reportiori.ge - ალია: სააკაშვილის მზაკვრული გეგმა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:41
პრეს-დაიჯესტი
ალია: სააკაშვილის მზაკვრული გეგმა
ავტორი:
09 იანვარი, 2014. 16:30

31 დეკემბრის ღამეს ევროპის მოედანზე მორიგი უნიჭო წარმოდგენა გაიმართა, რომელსაც თავიდან ბოლომდე თბილისის მერიის კულტურის სამსახური და მისი ხელმძღვანელი, ნეკა სებისკვერაძე კურირებდა. დიახ, ეს პატარა გოგო თან მღეროდა, თან კურირებდა და თან ზემდგომების დავალებებს ასრულებდა. სანამ დეტალურ თხრობაზე გადავალ, ერთ რამეს დავაკონკრეტებ: წინა დღეებში კონცერტის მომწყობნი კი ტრაბახობდნენ, ინოვაციური წარმოდგენა უნდა გავმართოთო, მაგრამ ეს იყო უგემოვნობისა და გოიმობის მწვერვალი იმ ვითომმომღერლების მონაწილეობით, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ''ნაციონალების'' დანაშაულებრივ საქმიანობას ''აპრავებდნენ''. ამ პერიოდში ზოგი კობა ნაყოფიას ''მადნეულიდან'' იღებდა საკმაოდ სოლიდურ ხელფასს, ზოგი კიდევ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა გრანტების სახით.
ევროპის მოედანზე გამართული უნიჭო წარმოდგენა ხილული ძაფებით იყო დაკავშირებული ''ნაცმოძრაობასთან'' - 3 საათის განმავლობაში გადაიცემოდა ''რუსთავი 2''-ის პირდაპირ ეთერში; ასევე, უხილავი ძაფებით იყო დაკავშირებული ''ნაცმოძრაობის'' დღევანდელ იდეოლოგებთან, ირმა ნადირაშვილთან, გიგი უგულავასთან და მიშა მაჭავარიანთან. დღეს ეს სამი ადამიანი მართავს ''რუსთავი 2''- და არა ნიკა გვარამია, რომელიც უაზრო განცხადებებს აკეთებს, თითქოს თავის თავზე იღებს, მე ტელეკომპანიის გენდირექტორი ვარ და რასაც მინდა, იმას გადავცემ ეთერშიო. შეგახსენებთ, 31 დეკემბრის ღამეს მან ეთერში არ გაუშვა არც მისი უწმინდესობის, არც პრემიერ-მინისტრის და არც პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა. მისი განმარტებით:
''
ვფიქრობ, როგორც არხის გენერალურ დირექტორს, მაქვს უფლება, მივიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიმაჩნია მნიშვნელოვნად და პრინციპულად ვთვლი, რომ საახალწლო მილოცვები წინასაახალწლო ეთერში წარმოადგენს პოსტსაბჭოთა რეგიონისთვის დამახასიათებელ გადმონაშთს და არ არის დამახასიათებელი არც ერთი მეტ-ნაკლებად წარმატებული დემოკრატიისთვის, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისებს, ისიც საზოგადოებრივ არხებზე. ამიტომაც, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ ჩვენი არხი აუცილებლად გამოეთხოვოს ამ მანკიერ ტრადიციას. ასევე, კატეგორიულ პირობად დავუყენეთ ქალაქის მერს, გიგი უგულავას, რომ არ მომხდარიყო მერიის მიერ რიყეზე ორგანიზებული კონცერტის რაიმე სახით პოლიტიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არხი უარს იტყოდა კონცერტის ტრანსლირებაზე''.
ცრუობს ნიკა გვარამია, სინამდვილეში სულ სხვა რამეშია საქმე... ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, მას გიგი უგულავამ დაურეკა და გადასცა სააკაშვილის სურვილი, ეთერში არ გადაეცა მსგავსი რაღაცები. როდესაც გვარამიამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, უგულავამ მკაცრად შეახსენა, ვისი ტელევიზიის გენერალური დირექტორი ბრძანდება ამჟამად!
სხვათა შორის, შეგახსენებთ კიდევ ერთ მომენტს: 28 დეკემბერს 6-საათიანი ''კურიერის'' წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ ასე დაასრულა:
''
იყო დრო, როცა მიხეილ სააკაშვილი მესტიაში თხილამურებზე სრიალებდა, რამდენიმე საათში კი ანაკლიაში, ზღვაში ბანაობდა. დღეს პრეზიდენტს ვერც ზღვაში იპოვით და ვერც მთაში, მაგრამ იგივე მესტიაში დღეს ახალი მთავრობის წევრების ნახვა შეიძლებოდა, რომლებმაც კურორტზე ზამთრის სეზონი გახსნეს. მიშას ნაკვალევი მესტიაში ახალმა თოვლმა დაფარა. ისრიალეთ, ვიდრე თოვლი არ დამდნარა, მაგრამ ფრთხილად - არ მოსრიალდეთ!''
იგივე ინკოგნიტო წყაროს მტკიცებით, აღნიშნული ტექსტი არც ნიკა გვარამიას ეკუთვნის, არც გიორგი გაბუნიას და არც რომელიმე ჟურნალისტს, ეს ყოფილა სააკაშვილ-მაჭავარიანის ერთობლივი შემოქმედება. როდესაც ''სრიალის'' შესახებ გვარამიამ პირდაპირ ეთერში მოისმინა, ლამის კედლებზე დაუწყია სიარული, მაგრამ მალევე შეაჩერეს და ისევ შეახსენეს: ხომ არ გავიწყდება, სააკაშვილის ტელევიზიაში რომ მუშაობო?!
დავუბრუნდეთ 31 დეკემბრის ღამეს... მიშა მაჭავარიანის, ირმა ნადირაშვილისა და გიგი უგულავას მოთხოვნა ასეთი იყო: სცენაზე არ უნდა მოხვედრილიყო არც ერთი პოლიტიკოსი, თუ ვინმე მაინც შეეცდებოდა მილოცვას, ნეკა სებისკვერაძეს ეგრევე უნდა დაერეკა ირმა ნადირაშვილისთვის, რათა ''რუსთავი 2''-ის ეთერში სარეკლამო რგოლი გაეშვათ. თუკი დარეკვას ვერ მოასწრებდა, ყველაფერი უნდა ეღონა, რომ ეს ''ვინმე'' სცენიდან ჩამოეგდო. ცხადია, ამ შემთხვევაში გათვლა კოალიციის წევრებზე იყო, თორემ ''ნაციონალები'' ისედაც იყვნენ გაფრთხილებულები, რომ მსგავსი რამ არ უნდა ჩაედინათ.
კი, მაგრამ რა საჭირო იყო ასეთი ვირეშმაკობა, ვითომ რა დაშავდებოდა, პატრიარქის, პრემიერისა და პრეზიდენტის მილოცვები რომ გაეშვა ნიკა გვარამიას (მიხეილ სააკაშვილს) პირდაპირ ეთერში? არც არაფერი, მაგრამ საქართველოდან გაპარულ ექსპრეზიდენტს თავისი გეგმები აქვს, ეს ყველაფერი ჯერ ჟურნალია, კინო მერე იქნება. რას ვგულისხმობ კინოში? 'რუსთავი 2~ ის ტელეკომპანიაა, რომელსაც სააკაშვილი მშვენივრად გამოიყენებს ქვეყნის ასარევად (ნურავინ შემედავებით, ამ საქმეში მას ბადალი არ ჰყავს). მას სერიოზული გეგმები აქვს და აღარც კი მალავს, რომ პრემიერ-მინისტრის სავარძელს უმიზნებს. სააკაშვილი ძალებს უკვე საკუთარი მეუღლის საშუალებით სინჯავს... როგორც ის ჰოლანდიური გაზეთისთვის (Trouw) მიცემულ ინტერვიუში ამბობს:
''
ჩემს მეუღლეს საბოლოოდ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი აქვს. მას შეუძლია წეროს წიგნები, წაიკითხოს ლექციები, თუმცა ეს არ არის მიშა. ის გრძნობს, რომ ამისთვის მზად არ არის. გასულ წელს მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა და იქიდან მოყოლებული, ახალმა ხელისუფლებამ ჩემი ქმრის გარემოცვის წევრების მიმართ შურისმაძიებლური პოლიტიკის გატარება დაიწყო. ყოფილი მინისტრები გაასამართლეს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კი დაპატიმრებულია. დიპლომატები ჩემს ქმარს ქვეყნის დატოვებას ურჩევდნენ, სწორედ ამიტომ მან ოქტომბრის შუა რიცხვებში საქართველო დატოვა. საბედნიეროდ, მას ბევრ ადგილას სიამოვნებით ხვდებიან. თუმცა, რთულია, როცა იცი, რომ შენი ქმარი იმას არ აკეთებს, რისი გაკეთებაც უნდა და ის არ არის, ვინც უნდა, რომ იყოს. სააკაშვილი არ აპირებს კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტებას და არ არის ამ პოზიციით დაინტერესებული. ასე რომ, მომავალში გამორიცხულია ჩემი პირველი ლედობა. თუმცა, არავინ იცის, ვიქნები თუ არა პრემიერ-მინისტრის მეუღლე''.
რა თქმა უნდა, მიშას ფეხებზე ჰკიდია მეორეხარისხოვანი თანამდებობა, ის აუცილებლად იბრძოლებს პრემიერის პოსტისთვის. აი, რისთვის სჭირდება სააკაშვილს ''რუსთავი 2'', რომელსაც 1 მილიონ 200-ათასიანი დავალიანება ჯერ კიდევ ჟვანიას პერიოდიდან მოსდევს და რომელიც ხახვივით შერჩა... აი, რატომ აქტიურობს პარლამენტში თავშეფარებული 'ნაცბანდა~ და რატომ შექმნა გურამ დონაძემ არაერთი 'ჭორბიურო~, სააგენტოს სახით, სადაც დამფუძნებელი მეფუტკრეობაში გაწაფული კობა ხაბაზი გახლავთ.
იწყებს თუ არა ქვეყნისთვის საშიშ თამაშს მიხეილ სააკაშვილი, თავის ბანდასთან ერთად? რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საშიში მოვლენა, ეს არის შავი ჭირის გააქტიურება და ხელისუფლების დამხობის დანაშაულებრივი მცდელობა.
რა უნდა გააკეთოს ამ დროს ახალმა ხელისუფლებამ? მაგალითად, ფეხბურთში არსებობს ასეთი დაუწერელი კანონი: გოლს ვერ გაიტან? მაშინ შენ გაგიტანენ! დამნაშავეებს არ დასჯი? მაშინ დამნაშავეები დაგსჯიან! თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გამარჯვებულებს არსად არ ასამართლებენ, მაშინ გამოდის, საქართველო ისევ ბინძურ ჭაობში აღმოჩნდება, ხოლო ქართველი ხალხი მიიღებს უპრეცედენტო ანგარიშსწორებას!
ეს საყურადღებო სიგნალი უნდა იყოს კოალიციისთვისაც, საპარლამენტო უმრავლესობისთვისაც, ''ქართული ოცნებისთვისაც'' და ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისთვისაც.

 

 

                                                                                                                                                                                                            (გელა ზედელაშვილი. გაზეთი ალია)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016