თბილისში, პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქუჩაზე, 48 დევნილ ოჯახს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ახალი ბინების გასაღებები გადასცა.
„მსურველი იყო გაცილებით მეტი, მაგრამ კრიტერიუმების მიხედვით ბინები მიიღეს იმ დევნილმა ოჯახებმა, რომელთა მდგომარეობაც უფრო მძიმეა. უახლოეს მომავალში ჩვენ კიდევ ერთ მსხვილ ობიექტს გავხსნით თბილისში, თემქაზე 90 ოჯახისათვის. შემდეგ გლდანში, ბაბუციძის ქუჩაზე და შემდეგ 6 კორპუსი გვექნება ვაზიანში, ამავე დროს დავიწყებთ ახალ მშენებლობებსაც. ძალიან მალე ახალი ობიექტები გაიხსნება ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში. ასე რომ, მინდა დავაიმედო დევნილები, რომ მიმდინარე წელს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერი გაკეთდება და ძალიან ბევრი, ათასობით ოჯახი მოიგვარებს თავის მძიმე საბინაო პრობლემას, რომელიც 20 წელიწადია გრძელდება", - განაცხადა მინისტრმა დავით დარახველიძემ.
პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე N5-ში მდებარე ყოფილ საწარმოო შენობას დევნილთა სამინისტრომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და საცხოვებლად გადააკეთა. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია შპს „ნიუ ონსტრაქშენმა" განახორციელა. პროექტის სატენდერო ღირებულებამ 1 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ შენობაში საცხოვრებელი ფართის მისაღებად სულ 1524 განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 48 ოჯახი შეირჩა.
ბინების გადაცემამდე ერთი დღით ადრე, დევნილთა სამინისტროში, საცხოვრებელი ფართები ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის მიხედვით გამოვლინდა, თუ ვინ რომელ სართულზე მიიღებს საცხოვრებელ ფართს. 3 სართულიან შენობაში სულ 48 ბინაა, აქედან 12 ერთ ოთახიანი, 27 ორ ოთახიანი და 9 სამ ოთახიანი. მშენებლობაზე 5 დევნილი იყო დასაქმებული.