საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის წევრები, რომლებიც დაკითხვაზე დაჰყავთ, პოლიტიკურ საკითხებთან კავშირში არ არიან და ყველა გადაწყვეტილებას, მათ შორის ფინანსურ საკითხებზე, თავად იღებდა.
"პრეზიდენტის დაცვის ყოფილი თანამშრომლები, ახლა უკვე პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფი დაცვის სამსახურის, ჩემზე მომაგრებული დაცვის თანამშრომლები დაკითხვებისთვის მოდულში დაჰყავთ. მინდა, ყველას ვუთხრა, ეს ბიჭები არიან წესიერი, პატიოსანი, მშრომელი, თავდადებული ბიჭები, რომლებიც სახელმწიფო საქმეს აკეთებენ. ისინი არაფერ კავშირში არიან პოლიტიკურ საკითხებთან, რომელიც ვლადიმერ პუტინს და ბატონ პრემიერს ერთად აქვთ ჩემთან. დღე და ღამე არ უძინიათ, პრაქტიკულად ოჯახებს ვერ უვლიდნენ, მთელი წლები დამყვებიან უკან. მე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ მომაშორეთ ეს ხალხი და ისედაც გადავაადგილდები. ისინი მოექცნენ საოცარი წნეხის ქვეშ. მათ უარი თქვეს თანამშრომლობაზე უკანონო საკითხებზე ჩემთან მიმართებაში. ამის შემდეგ პირადად დაემუქრნენ დაჭერით. თუ რამე გინდათ, მომმართეთ მე, რა შუაშია დაცვის თანამშრომელი, რომელიც დამყვება უკან და ასრულებს სახელმწიფო მისიას. ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდი მე - სად წავსულიყავი, რა გამეკეთებინა, ვის შევხვედროდი. ყველა ფინანსურ საკითხზე ვიღებდი გადაწყვეტილებას მე, არცერთი უკანონობა არ გაგვიკეთებია. ეს ბიჭები ჩვეულებრივი სამშობლოს პატრიოტები არიან და თუ ჰქონია ვინმეს, რომ რახან ვერ იყიდი უნდა დააშინო, ვერც იყიდიან და ვერც დააშინებენ", - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი დაცვის წევრების დაკითხვის ფაქტს.