„პარტიების ფინანსური დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც, საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში არსებობს და ამ კუთხით უკან სვლა კარგი არ იქნება,"- აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიგი წერეთელმა. წერეთელი პარტიების დაფინანსების საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება. მისი აზრით, ყველა პარტიას, მითუმეტეს საარჩევნო პერიოდში, თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. წინასაარჩევნოდ შვიდი საპარლამენტო პარტიისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიონ 100 ათასი ლარი, ხოლო შვიდი არასაპარლამენტო პარტიისთვის - მილიონ 50 ათასი ლარი გამოიყოფა. გარდა ამისა, ერთჯერად დაფინანსებას - 150-150 ათასი ლარის ოდენობით, კიდევ ოთხი - ე.წ. არაკვალიფიციური სუბიექტი მიიღებს. ეს პარტიათა დაფინანსების იმ ახალი მოდელის გათვალისწინებით მოხდება, რომლის ინიცირებასაც მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში ხვალისთვის აპირებს. როგორც მან საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მიღებული გადაწყვეტილება მემორანდუმში ჩადებულ პრინციპებს სრულად შეესაბამება და ამით თემა პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ, დახურულად ცხადდება.