„საფლავში ჩაგდებული და მიწამიყრილი „ნაციონალური მოძრაობა" „ქართულმა ოცნებამ" საფლავიდან ამოიყვანა და ახლა გამალებულად ცდილობენ, რომ გაწმინდონ და გარეცხონ. ამისთვის არ აურჩევია „ქართული ოცნება" საზოგადოებას. ხალხმა ივანიშვილს ხმა იმიტომ მისცა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მოეშორებინა ხელისუფლებისგან. მეც ასევე დიდი ენთუზიაზმით მივეცი ხმა ბიძინა ივანიშვილს და ნაკლები ენთუზიაზმით მის კოალიციას და არა იმიტომ რომ „ნაცმოძრაობის" გაცოცხლებისთვის შემეწყო ხელი,"- განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში „მთავარი კითხვა".
ბურჯანაძე ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის" „აღორძინებაში" ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში „მახინჯი კოჰაბიტაცია დამთავრდება და სისტემის ნგრევა დაიწყება."
მისი აზრით, აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რადგან „დღევანდელი პარლამენტი ქვეყანაში არსებულ რეალობას არ ასახავს." "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში კოალიციას გამარჯვების შანსი ნაკლებად აქვს.
„ თუ ბიძინა ივანიშვილი კოალიციის ხელმძღვანელობიდან სამოქალაქო სექტორში გადავა, კოალიციის წევრი პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ბარიერის გადალახას ვერ შეძლებს"- ვარაუდობს საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე.