reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილის "სკანდალური დღიურის" ფრაგმენტები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:51
მედია
მიხეილ სააკაშვილის "სკანდალური დღიურის" ფრაგმენტები!
ავტორი:
06 იანვარი, 2014. 21:18


საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი" აქვეყნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოდელირებულ "სკანდალური დღიურის" ფრაგმენტებს. დღიურები "მოიპოვა" გიორგი აბრამიშვილმა. როგორც „ნიუსპრესში" წერენ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელმა, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ახალმა სახემ, რომელმაც მკითხველთან საკუთარი ვინაობის დასახელებაზე უარი განაცხადა, ჟურნალისტს მიხეილ სააკაშვილის "სკანდალური დღიურის" ასლები გადასცა. მოდელირებული დღიურები წინასაახალწლო დღეებშია დაწერილი.

 

 

 მიხეილ სააკაშვილის დღიურის ფრაგმენტები:


27 დეკემბერი

დილიდან ცუდი ხასიათი ამყვა. არ ვიცი რას დავაბრალო, შეიძლება ეს იმის ბრალიცაა, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის და უფრო მეტი ხნის წინ, ამ დღეებში სხვანაირად ვიყავი აჟიტირებული. ყოველთვის ვცდილობდი წლის ბოლოს, ყველა იმ მიღწევისა და წარმატების შესახებ შემაჯამებელი სახით მემცნო საზოგადოებისთვის, რასაც ჩემი ხელმძღვანელობით საქართველომ მიაღწია. დღეს კი საქართველოს საზეიმოდ აღარ სცალია, ქვეყანას თავს შავი ღრუბელი აქვს გადაფარებული და ხალხიც, რომელიც უკვე მიხვდა ჩემი ხელისუფლების სიკეთეს და მის მიერ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაშვებულ შეცდომას, მეტის ღირსიცაა. წლევანდელი ახალი წელი საქართველოში არათუ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტებით, როგორც ეს ჩემს დროს ხდებოდა, არამედ ამ უგემოვნო და ჩემგან შექმნილი „ქართული ესტრადის ვარსკვლავების" სიმღერებით აღინიშნება. სწორედ ეს „ვარსკვლავები," ჯერ კიდევ ორი წლის წინ თავს ბედნიერად თვლიდნენ თუ მათ რომელიმე კონცერტზე დავუძახებდით, დღეს კი ისე იქცევიან, თითქოს მე, მათი შემქმნელ-დამფინანსებელი, არც არასდროს ვარსებობდი და არც მათ პოპულარიზაციაში არ მიმეღოს მონაწილეობა. არაუშავს, დრო მოვა და მე საქართველოს ხელისუფლებაში ისევ დავბრუნდები, იმ დროისთვის კი, ეს მედროვე კაკაფონისტები უკვე ყვითელი პრესის ფურცლებიდანაც ჩარეცხილები იქნებიან და ჩემს ფეხებთან ფორთხვით მოსულებს ფურთხით გავუსწორდები.


გუშინ მთელი დღე მაკკეინთან დარეკვას ვცდილობდი, მაგრამ არ მიპასუხა. სენატში, მისაღებშიც დავურეკე და მდივანმა, მას შემდეგ, რაც ჩემი ვინაობა გაიგო, დაახლოებით ერთწუთიანი პაუზის შემდეგ მამცნო, რომ მაკკეინი სამსახურში არ იმყოფებოდა და არც ის იცოდა, როდის იქნებოდა ის სენატში.


ძალიან კარგად ვხვდები ყველაფერს და ძალიან კარგად ვიცი, რომ მოხუცი, რომლის გაპრეზიდენტებისთვისაც ჩემი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და ასეულობით ახალგაზრდის სიცოცხლეც კი არ დავიშურე, - უბრალოდ დამემალა. გასაგებია, დღეს შეიძლება აღარავის ვჭირდებოდე, მაგრამ არც ის დაივიწყოს ვინმემ, ვისი წაქეზებით ვმოქმედებდი გასული წლების განმავლობაში, რასაც ჩემი პოლიტიკური იმიჯი სრულიად გადავაყოლე.


თუმცა წუწუნი საკმარისია, დამირეკეს ახალი წლის მოსალოცად საქართველოდან ჩემი თანაგუნდელების დელეგაცია ჩამოდის და მათთან დასახვედრად უნდა მოვემზადო. რაც მთავარია, მათ ჩემი სასოწარკვეთა არ უნდა ვაჩვენო. ჩემს სტუმართა გუნდში გიორგი ვაშაძეც იქნება თურმე. ახალგაზრდა, წესიერი ბიჭია, ცუდია რომ თავის დროზე ასეთ ხალხს გასაქანი არ მივეცი, თუმცა ეს არც მთლად ჩემი გადასაწყვეტი იყო. გიგას (ბოკერია; გ.ა.) და ვანოს (მერაბიშვილი; გ.ა.) გარეშე, მე საკადრო პოლიტიკას ვერ ვწვეტდი და იმედია ეს თავად გიორგი ვაშაძესაც კარგად ესმის და მომიტევებს.
ეს ყველაზე უფერული და უღიმღამო 27 დეკემბერია ჩემს ცხოვრებაში ბოლო 10-12 წლის განმავლობაში, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა.

 

28 დეკემბერი
ბიჭები ჩამოვიდნენ. აეროპორტიდან პირდაპირ ჩემთან მოვიდნენ. ცოტა გავხალისდი. საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ მიყვებიან. ცუდია, რომ მათი ერთგულება თავის დროზე სათანადოდ ვერ დავაფასე და ისეთ ხალხს ვაძლევდი გასაქანს, როგორიც ირაკლი შიხიაშვილი და მაგის მსგავსები არიან. ისიც ვიცი, რომ ეს ბიჭები ზოგიერთ რამეს მუქ ფერებში მიხატავენ, რომ მასიამოვნონ, მაგრამ „რუსთავი 2"-ის სიუჟეტებს რომ ვუყურებ, მეც ვრწმუნდები რომ საქართველო ჭორვილას იდეამ კატასტროფამდე მიიყვანა.


ჩემი შეცდომაა, რომ ჭორვილას იდეის მამამთავარს თავიდანვე სათანადოდ არ გავუსწორდი, ვინაიდან მასში საფრთხეს ვერ ვხედავდი და მიმაჩნდა, რომ ის ფულით გატენილი კეთილი ძია იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში, ჩემს მიმართ მისი დამოკიდებულების ცვლილება აშკარად ცუდად მენიშნა და როცა ავლაბრის რეზიდენციის შუშის გუმბათიდან სოლოლაკის მისეულ სასახლეს გავცქეროდი, ამ ნაგებობის პირისაგან მიწისა აღგვის დაუოკებელი სურვილი მეძალებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, მითუმეტეს, რომ, ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმეები, ქართული ბეჭდური მედიის დამსახურებით, ჯერ კიდევ ყელში მაქვს გაჩხერილი.


აშკარად ზედმეტად დემოკრატი მმართველი ვიყავი, თორემ, რომელი პრეზიდენტი მოითმენდა, რომ მისი სურათი გაზეთს ჰიტლერის ულვაშებით დაებეჭდა? არა, მარტო რედაქციებიდან გამოყრა არ უნდა მეკმარებინა მაგათთვის, თუმცა მიმაჩნდა, რომ ტელევიზიების კონტროლითა და ბეჭდური მედიის დისკრედიტაციით, მათ ბოლომდე ჩავძირავდი.
ზურაბ ჟვანიას საქმე ვახსენე და ამ კუთხით, მგონი რაღაც რეალური ძვრებია, ოთარ ფარცხალაძეც მოწადინებულიაო ამბობენ და როგორც საქართველოდან ჩამოსული ჩემი ბიჭები მეუბნებიან, მთავარი პროკურორის წინააღმდეგ ფრონტი სრული ძალებით გაუშლიათ. ახალგაზრდები და გამოუცდელები არიან და აჟიტირებულები მიყვებიან, რომ მთავარი პროკურორის გადაყენებას სულ ცოტა ხანში მიაღწევენ, ვერც კი ხვდებიან, რომ მაშინ, როდესაც ჩვენი ხელისუფლების ძალიან ბევრი მაღალჩინოსნის მიმართ გამოძიებას კითხვები აქვს, ჩვენ სწორედ დისკრედიტირებული მთავარი პროკურორი გვაწყობს და არა მისი მოხსნა.
საკმაოდ კარგად დგას გიგი უგულავა, თუმცა მისგან ჩემთან განხორციელებული ზარი, რომელიც ქართულ პრესაშიც გავრცელებულა, აშკარად ზედმეტი იყო. ჩემს მიერ უგულავასადმი გამოხატული ნებისმიერი თანადგომა, მისთვისვე იქნებოდა უარესი, ასე რომ ის არცთუ სასიამოვნო საუბარი ჩვენს შორის, რომლის შესახებაც ქართულ მედიაში დაიწერა, მთლიანად უგულავას ბრალია. არადა, ჭორვილელი კაცის პოლიტიკაში გამოჩენამდე, სწორედ უგულავა იყო ის ადამიანი, რომელსაც ჩემი პრემიერობის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტის რანგში მოვიაზრებდი.
ეხლა უნდა გავიდე, საქართველოდან ჩამოსულმა ბიჭებმა დასვენება მოასწრეს და სადმე დავსხდებით. ჩემი ყვარლის მამულის ღვინოც ჩამოუტანიათ, დღეს ალბათ დავლევთ და საქართველოზე ვისაუბრებთ.

 

 

29 დეკემბერი

თავი მისკდება. მართლა მეტისმეტი მოგვივიდა წუხელ. ისე უცნაურიც კია მიდიებსა და ხამანწკებს ყვარლის რქაწითელი დააყოლო. მგონი ბიჭები წუხელ სასტუმროში ტაქსით წავიდნენ. არც შემხმიანებიან, ნეტა შარი ხომ არაფერი აიკიდეს, ენაჭარტალა ჟურნალისტებს ვერაფერს დაუმალავ და მორიგ სკანდალსაც გამომიცხობენ.
კეზერაშვილის ლობისტი დღეს დილიდან მირეკავდა. არ ვპასუხობ და არც ვუპასუხებ. ამოვიდა ყელში მუდმივი მუქარები ინფორმაციებს დავფქვავო. დაფქვას და იყოს. ერთ-ერთი უძლიერესი ადვოკატი დ ლობისტური ჯგუფი დავუქირავე. მაგის გულისთვის ნიკოლა სარკოზისაც შევხვდი. ეს მაქსიმუმია, რაც კეზერაშვილისთვის შემეძლო გამეკეთებინა. ისე ეგაც მაგარი ვინმეა, იცოდა რომ იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო მაგაზე ნადირობდნენ და ესაც ადგა, ღლონტის ღორივით თავი დაადო და პირდაპირ დე გოლის აეროპორტში ჩაფრინდა. თავი დამანებოს, მე ჩემი გამჭირვებია.
ჩვეულებას ვერ ვუღალატე და მიუხედავად იმისა, რომ მგონი მეასედ დავაპირე თავის დანებება, დღესაც შევისუნთქე. მგონი ერთადერთი ნამდვილი და უღალატო მეგობარი, რომელიც შემომრჩა, მხოლოდ კოკაინია. კარგ ხასიათზე ვარ, მაგრამ ვიცი, როგორც კი „პრიხოდი" გამივლის, ისევ მივიგრუზები. ჯერჯერობით არც ვაშაძე & კომპანია ჩანს, ეტყობა სასტუმროში ძილს გადაყვნენ, მაგათაც კარგა გვარიანად დალიეს. ნეტა მალე მოვიდნენ, გულს გადავაყოლებ. მარიამმა მითხრა, საჯაიამ შემოგირბენო, მაგრამ უარი ვუთხარი, სანამ ესენი აქ არიან, მასთან ერთად ყოფნა ახალ მითქმა-მოთქმასა და ჭორებს გამოიწვევს.
გუშინ ვაშაძე მეუბნებოდა, მერე რა რო პრეზიდენტი აღარ ხარ, საახალწლო მილოცვას ხალხი შენგან ექსპრეზიდენტის რანგშიც მიიღებსო და მგონი ეგ და საყვარელიძე მხრებში შემისხდნენ და ქუჩიდან რაღაცეები ვიბჟუტურეთ, ნეტა რა ვილაპარაკე. ღმერთი რომ მწამდეს ღმერთს ვთხოვდი გამახსენეთქო. 
ისე კი, წელს, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი ახალი წელია, როცა მე საქართველოს მოსახლეობას ამ დღესასწაულს პრეზიდენტის რანგში ვერ მივულოცავ, მაგრამ არაუშავს, ჩემ ასაკში პოლიტიკოსობას ჯერ მხოლოდ იწყებენ ხოლმე.
მთავარია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული თემა არ გააქტიურდეს. ამ შემთხვევაში, ჯერ კიდევ მექნება შანსი იმისა, რომ მსოფლიოს თვალში თავი ჩაგრულ და დევნილ პრეზიდენტად წარმოვაჩინო და ბრძოლის გაგრძელებაზე ვიფიქრო. ოხ, ნეტავ შემეძლოს ჩემი ბიოგრაფია სულ რაღაც 5 წლით გადავახვიო უკან, მართლაც სხვანაირად მოვიქცეოდი.
ბიჭები რეკავენ, ქალაქში უნდა გავიაროთ და ალბათ თევზის რესტორანში შევალთ, ვნახოთ თუ მოეწონებათ ქართული სახინკელეების და მწვად-ქაბაბების შემდეგ.

 

30 დეკემბერი
ასრულდა რისაც მეშინოდა. ოთარ ფარცხალაძე გადამდგარა. ასე იცის, რომ ამ „მალაკასოსებს" ჩაუგდებ ხელში ოპოზიციურ პიარს. ვეუბნებოდი ზედმეტი არ მოგივიდეთ-თქო და არ დამიჯერეს. ფარცხალაძის დისკრედიტაცია და მისი თანამდებობაზე დარჩენა კიდევ რაღაც იმედს მაძლევდა, რომ კრიმინალი პროკურორისგან განხორციელებულ ზეწოლაზე პიარი ამეგორებინა, მაგრამ გიგის ზედმეტმა გულმოდგინებამ ეს გზაც მოსპო. 
ირბინონ ეხლა დაკითხვებზე და მირეკონ განცხადება გააკეთეო. გიგიმ გაუკეთოს განცხადებები, უგულავამ.
ცუდი ხასიათი ცოტა გამომისწორდა. მზია ბებომ დამირეკა და მომიკითხა, ძალიან მინდოდა ახალ წელს იმასთან და გიულისთან ერთად შევხვედროდი. ესენი კიდევ აღარ მეშვებიან, მესამე დღეა დალევის გარდა პირზე არაფერი აკერიათ, ტელეფონს არ ვპასუხობ, ვეტყვი აბაზანაში ვიყავი და არ მესმოდათქო. არც მშია, თუ მომშივდება აქვე კუთხეში ზანგის ქალი მშვენიერ ჰოთ-დოგებს ყიდის და იმით დავნაყრდები, ეხლა ყველაზე მეტად მარტოობა და ფიქრი მჭირდება, ამათ კიდევ ჰგონიათ თბილისიდან თუ ჩამომაკითხეს და ყოველდღე რესტორანში მარბენინეს დიდ საქმეს მიკეთებენ. ისე, ამათთანაც რა მინდა, ესენი არიან იმ თითზე ჩამოსათვლელებიდან, რომლებიც ნამდვილად ერთგულები აღმოჩნდნენ ჩემი და თანამდებობებზე საახლობლოსთვის ტენდერების მოგების სურვილით და შემართებით არ მიდიოდნენ. ისევ გიგი უგულავა გამახსენდა. რა ვქნა, თავის თავს თვითონ მიხედოს.
კიდევ რეკავენ, მგონი დღესაც დათრობა მიწერია, სჯობს ვუპასუხო, ვიდრე თავზე დამადგებიან.

 

31 დეკემბერი
საშინელ პახმელიაზე ვარ და თავიც უფრო მეტად მტკივა. როგორ ამოვედი სახლში და როგორ დავწექი არ მახსოვს. ტაქსიში რომ ვაღებინე, ბიჭები მამშვიდენდნენ და მეტი აღარაფერი მახსოვს.
ამიტომ მესიკვდილებოდა გუშინ კიდევ დალევა. როდის გავუშვა ეს მართლა ლოთები. კიდე კაი, გივი თარგამაძეც არ წამოყვათ, თორემ ის დილითაც არ მომასვენებდა და თავზე არყის ბოთლებით დამადგებოდა.
დამძიმებული თავი და ხასიათი სანდრამ უარესად დამიმძიმა. დღეს დამირეკა და მითხრა, ახალ წელს ერთად შევხვდეთ ან შენ ჩამოდი ჰოლანდიაში ან მე გადმოვფრინდები ნიუ-იორკშიო. სანდრა მინდა მე ამ საახალწლოდ?
დღეს ყველა ვარიანტში „მოვუტყდები" ბიჭებს, მარიამს დავურეკავ და სადმე დავსხდებით, ისედაც ბევრი ზარის პასუხი და ყალბი მოლოცვის მოსმენა მომიწევს დღეს.

 

P.S. ესაა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღიურის ფრაგმენტები, რომელიც ჩვენ ამერიკიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა პიროვნებამ მოგვაწოდა.
მისი თქმით, დღიურები მაშინ გადაიკითხა, როდესაც მიშას საკუთარ საწოლში ნასვამს ეძინა, ხოლო მისი შინაარსის გაცნობის შემდეგ, გადაწყვიტა მოეპარა ის და გაესაჯაროვებინა.
ჩვენი წყარო, სააკაშვილის დღიურების სხვა ნაწილის გადმოცემასაც დაგვპირდა, რომელსაც უახლოეს ხანებში გავასაჯაროებთ. „ - წერენ "ნიუსპრესში". 


                   "რეპორტიორი" შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დღიურები გახლავთ მოდელირებული.


                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            (მოამზადა ანა ნოდიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016