reportiori.ge - გრიფით „საიდუმლოდ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:56
პრეს-დაიჯესტი
გრიფით „საიდუმლოდ“
ავტორი:
20 იანვარი, 2014. 19:09

ვინ არის დავით კეზერაშვილი – ბიზნესმენი თუ მაფიოზი? როგორ იქცა ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლად? მიხეილ სააკაშვილისთვის კორუფციასთან მებრძოლი კეზერაშვილი როგორ გახდა 4 წელიწადში მილიარდერი? საქართველოს ომწაგებული თავდაცვის ექსმინისტრის ირგვლივ რატომ ატყდა საერთაშორისო სკანდალი? რატომ გაჩნდა ეჭვი, რომ ის იარაღის კონტრაბანდაშია ეჭვმიტანილი? სად წავიდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიარდით შეძენილი უახლესი სამხედროტექნიკა და რატომ შეხვდა აგვისტოს ომის ქართული ჯარი ხელცარიელი?

 

 

თუ სააკაშვილის ცნობილი წერილით ვიმსჯელებთ, უცნაურია ისიც, რატომ უნდა ებრძოდეს რუსეთი კეზერაშვილს, როცა მან პრაქტიკულად უბრძოლველად ჩააბარა ე.წ. სამხრეთ ოსეთი, მეტიც, ის სპეცრეისით ჩამოიყვანეს საფრანგეთიდან, ომის დაწყების დღეს ქვეყანაში არ იმყოფებოდა, როცა მასთან კაბინეტში ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შევიდა, კონკრეტული სამოქმედო გეგმით, კეზერაშვილმა მათ განუცხადა, სულ ფეხეზე მკიდია თქვენი გეგმაც და ეს ომიცო. სააკაშვილს თავის წერილში კეზერაშვილი წმინდანად გამოჰყავს, თუმცა ყველას გვახსოვს კოდუას დაკვეთით გაკეთებული ფარული ჩანაწერი, სადაც ფინანსური პოლიციის მაშინდელი შეფი დავით კეზერაშვილი განგრეულ კაიფშია და თავის მძღოლს კიდევ ერთი „ბაიანის“ ამოტანას ავალებს, თუმცა კიდევ უფრო სერიოზული ბრალი პირველად სწორედ ამ ჩანაწერიდან გამოიკვეთა, როცა კეზერაშვილი მანქანების არასწორ ტენდერებში გამოიჭირა კოდუას უწყებამ და მის საქმიანოაში კორუფციის ნიშნები აღმოაჩინა.

 

 

ამის მიუხედავად, კეზერაშვილი არავის დაუსჯია, მისი კარიერა გეომეტრიული სისწრაფით იზრდებოდა და მისგან მილიარდერი ბიზნესმენიც მივიღეთ. 9 წლის მანძილზე ჩვენი გაზეთით უამრავი კომპრომატი ქვეყნდებოდა მასზე, თუ როგორ „ახევდა“ ის ადამიანებს ბიზნესებს, როგორ ჩაიგდო ხელში საქართველოს სტრატეგიული ობიექტები... მისი „მოღვაწეობის“ პიკს კი იარაღით უკანონო ვაჭრობას უკავშირებენ. როგორც გენერალი ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, აგვისტოს ომმა ყველაფერი ჩამოწერა, საქართველოს ხელისუფლების ინტერესში იყო ამ ომის წამოწყება, მეტიც „ნაცმოძრაობა“ რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო, კიდევ ერთი ომი გარდაუვალი იქნებოდა. და მაინც, რატომ იყო საჭირო ომი? საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კვოტის მიხედვით იძენდა ძვირადღირებულ იარაღს. ერთ-ერთი სქემის მიხედვით, საქართველო იარაღს ყიდულობდა უკრაინიდან, „უკსპეცექსპორტიდან“, თანხები კი ირიცხებოდა ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის „ბელთრეიდინგი“ გავლით, შუამავალი კომპანია საჭირო იყო ფულის გასათეთრებლად. გენერალი წითელაშვილის თქმით, ერთ ოპერაციაში გადაირიცხა 100 მილიონი, აქედან „ბელთრეიდინგში“ დარჩა 80 მილიონი და 20 მილიონი გადაირიცხა „უკსპეცექსპორტში“. ოფშორში დარეგისტრირებული ეს კომპანია ასევე საჭირო იყო იმისთვის, რომ მესამე ქვეყნებზე, ანუ იმ ქვეყნებზე, რომელთაც იარაღის შეძენაზე ემბარგო ედოთ, გადაყიდული იარაღის თანხები ჩარიცხულიყო „ბელთრეიდინგში“. არის ეჭვი, რომ ამ გზით იარაღი ხვდებოდა ტერორისტების ხელში, ომი კი საჭირო იყო იმისთვის, რომ იარაღი ჩამოწერილიყო, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაიკარგებოდა შეძენილი ძვირადღირებული იარაღის კვალი, – ასეთია სამხედრო ექსპერტების აზრი.

 

 

კეზერაშვილის ადვოკატები პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ ხელისუფლებას და კატეგორიულად უარყოფენ, რომ ის იარაღით უკანონო ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი, თუმცა ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. იქნებ სააკაშვილის თვითაღიარების საფუძველზე, რომ კეზერაშვილი მათი პარტიის მთავარი დამფინანსებელი იყო, დაიწყოს გამოძიება, როგორ გახდა კეზერაშვილი მილიარდერი? სააკაშვილმა ამ წერილით ჩვენება მისცა საფრანგეთის პროკურატურას, მისი ანგარიშები ასევე შეისწავლა საერთაშორისო აუდიტა „დელოიტმა“, საიდანაც ირკვევა, რომ კეზერაშვილის სახელზე ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის ანგარიშზე მილიარდიანი ბრუნვა ფიქსირდება 2009 წლიდან 2012 წლამდე. უცნაურია, თავდაცვის ომწაგებულმა მინისტრმა ამდენი ფული როგორ დააგროვა?!

 

 

 

საქართველოში იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით ეჭვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც გაოთქვამდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში პირდაპირ ეწერა, რომ საქართველო იქცა იარაღის კონტრაბანდის ადგილად და ნარკოტიკების სატრანზიტო დერეფნად. წლების წინათ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ჩვენთან ინტერვიუში გაკვრით ისიც ახსენა, რომ ჰილარი კლინტონი აღშფოთებას გამოთქვამდა და თავად იყო დაინტერესებული, გაერკვია, რეალურად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ თუ არა ჩართული იარაღის კონტრაბანდაში. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ტერორისტების გააქტიურება, ამერიკა-ირანის კონფლიქტის გამწვავება... ამიტომ დაინტერესდნენ, როგორ აღმოჩნდა ტერორიტების ხელში ძვირადღირებული საბრძოლო ტექნიკა. სწორედ ამ მიზნით ამერიკის მხარემ მონიტორინგის ჩატარება დაიწყო. „ქრონიკამ“ მოიპოვა აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გასაიდუმლოებული წერილი და საქართველოში აშშ-ს იმდროინდელი ელჩის ჯონ ტეფტის პასუხი.

 

 

ჰილარი კლინტონის წერილში ვკითხულობთ:

„მივმართავ ამერიკის სახელმწიფო სამდივნოს, ამერიკის საელჩოს საქართველოში, ამერიკის საელჩოს კიევში, სოფიაში, ამერიკის ცენტრალურ დაზვერვას ვაშინგტონში, „ეფ-ბი-აი“-ს, წერილი არის სენსიტიური და ყველას გაფრთხილებთ, რომ ეს არის შიდა მოხმარებისთვის. თბილისში ნიკოლ ოობრაიენს („ეფ-ბი-აი“-ს წარმომადგენელს – ნ.ს.), პორტლუისში კვენტინ ბარბერს, თავდაცვის ოფისის დეპარტამენტს მოეთხოვა სავაჭრო წინასალიცენზიო კონტროლის განხორციელება, შემდეგ ლიცენზიაზე 050180371, ჭურვებისა და შაშხანების ექსპორტზე საქართველოში. შემოწმება განხორციელდეს 30 დღის განმავლობაში, რაც გავლენას მოახდენს მიმდინარე და სამომავლო ლიცენზიებზე. ამ მოთხოვნის მიზანია სეიშელის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია „ბელთრეიდინგისა“ და „კონსალტინგის“ გადამოწმება, რომელიც მუშაობდა ბულგარეთის ინდუსტრიულ კომპანია „ბი-ეი-ემ“-თან, რათა შეესყიდა შაშხანები „ემ-4“ და „ემ-203“ ჭურვები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით. შენიშვნა: „ბელთრეიდინგი“ და „კონსალტინგი“ ასევე ცნობილია, როგორც საქმის მწარმოებელი უკრაინაში, კომპანია საკომისიოს იღებს თავისი მომსახურებისთვის ამ ტრანზაქციაში, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კომპანია არ არის ჩამონათვალში, როგორც ექსპორტის ლიცენზიის მომთხოვნი. ის არ აკმაყოფილებს იარაღის რეგულაციის საერთაშორისო ნორებს, არის ეჭვი, რომ კომპანია დაკავშირებულია იარაღით უკანონო ვაჭრობასთან და მას კავშირები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან. ესიშელის მთავრობა მიიჩნევს, რომ „ბელთრეიდინგზე“ საჭიროა მეტი ინფორმაცია იყოს მოძიებული ამ ტრანზაქციებისა და მხარეთა ჩართულობის შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა უნდა დაადასტურონ საჭიროება მოთხოვნაში ჩამოთვლილ შაშხანებსა და ჭურვებზე, 2007-2008 წლებში დათარიღებული დოკუმენტები კვლავ არის თუ არა მოქმედი თავდაცვის სამინისტროსთვის? რა როლს ასრულებდა სეიშელში დარეგისტრირებული „ბელთრეიდინგი“ და „კონსალტინგი“ ამ ტრანსაქციებში? რა პირობებია იმ კონტრაქტით გათვალისწინებული, რომელიც დაიო საქართველოს სამინისტროსა და „ბელთრეიდინგის“ შორის ამ კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველომ შაშხანები და ჭურვები შეიძინა. იღებს თუ არა საკომისიოს „ბელთრეიდინგი“ და „კონსალტინგი“ ამ მომსახურების გაწევისას? იყო თუ არა სხვა კომპანიები ჩართული ამ ტრანზაქციებში, არის თუ არა მესამე მხარე საკომისიოს მიმღები?

 

 

მოგეთხოვებათ, „ბელთრეიდინგისა“ და „კონსალტინგის“ შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ ვამოწმებთ იმ პირების კეთილსინდისიერებას, ვინც ჩართულია იარაღის ექსპორტსა და იმპორტში. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ყველა ინფორმაცია, რაც დაეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, გასწიოს მონიტორინგი ამერიკული თავდაცვის კუთხით. ეს კიდევ გაამყარებს ჩვენს ნდობას, იარღით სავაჭრო ურთიერთობებში. რა ურთიერთობები გააჩნია „ბელთრეიდინგს“ საქართველოს მთავრობასთან და თავდაცვის სამინისტროსთან. რა პირობებით მუშაობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. ვინ არის საკონტაქტო პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან?.. არის თუ არა „ელთრეიდინგისთვის“ ცნობილი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წესები, მათ შორის იმ შეზღუდვების შესახებ, რასაცა ჰქვია ექსპორტი. არის თუ არა „ბელთრეიდინგი“ და „კონსალტინგი“ მართებულად რეგისტრირებული სეიშელის მთავრობის მიერ გაყიდვების სფეროში?.. რამდენად იცავს იმ თავდაცვის წესებს, რაც სეიშელზე და დანარჩენ მსოფლიოში არსებობს“.

 

 

 

კლინტონის წერილის დასასრულს მითითებულია საქმის ნომერი, 7000 „ემ-5“ „ა-1“ შაშხანა, 5,56 მმ. 2000 „ემ-2“, „03“... ლიცენზიის ღირებულება 6 მილიონ 600 ათასი დოლარს შეადგენს, საქმეში ფიგურრებს, „ბელთრეიდინგი“ და „კონსალტინგი“, რომელიც მდებარეობს სეიშელის კუნძულებზე, სამხედრო შეიარაღების საბოლოო მომხმარებელი არის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. გადარიცხვას ხელს აწერს მამუკა მუჯირი, 11 აპრილი 2008, ზაზა გოგავა, 11 აპრილი, 2008 წელი და ალმენდიევი არკადი. „ბელთრეიდინგი“ და „კონსალტინგი“ 2008 წლის 11 აპრილი“.

 

 

ჰილარი კლინტონს, საქართველოდან ეგზავნება აშშ-ს ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის საიდუმლო პასუხი:

„თავდაცვის სამინისტროსა და „ბელთრეიდინგს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებზე დასმულია რამდენიმე კითხვა. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ოთარ ბერძენიშვილი განმიმარტავს, „ბელთრეიდინგი“ არის უკრაინული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია სეიშელში. „ბელთრეიდინგსა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებობდა საქმიანი ურთიერთობა ჯერ კიდევ 2006 წლიდან, თავდაცვის სამინისტრომ დადო არაერთი კონრაქტი ამ კომპანიასთან, ბერძენიშვილი არ არის კმაყოფილი „ბელთრეიდინგის“ მიერ შესრულებული სამუშაოთი. მას სურს, შეწყვიტოს თავდაცვის სამინისტრომ ამ კომპანიასთან საქმიანობა, ოღონდ ისე, რომ არ დაიკარგოს საქართველოს მთავრობის თანხები, რაც უკვე გადახდილია. ბერძენიშვილი შეშფოთებას გამოთქვამს „ბელთრეიდინგსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ კონტრაქტებზე, კერძოდ, ის შეშფოთებულია, თუ როგორ არის გაფორმებული კონტრაქტები. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს საქმიანობა არ არის გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულებების ნაკლებობა, „ბელთრეიდინგში“ დაწესებულია მაღალი საკომისიო განაკვეთი, რაც სტანდარტებს სცილდება. ბერძენიშვილი ეჭვობს, რომ „ბელთრეიდინგში“ ილექება საქართველოდან წასული დიდი თანხები, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების კონტრაქტები წინ არ წასულა. ზოგიერთ შემთხვევაში ლიცენზიებიც კი უარყოფილ იქნა. „ბელთრეიდინგში“ მაინც დარჩება თანხები, მიუხედავად იმისა, ტვირთი მიწოდებული იქნება თუ არა ადრესატამდე“.

 

 

როგორც ხედავთ, ეს კიდევ ახალი სკანდალია „ბელთრეიდინგის“ მიმართულებით. იქნებ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვიხსნას, რისთვის სჭირდებოდათ ეს კომპანია, სადაც საეჭვო გადარიცხვები ხდებოდა? ან იქნებ ჰილარი კლინტონის კითხვებს გასცენ პასუხი და აგვიხსნან, რატომ დაინტერესდა თავის დროზე ამერიკა ამ თემით? როგორც გენერალი ტრისტან წითელაშვილი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, „ბელთრეიდინგის“ უკან იდგა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, რომელიც გარედან ეხმარეოდა კეზერაშვილს და მის დაჯგუფებას იარაღით უკანონო ვაჭრობაში. კითხვები დაისვა, საიდუმლო მიმოწერა გამჟღავნდა, იქნებ ჰილარი კლინტონს ჰკითხოთ, რატომ დაინტერესდა ის საქართველოსა და ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის ურთიერთობებით? სადაც ის ეჭვს გამოთქვამს, რომ იარაღის გადაყიდვის გზით ამ კომპანიაში ფული ილექება...

 

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სათავე დაუდო ელიტურ კორუფციას. კარგად დამუშავებული კორუფციული საქმეების  წყალობით, 2008 წელს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ოფიციალურად ააწყო ბიზნესი კეზერაშვილმა. დავით კეზერაშვილი საქართველოში ყველაზე წარმატებულ ოლიგარქად იქცა. მან 4 წელიწადში იშოვა იმდენი, რასაც სხვები მთელი ცხოვრება ოცნებობენ. კეზერაშვილი ზემომგებიან, ნავთობპროდუქტების ბიზნესს აკონტროლებდა საქართველოში. ის კომპანია „გალფ-ჯორჯიას“ მეწილე იყო, რომელიც ამრიკულ კომპანია „გალფს“ წარმოადგენს საქართველოში. სხვათა შორის, „გალფის“ საქართველოშიშემოსვლისთანავე, კომპანია „ლუკოილმა“ მას 65 ავტოგასამართი სადგური მიჰყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა, უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, „ლუკოილი“ სახელისუფლებო ბერკეტების საშუალებით გააძევა ბაზრიდან. „გალფის“ საქართველოში გამოჩენისთანავე, კეზერაშვილის ხელში გადავიდა სამი კომპანიის – „სენტას“, „მაგნატისა“ და „ეკოს“ ავტოგასამართი სადგურები, მათი მფლობელები კეზერაშვილმა და მისმა პარტნიორებმა, უბრალოდ, აიძულეს, დაბალ, არასაბაზრო ფასად დაეთმოთ მათთვის ბიზნესი.

 

 

დავით კეზერაშვილი პარალელურად ფლობდა ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია „უნიგრუპს“. ეს კომპანია მისი ცოლისძის, ირაკლი ჩიქოვანის სახელზეა გაფორმებული. „უნიგრუპმა“ 3 წლის მანძილზე არაერთი სახელმწიფო ტენდერი მოიგო. ეს კომპანია სახელმწიფო დაწესებულებებს საბაზრო ფასზე მაღალ ფასში აწვდიდა ნავთობპროდუქტს, მაგრამ სამართლებრივი რეაქცია სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა. კეზერაშვილი სრული მონოპოლისტი გახდა სარეკლამო ბიზნესის, თუმცა ის ირაკლი ჩიქოვანის სახელზე ფიქსირდებოდა. სარეკლამო კომპანია „აუტდორ.გე“-ს სრული მონოპოლისტი იყო ე. წ. გარე რეკლამის ბაზარზე.

 

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაბიზნესმენებული კეზერაშვილი ფლობდა სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი-2“-ისა და „მზის“ 40-40 %-ს. „რუსთავი-2“-ში თავდაცვის ყოფილი მინისტრი კომპანია „მედია ჯორჯიათი“ იყო წარმოდგენილი, „მზეში“ – „ჯორჯიან მედია კომპანით“. კეზერაშვილი იყო ყველგან და ყველაფერში, მისი ბიზნესწილების დასახელება ძალიან შორს წაგვიყვანს, აქ მაინც მთავარი ისაა, გამოძიება, რომელიც საქართველოს პროკურატურამ წამოიწყო, გავა თუ არა იმ საერთაშორისო დანაშაულის კვალზე, რასაც იარაღით უკანონო ვაჭრობა ჰქვია და რაშიც კეზერაშვილია ეჭვმიტანილი. და თუკი კვალი გამოიკვეთა და დადასტურდა, რომ ის ამარაგებდა ტერორისტებს, მაშინ ეს საკითხი მიხეილ სააკაშვილსაც გადაიყოლებს და მის „ნაციონალურ მოძრაობასაც“ უკვე საერთაშორისო დონეზეც.

 

 

ნინო სამხარაძე

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა“

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016