლების სანაცვლოდ. გაშინებთ პროგრესი და საკუთარი უსუსურობის გამო უფრთხით ახალ გამოწვევებს. უსინდისოები ბრძანდებით, რადგან ქვეცნობიერი გკარნახობთ ძირგამომპალი იმპერიის რღვევას, თავად იქით მიისწრაფვით და პარალელურად შვილებს დასავლეთში აგზავნით განათლების მისაღებათ. ხართ უნიჭო ადამიანები და ვერ ხედავთ საკუთარ თავს პარიტეტულ სივრცეში. იცით მხოლოდ ფულის კეთება და ამის ნოსტალგია გკლავთ. ბოდავთ გაუგონარ სისულელეს კულტურულ ურთიერთობებზე და გავიწყდებათ, რომ ერთი თომას მანი გადაწონის თქვენ დაჭაობებულ ტვინებში დალექილ „დასტაევსკის". უტიფრად თვალს არიდებთ ადამიანურ ტრაგედიებს, დევნილებს, წართმეულ ავტოკეფალიას, მიტაცებულ ტერიტორიებს და დახვრეტილ საუკეთესო გენოფონდს. მონები ხართ, ბატონებო, თორემ არც მსმენია საქართველოს გარდა სხვა ქვეყანა დამპყრობელს ენას უჩლიქავდეს. მიჩვეული ხართ ბატონს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გრძნობთ თავს კომფორტულად, თუ ფულის კეთების სადინარს იპოვით. რა ფასი აქვს თქვენს სიცოცხლეს, რომელიც მხოლოდ კუჭზე გადის და პატრიოტიზმი მხოლოდ ფსიქიური აშლილობის გამოვლინება გგონიათ?"- წერს ყოფილი დეპუტატი.