ქართული შოუბიზნესი სკანდალებით ყოველთვის დატვირთულია. საზოგადოებისთვის ცნობილია სახეები ხმაურიან განცხადებებს ზოგჯერ იმისთვისაც აკეთებენ, რომ ხალხს არ დაავიწყდეთ. ვის რა მიზანი ჰქონდა საზოგადოებამ განსაჯოს, გაზეთი „საკვირაო" 2013 წლის ყველაზე სკანდალურ ფაქტებს გვთავაზობს:
მსახიობი შორენა ბეგაშვილი სკანდალებით 2013 წელსაც გამოირჩეოდა. თავდაპირველად, უთანხმოება შორენასა და თიკო სადუნიშვილს შორის მოხდა. თიკომ ერთ-ერთ სიუჟეტში შორენა არცთუ სასიამოვნოდ მოიხსენია, რასაც მსახიობისგან რეაქცია სოციალურ ქსელში მოჰყვა. წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცები? წადი, ბავშვს მიხედე, თუმცა, ამასაც ვერ გააკეთებ, დედობა გაქვს ჩამორთმეული - წერდა ბეგაშვილი.
სკანდალი შორენას გარშემო ამით არ დასრულებულა. 2013 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ორსულადაა და ბავშვს ელოდება. ბეგაშვილმა კომენტარის გაკეთებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და საზოგადოება გაურკვევლობაში დატოვა, მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ჭორი იყო და ბავშვს არ ელოდება.
ხმაური მოჰყვა ინფორმაციას შორენა ბეგაშვილისა და ბიზნესმენ ირაკლი ნანაძის რომანის შესახებ. მსახიობი ნანაძესთან ურთიერთობას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ მას კუთვნილი ავტომობილი საკუთარი სახლის წინ ვიღაცამ დაუმტვრია. საზოგადოებამ ამ ფაქტთან ირაკლი ნანაძის მეუღლის კავშირზე ალაპარაკდა. საპასუხოდ, მალევე შორენამ ნანაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოააშკარავა.
ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი 2013 წელს მამა-შვილი ერგემლიძეების დაპირისპირება იყო. გიორგი ერგემლიძემ მამას საჯაროდ, სოციალური ქსელის საშუალებით აგინა. „მრცხვენია, რომ შენი შვილი ვარ",- წერდა ის, თუმცა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ეს ემოციურობის ბრალი იყო და ნანობს.
სრულიად საქართველო აალაპარაკა პროექტ „ნიჭიერის" ნახევარფინალში ხატია ბუნიათიშვილის მკერდმა. პიანისტს ერთ-ერთ კონცერტზე ბიუსტჰალტერი არ ეცვა. მალე ეს ამბავი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების" წამყვანის ლიკა ლაბაძის მკერდმა გადაფარა, რომელსაც ერთ-ერთ ტურზე საკმაოდ თამამი კაბა ეცვა.
წლის ერთ-ერთი ბოლო სკანდალი კულტურის სამინისტროს ღონისძიებების დეპარტამენტის უფროს მარინა ბერიძეს უკავშირდება. მას ქართული შოუბიზნესის დიდი ნაწილი იმის გამო დაუპირისპირდა, რომ საახალწლო ღონისძიებისთვის გაკეთებულ სიაში ვერ მოხვდნენ.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)