„საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს, რომელთა წლიური შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატება, დაუბეგრავი მინიმუმი მეორე და მესამე კვარტალში დაბრუნდებათ“, - ამის შესახებ ფინანასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუმარტა, 1-ელ აპრილამდე მოხდება იმ ადამიანების შემოსავლების დეკლარირება, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 500 ლარზე მეტი არ არის.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უკვე აქვს დაზუსტებული ბაზები, რომელ ადამიანს დაუბრუნდება თანხა და ვის არ დაუბრუნდება. დაახლოებით, 170 მლნ ლარი დაბრუნდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. იქამდე კი, შემოსავლების სამსახური წინასწარ გამოაცხადებს და ადამიანებს, რომელთა დარიცხული შემოსავალი 6000 ლარზე ნაკლები ჰქონდათ, უნდა მივიდნენ ნებისმიერ კომერციულ ბანკში, წარადგინონ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ბანკის თანამშრომელი ბაზაში ინფორმაციას გადაამოწმებს და თუ ადამიანი მოთხოვნას აკმაყოფილებს, მის ანგარიშზე უახლოესი, ალბათ მეორე და მესამე კვარტლის განმავლობაში დაირიცხება მაქსიმუმ 360 ლარი ანუ 150 ლარი თვეში არის გათავისუფლებული გადასახადისაგან და აღნიშნული 150 ლარის 20% გამრავლებული 12-ზე, არის 360 ლარი, რომელიც დაუბრუნდება ადამიანებს მეორე და მესამე კვარტლის განმავლობაში“, – აცხადებს მინისტრი.