reportiori.ge - რუსუდან შარაძე მამამისის მკვლელობის უმნიშვნელოვანესი მოწმის ვინაობას ასახელებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:36
მთავარი თემა
რუსუდან შარაძე მამამისის მკვლელობის უმნიშვნელოვანესი მოწმის ვინაობას ასახელებს!
20 იანვარი, 2014. 14:14

გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარი მამის მკვლელობის საქმეში უმნიშვნელოვანესი მოწმის ვინაობა დაასახელა. მან ხელისუფლებას მიმართა და საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა.

 

 

მოწმე პოლიციელი გახლავთ გურიკა ქადარია. თანმიმდევრობით გაგაცნობთ თუ რას ამბობს ის და ვისგან გავიგე მე ეს ამბავი: 2013 წლის 21 მაისს, ზუგდიდში, ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ გურიკა ქადარიას მეგობრისგან შემთხვევით გაიგო გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ იმ დრომდე უცნობი ინფორმაცია. ჟურნალისტ ნანა ფაჟავასთვის ცნობილი გახდა, თუ ვის მიერ და რა ვითარებაში მოხდა მამაჩემის მკვლელობის ორგანიზება და სავარაუდოდ, შესრულებაც. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, 23 მაისს, ნანა ფაჟავა ზუგდიდში გურიკა ქადარიას შეხვდა და უშუალოდ მისგან მოისმინა მამაჩემის მკვლელობის დაგეგმვის სხვა დეტალები. ჟურნალისტი ნანა ფაჟავა დაჟინებითა და მუდარით სთხოვდა მოწმეს, რომ მომხდარის შესახებ პროკურატურისთვის ეცნობებინა, რაზეც ქადარია 2 დღის შემდეგ დათანხმდა. 2013 წლის 27 მაისს, ნანა ფაჟავამ უზრუნველყო გურიკა ქადარიას შეხვედრა მაშინდელ საოლქო პროკურორთან, ვალერი იოსავასთან. ამ შეხვედრიდან დაახლოებით ორ კვირაში, გურიკა ქადარია პროკურორმა ირაკლი წულაიამ გამოკითხა.

 

 

მე ნანა ფაჟავასგან შევიტყვე, გურიკა ქადარიას მიერ პროკურატურაში მონათხრობი საზარელი ისტორიის დეტალები. კერძოდ: მამაჩემის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის იმჟამინდელმა უფროსის მოადგილემ, მეგის ქარდავამ დაიბარა მასზე სამსახურეობრივად დაქვემდებარებული გურიკა ქადარია. გურამ შარაძის მკვლელობის სისრულეში მოსაყვანად, მეგის ქარდავამ გურიკა ქადარიას უბრძანა ზუგდიდიდან თბილისში, ორი სპეცრაზმელის ავტომანქანით გადაყვანა. გია ფაჩულია და თემურ ჯგერენაია - ესენი არიან ის სპეცრაზმელები, რომლებსაც მეგის ქარდავას გეგმის მიხედვით, მამაჩემი უნდა მოეკლათ. თბილისში ჩამოსულ ქადარიას, ფაჩულიას და ჯგერენაიას შემდეგი მითითებები გია დგებუაძისგან, იგივე "მასტერასგან" უნდა მიეღოთ. გაწეული "სამსახურისათვის" მეგის ქარდავამ გურიკა ქადარიას წინასწარ გადაუხადა 5 ათასი დოლარი. ეს თანხა ქადარიას პირადად გადასცა ქარდავას მარჯვენა ხელის, კოხტა კოდუას ბიძამ.

 

 

რაც შეეხება კიდევ ერთ "საჭირო" ნივთს, ცეცხლსასროლ იარაღს, ეს უკვე მაშინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის, კახა ლატარიას უშუალო დავალებით, ქადარიას თავად კოხტა კოდუამ გადასცა. გურიკა ქადარიამ გადაწყვიტა, რომ არავითარი მონაწილეობა არ მიეღო მამაჩემის მკვლელობაში, თუმცა ამის პირდაპირ და ხმამაღლა თქმა ვერ გაბედა. რამდენიმე დღის განმავლობაში ქადარია ზუგდიდის სხვადასხვა კლინიკაში მიმართავდა ექიმებს, თითქოსდა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით. ქადარიას ამგვარმა ქცევამ მეგის ქარდავასა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებში ეჭვი და უნდობლობა გამოიწვია, რასაც მოჰყვა ქადარიას და მისი მეგობრების მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა. პირველ ეტაპზე მეგის ქარდავამ გურიკა ქადარია რამდენიმე დღით სამხარეო პოლიციაშიც კი გამოკეტა. ქადარიას ემუქრებოდნენ და მასზე ზეწოლას ახდენდნენ სამხარეო პოლიციის სხვა თანამშრომლებიც - ლაშა ექონია, ზაზა ხასაია და გურიკა ჭითანავა. ეს ის გურიკა ჭითანავაა, რომელიც დააკავეს გასულ წელს, სამეგრელოში, სამალავებში წამებისა და გაუპატიურების ცნობილი კადრების აღმოჩენის შემდეგ. საბოლოოდ, ქადარიას სანდოობის განსაზღვრა მოხდა ბრძანებით, რომელიც სამხარეო პოლიციის იმჟამინდელი უფროსის, თენგიზ გუნავას სამუშაო კაბინეტში გაიცა. ანუ მეგის ქარდავა და თენგიზ გუნავა ქადარიასგან მოითხოვდნენ საკუთარი ბიძის, დედის ძმის დაკავებას. ანუ დისშვილს ბიძა ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით უნდა დაეპატიმრებინა. ამაზე გურიკა ქადარიამ უკვე ღიად თქვა უარი, რის გამოც თენგიზ გუნავა მას ფიზიკურად იქვე გაუსწორდა. იმავე დღეს ქადარიამ სამხარეო პოლიციაში მუშაობაზე უარი განაცხადა და შესაბამისი .. პატაკიც დაწერა. ამ ინციდენტიდან ცოტა ხანში, გურიკა ქადარიას საცხოვრებელ სახლში სამხარეო პოლიციამ სპეცოპერაცია ჩააატარა. სახლი გაჩხრიკეს, ქადარია სასტიკად სცემეს. ამ დროს მას მიუახლოვდა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს იმჟამინდელი უფროსი კობა ნარსია და იმ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილის მითითება მოითხოვა, რომელიც მას გურამ შარაძის მკვლელობის დაგეგმვისას, ქარდავასა და ლატარიას განკარგულებით, კოხტა კოდუამ გადასცა. დედისთვის მიბარებული იარაღი პოლიციამ ამოიღო“. გურიკა ქადარია კი იარაღის უკანონოდ შენახვის ფაქტზე დააკავეს. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ქადარია მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყო. მკვლელობის შემკვეთები დარწმუნდნენ, რომ ქადარია გურამ შარაძის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას არ გასცემდა, იგი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, ქადარიამ 5 ათას დოლარი მეგის ქარდავას დაუბრუნა.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ქადარია "ქართულ ოცნების" საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ქადარიას სახლში ოცნებამსაარჩევნო შტაბი გახსნა. ზემოთ ჩემს მიერ მოყვანილი ფაქტები გურიკა ქადარიამ გასულ წელს სამეგრელოზემო სვანეთის პროკურატურას ოფიციალურად განუცხადა, მაგრამ, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, დასახელებული პირებიდან, რომლებსაც პირდაპირი თუ ირიბი კავშირი აქვთ მამაჩემის მკვლელობასთან, პროკურატურას არცერთი არ დაუკითხავს. ამ საქმის მიმართ ინტერესი, არც ცოტა ხნის წინ დანიშნულ საოლქო პროკურორს, გოჩა უბილავას გამოუჩენია“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

 

შარაძის ინფორმაციით, მის მიერ დასახელებული პირები, ორი სპეცრაზმელიდან ერთ-ერთი - თემურ ჯგერენაია, მეტსახელად "ჯგერე", ცოტა ხნის წინ, უკრაინაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა; მეორე, გია ფაჩულია დღეს შს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული აფხაზეთის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელის მოადგილეა.

 

შარაძის ინფორმაციით, გია ფაჩულია დაკავებულ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც გურიკა ქადარია საოლქო პროკურატურაში უკვე გამოკითხული იყო, პროკურორ ირაკლი წულაიას მიერ; კახა ლატარიას, კუდ-ის ყოფილ უფროსს, ახლაც დიდი თანამდებობა უკავია, სამხარეო პოლიციაში იგი საგამოძიებო ნაწილის უფროსია. კობა ნარსიას, ზუგდიდის პოლიციის მაშინდელი უფროსი დღეს შსს-ში საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა.

 

ზემოთ დასახელებულ პირებზე საჯაროდ დღემდე არ მისაუბრია, ამ წუთამდე თავს ვიკავებდი, ვცდილობდი, არ დამერღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. აგრეთვე, არ ვამჟღავნებდი მოწმის ვინაობას, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, გურიკა ქადარიას სამხარეო პროკურატურაში მისვლის წუთიდან, სააკაშვილს და მის ბანდას უკვე ექნებოდათ ინფორმაცია, რომ ქადარიამ ყველაფერი თქვა! ვითმენდი იმ იმედით, რომ მთავარი პროკურატურა, კერძოდ, არჩილ კბილაშვილი და მისი მოადგილეები კეთილს ინებებდნენ და შეასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ ისინი ისე წავიდნენ თანამდებობიდან, რომ არათუ გამოძიება დაიწყეს, პასუხიც კი არ მაღირსეს“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

 

შარაძის ქალიშვილი მოითხოვს დასახელებული მაღალჩინოსნების სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერებას. რუსუდან შარაძის კატეგორიული მოთხოვნაა დაცული იყოს მოწმე გურიკა ქადარიასა და ჟურნალისტ ნანა ფაჟავას სიცოცხლე და უსაფრთხოება.

 

მათ ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეთ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას! მოვითხოვ დაიკითხოს ჩემს მიერ დასახელებული ყველა პირი! ბოლო ერთი წლის მანძილზე, ჩვენ მთავარ პროკურატურაში შევიტანეთ არაერთი მასალა, მოწმეთა დაკითხვის ოქმები და სხვა, რაც საკმარისზე მეტია ხელახალი გამოძიების დასაწყებად“, - განაცხადა შარაძემ და მიმართა საქმის სხვა მოწმეებს, დაარღვიონ დუმილი და თქვან, რაც საკუთარი თვალით აქვთ ნანახი 2007 წლის 20 მაისს.

 

სამართლიანობას სახლში ლანგრით არავინ მოგართმევთ, ეს ჩვენი მოსაპოვებელია. დროა, ყველამ იგრძნოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე და თუნდაც, მამაჩემის წინაშე, რომელიც ამ ქვეყანას და ამ ხალხს შეეწირა“, - აღნიშნა შარაძემ.

 

 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016