reportiori.ge - „ვასახელებ პირებს, რომელთაც სისხლში აქვთ ხელები და დღესაც თანამდებობებზე არიან“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:58
ინტერვიუ
„ვასახელებ პირებს, რომელთაც სისხლში აქვთ ხელები და დღესაც თანამდებობებზე არიან“
ავტორი:
13 იანვარი, 2014. 20:52

შარშან, 13 იანვარს, პოლიტპატიმრები (პარლამენტის გადაწყვეტილების შესაბამისად) ციხეებიდან გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მათგანი ვახტანგ მაისაიაც იყო, რომელიც ჯაშუშობისთვის გაასამართლეს. მის საქმეს გრიფი „საიდუმლო" დღემდე ადევს. მიუხედავად ამისა, ყოფილი პოლიტპატიმარი ამ საქმის გაუხმაურებელ დეტალებზე ლაპარაკობს. გთავაზობთ ვახტანგ მაისაიასთან სკანდალურ ინტერვიუს:


- ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრები გაგვათავისუფლეს და მახსოვს, 13 იანვარს პოლიტიკური დაბადების დღეც ვუწოდე. სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ სულ სხვაგვარად ვაფასებ იმას, რაც მოხდა.

- რა მოხდა?

- ალბათ, გაურკვევლობაში ყოფნას სჯობდა, ისევ ციხეში ვყოფილიყავი! ამ ერთი წლის განმავლობაში სამართლიანობის აღდგენისა და პოლიტპატიმართა რეაბილიტაციისთვის არაფერი გაკეთებულა. ამდენად, გაუგებარიც კი არის, თუ რატომ გვცნო საქართველოს პარლამენტმა 200-მდე კაცი პოლიტიკურ პატიმრად და პოლიტდევნილად. ჩემი საქმე არათუ შეკერილი, კურიოზებითაც აღსავსეა. მიუხედავად ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის პერსონალურად ჯაშუშობისთვის გასამართლებული ადამიანების გათავისუფლებას მხარს არ უჭერდა(?). მაპატიოს ბატონმა ირაკლიმ, მაგრამ მას ასეთი წარმოდგენა ჩემი, სიმონ კილაძის, ფოტორეპორტიორებისა და კიდევ სხვათა საქმეებზე მომუშავე შსს-ს იმ მაღალჩინოსნებმა შეუქმეს, რომლებიც თავის დროზე თავად აყალბედნენ და კერავდნენ აემ საქმეებს. ისინი არათუ თანამდებობებზე არიან, მათი უმრავლესობა დაწინაურებულიცაა. ვალერი ზუმბაძე (გამომძიებელი, რომელიც ჩემს საქმეს იძიებდა და დღეს უკვე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსია. სხვათა შორის, ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გამოძიებასაც ხელმძღვანელობს, რაზეც მოგვიანებით განცხადებას გავაკეთებ), ასევე ოდეერი ოთო ორჯონიკიძე, რომელიც დღეს ოდეერების უფროსია, უშუალოდ ის მაწამებდა (ეს ოდეერები „ნაცების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს არა მხოლოდ აწამებდნენ ხალხს, მკვლელობებსაც კი სჩადიოდნენ); ვასახელებ ზუმბაძის ყოფილ მოადგილე ლადო დათაშვილს, რომელიც ასევე მონაწილეობდა ჩემს დაკითხვებში შუაღამისას. სწორედ ამ დროს მაწამებდნენ. ეს იგივე ხალხია, ვინც იძიებდნენ ფოტორეპორტიორების საქმეს, ვინც მონაწილეობდნენ სერგო თეთრაძის წამებაში. თეთრაძე ამ კაციჭამიებს წამებისას შემოაკვდათ. მე დაგისახელეთ პირები, რომლებსაც სისხლში აქვთ ხელები გასვრილი და ამასთან, კარგად მანიპულირებადი ფიგურები არიან. ასეთი ადამიანები მარიონეტები არიან, მათი ფსიქოპორტრეტი ასეთია: უნდა გააკეთონ იმაზე მეტი, ვუიდრე მათგან მოითხოვენ. ისინი ნებისმიერი ხელისუფლების დროს მარიონეტებად დარჩებიან. ამიტომ


ვთხოვ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ნუ დაუჯერებს ასეთ ხელქვეითებს, მოხსნას ჩემს საქმეს გრიფი „საიდუმლო", რის შემდეგაც საზოგადოება მერაბიშვილის, უგულავასა და სხვათა დანაშაულებებსა და საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებზე ბევრ რამეს შეიტყობს.

მე წარვადგენ დოკუმენტებს, რომლებითაც დადასტურდება, რომ თამაზ თამაზაშვილის მკვლელობის მცდელობაში გარეული იყვნენ იგივე პირები, რომლებიც ჩემს მოკვლას ცდილობდნენ. ეს იყო ერთი და იგივე ჯგუფი, რისი დადასტურებაც გამოძიებას შეუძლია. ჩვენ მაშინ სასწაულებრივად გადავურჩით სიკვდილს.


- იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრათ, რას გულისხმობთ?

- მე ადრეც ვთქვი, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელმა პისტოლეტი თავზე დამადო და გაისროლა. ახლა კი დავაზუსტებ: ამას შეესწრნენ ზუმბაძე, ორჯონიკიძე და მაზმიშვილი. როგორც აღმოჩნდა, პისტოლეტში ტყვია არ იდო. თუმცა იქვე იდო მეორე, დატენილი პისტოლეტი და ის დამანახეს, ზედ ხელიც დამადებინეს. მითხრეს, ამაზე უკვე შენი ნათითურებია, ვიტყვით, რომ წინააღმდეგობა გაგვიწიე, იარაღი აიღე და გაქცევა სცადე და ამიტომ შენი ლიკვიდაცია გახდა საჭიროო.

ამასთან შედარებით არაფერი იყო ის ფიზიკური წამება, რასაც ვიტანდი. არსებობს ამის ამსახველი ფოტომასალაც, რაც დევს სისხლის სამართლის საქმეში.


- ასეთი მამხილებელი საბუთები საქმეში როგორ ჩადეს?

- ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს იყო რეჟიმი, რომლის დროსაც ერთი ხელით სჩადიოდნენ დანაშაულს, მეორით კი მას ამხელდნენ. ეს იყო რეჟიმი, რომლის მსახურებიც ერთმანეთზე კომპრომატებს ინახავდნენ. ჩემს საქმეს გრიფი „საიდუმლო" ედო (დღემდე ასეა) და ეს ითვლებოდა იმის გარანტიად, რომ არ გამჟღავნდებოდა.

- რა არის აღბეჭდილი იმ ფოტოებზე, რომელიც თქვენი განცხადებით, საქმეში დევს?

- ჩანს ჩემს სახეზე სისხლნაჟღენთები, მარცხნივ უზარმაზარი ჰემატომა მემჩნევა.


- რაც შეეხება თქვენი მკვლელობის მცდელობას, რა კავშირი აქვს ამას თამაზაშვილის მკვლელობის მცდელობასთან?

- საქმე არის ერთი, რომელსაც მომფიქრებლებიც და შემსრულებლებიც ერთი და იგივე ჰყავს. ჩემს თანამესაკნეს, ზაზა აზარიაშვილს, ავალებდნენ ჩემს მოკვლას. ის იმასაც ამბობს, თუ ვინ ვის ავალებდა თამაზაშვილის მოწამვლას. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავაზუსტებ: ეს იყო ალეკო მუხაძე, მეტსახელად „კილერა", მან გასცა ჩვენი ლიკვიდაციის ბრძანება, აზარიაშვილს შტირით უნდა მოვეკალი, რაზეც მან უარი განაცხადა, ამიტომ აწამეს, ფრჩხილები დააძვრეს და მთელი ღამე მორგში ჩაკეტეს... ამ საქმეს ახლა პროკურატურა იძიებს, მაგრამ რეაქცია ნულია. ასევე, არსებობს ციხის ყოფილი თანამშრომლის, ბორის ფარულავას (მეტსახელად „ბასტის") ჩვენება, სადაც აღწერილია ჩემი წამების დეტალები. ამდენად, პოლიტიკთური ნების შემთხვევაში პროკურატურას  ამ ყველაფრის გამოძიება არ გაუჭირდება. მე უფრო სტრასბურგის სასამართლოს იმედი მაქვს.


- თქვენგან რას ითხოვდნენ?

- არა მხოლოდ უნდა მეღიარებინა ჯაშუშური საქმიანობა, არამედ დამესახელებინა პირები, ვინც ვითომ ჩათრეული მყავდა: ანდრო გოცირიძე (სხვათა შორის, ამჟამად თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, თუ არ ვცდები, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელია) ითხოვდა, დამესახელებინა „ნაციონალები": კახა ლომაია, გელა ბეჟუაშვილი, დათო დარჩიაშვილი. თითქოს ისინიც ამ ჯაშუშურ ქსელში იყვნენ, რაშიც ფულს იღებდნენ. უნდა მეთქვა, რომ ბრიტანეთისა და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებიც გვყავდა გადმობირებული. მათ გვარებს ახლა შეგნებულად არ დავასახელებ, თუ გამოძიებას დასჭირდება, ვაცნობებ. ამ ყველაფერზე უარი ვთქვი და ამიტომაც მაწამეს და 20 წელი მომისაჯეს.


- ბეჟუაშვილზე, ლომაიაზე, დარჩიაშვილსა და სხვებზე რატომ ეძებდნენ კომპრომატებს?

- ვანოს აწყობდა ამათზე კომპრომატების შექმნა. მე ადრეც მითქვამს, ვანო რუსული სპეცსამსახურის გავლენის აგენტი იყო და იმავეს დავადასტურებ დღესაც. ახლა თავად „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებიც (ბაჩო ახალაია, თეა თუთბერიძე) ამბობენ იმავეს. უფრო მეტიც, რცა დამაკავეს, ჩემი ლეპტოპი წაიღეს. მასში კი ინახებოდა ჩემი წიგნი (ის ეხებოდა პანკისის ოპერაციის დეტალებს), ტერორიზმის შესახებ სახელმძვანელო, ანალიტიკური მასალები. ერთ ნაწილში აღწერილი იყო სახელისუფლებო კლანების დაპირისპირება, ნაწილში კი მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ვანო მერაბიშვილის კავშირები ვიქტორ ბუტთან (რაც იარაღით უკანონო ვაჭრობას უკავშირდებოდა), ასევე ბელორუსიის კაგებეს ყოფილ შეფთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან, შეიმანსა და რუსეთის ძალოვანების ჯგუფთან, სეჩინსა და პატრუშევთან. მახსოვს, მერაბიშვილმა თავისი მოადგილე მესხელი შემომიყვანა და მოითხოვა, დამესახელებინა, საიდან მქონდა ეს ინფორმაცია. შემდეგ ვანო წავიდა, რადგან იმ დღეს მუხროვანის ამბოხის ამბავი გამოაცხადეს... მაშინ მესხელმა მითხრა, რომ რაც მეწერა ამ მასალებში, ყველაფერი მართალი იყო და მთხოვა, დამესახელებინა წყარო. რატომღაც მან ეჭვი შოთა უტიაშვილზე მიიტანა. ამიტომაც დააპატიმრეს უტიაშვილის თანამშრომლები. მათ სთხოვდნენ, ხელი უტიაშვილისთვის დაედოთ.

ლეპტოპში 2008 წლის ომის ანალიზიც ინახებოდა, სადაც აღწერილი მქონდა, თუ როგორ ერეოდა გიგი უგულავა სამხედრო დაგეგმარებაში, შესაბამისად, როგორ ფორმდებოდა ცხინვალის ოპერაციის „პოლიტიკური ნაწილი". სწორედ იმას, რომ მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურის გავლენის აგენტი იყო, მოჰყვა კოდორის, სენაკის ბაზის ჩაბარება, რუსეთისთვის ნატოს სტანდარტებს მორგებული შეიარაღების გადაცემა. საქართველოს ამის გამო დაეძაბა ურთიერთობა ისრაელთან, რადგან ამ უკანასკნელის სახელმწიფოებრივ ინტერესს საფრთხე დაემუქრა. ამ ქვეყნის სამხედრო სამრეწველო ტექნოლოგიები, ფაქტობრივად, უფასოდ ჩაუვარდა ხელთ რუსებს. ისრაელი იძულებული გახდა, რუსეთთან გაეფორმებინა ხელშეკრულება და ისინიც რაღაც პირობებზე დაეთანხმებინგა. ამ ყველაფრის შედეგად რუსებმა უპილოტო თვითმფრინავები მიიღეს და რაც მთავარია, ამ დროს მიშა სააკაშვილი აცხადებდა, რომ რუსეთის ჯაშუში ვარ. თუმცა საქმეში წერია, რომ სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებმა გადამიბირეს. სლოვაკეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა. თუკი სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვა არსებობს, მისი წევრები ავტომატურად არიან ნატოს წევრი სახელმწიფოსსამხედრო დაზვერვის მსახურები. აქედან გამომდინარე, წაყენებული მქონდა არა მარტო სლოვაკეთის, არამედ ნატოს გაერთიანებული დაზვერვის ქსელის ჯაშუშობა. არადა, მე ნატოს სამსახურში ვმუშაობდი, ეკონომიკური უსაფრთხოების დირექტორატთან მქონდა ოფიციალური ურთიერთობა, მათი რაპორტერი ვიყავი. აი, ამ საქმეზე დამიჭირეს, რასაც გრიფი „საიდუმლო" დაადეს.

- და მიანც რა იყო თქვენი დაპატიმრების მთავარი მიზეზი?

- მრავალი მიზეზი არსებობდა, მთავარი ლაფანყურის ოპერაციის საქმის წინა პირობებს უკავშირდება. ამჯერად არ განვავრცობ ამ თემას, ვინაიდან ლაფანყურის საქმის დეტალებზე მუშაობს კომისია, რომლის წევრიც მე ვარ და საუბრის უფლება ჯერჯერობით არა მაქვს. გპირდებით, როცა ამის დრო მოვა, ექსკლუზიურ ინფორმაციას ისევ „კვირის პალიტრას" მივაწვდი.

- ამბობთ, რომ „კილერა" და მესხელი ლიკვიდირებული არიან. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ეს ორი კაცი იყო მთავარი ბინძური საქმეების შემსრულებელი. მესხელი სახელმწიფო უშიშროების სექტორის კურატორი იყო, მის გარეშე არც მკვლელობები ხდებოდა და არც იარაღისა და ფირების სამალავებს აწყობდნენ. „კილერა" ყველა ბინძურ საქმეს სად-ის სტრუქტურაში ხელმძღვანელობდა. ასეთ მოწმეებს ცოცხალს არავინ ტოვებს.

- მაგრამ მათი ოჯახის წევრები ამოიღებდნენ ხმას, ასეთი ეჭვი რომ ჰქონდეთ.

- მესხელის ძმას ეუბნებიან, რომ ამირან მესხელი ესპანეთში იმალება, თუმცა ატყუებენ. როცა ოჯახი მიხვდება, რომ ის ლიკვიდირებულია, ხმასაც ამოიღებს.

ამ ერთი წლის განმავლობაში მეგის ქარდავა გამოჩნდა. დათა ახალაიას, სოსო თოფურიძის, მესხელისა და „კილერას" ჩამიჩუმი კი არსაიდან ისმის, სხვათა შორის, ის, რომ მეგის ქარდავა აფხაზეთშია, ნიშნავს, რომ თავშესაფარი რუსულ ეფ-ეს-ბეს სთხოვა. ქარდავას ქურდები ძალიან ჰყავდა გამწარებული, ასე რომ, მხოლოდ ეფ-ეს-ბეს შეეძლო მისი დაცვა. სანაცვლოდ, ქარდავამ ეფ-ეს-ბეს, ალბათ, ყველა მასალა ჩაუგდო ხელში. გარწმუნებთ, ამ მასალების 10 %-იც კი არ არის, რაც სამეგრელოს საცავებში იპოვეს. გარდა ამისა, ეფ-ეს-ბეს ქარდავასგან უკვე ეცოდინება ყოფილი ხელისუფლების აშშ-თან კავშირების საიდუმლო დეტალები, ასევე აგენტურული ქსელი, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება კომპრომატებით მართავდა. მოვა დრო, როცა ბევრი რამ, რაც ჯერ ისევ დაფარულია, გამოაშკარავდება.

ეკა ასათიანი

გაზეთი „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016