reportiori.ge - დემურ გიორხელიძე: ჯადოქარიც ვერ შეძლებდა იმ მოცულობის ფულით, რაც ქვეყანაშია, ეკონომიკაში რაიმე გაეკეთებინა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:39
ეკონომიკა
დემურ გიორხელიძე: ჯადოქარიც ვერ შეძლებდა იმ მოცულობის ფულით, რაც ქვეყანაშია, ეკონომიკაში რაიმე გაეკეთებინა!
22 იანვარი, 2014. 15:20

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე, ლარის კურსის ვარდნას, ეკონომიკის სფეროში არსებული უმოქმედობით ხსნის. ამის შესახებ დემურ გიორხელიძემ, დღეს, „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ფაქტია, რომ ეკონომიკაში არაფერი ხდება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ნულოვანია სამუშაო ადგილებით მოსახლეობის უზრუნველყოფის მაჩვენებელი, არაფერი იცვლება შემოსავლებში და დაიძრა ლარი.  შეშფოთებულმა იმპორტიორებმა, რომლებზეც დაკიდებულია მთელი ქვეყნის ეკონომიკა,  წინ წაიწიეს  და დაიწყეს ფასების ზრდა, რომ მოულოდნელობისგან თავი დაიზღვიონ", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.


მისი თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებული მდგომარეობის თავიდან აცილება, „ეროვნული ბანკის" დროული რეაქციის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო.

 

„წლებია ვიმეორებ და ვეცადე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვისაც ამეხსნა, რომ ლარის კურსი ძალიან ხელოვნურად იყო მაღალ ნიშნულზე, რაც ფულის მიწოდების შეზღუდვით ხდებოდა. ფულის საშინელი შიმშილი ამან განაპირობა, ამიტომ გაჩნდა მევახშეების საშინელი სისტემა. ადამიანს ფული სჭირდებოდა, რაც ხელმიუწვდომელი იყო. ფულის დევალვაცია აუცილებელი გახდა. მაგრამ ის უნდა მიბმულიყო დადებით პროცესებს ეკონომიკაში. თუ ეკონომიკა გაიხსნებოდა შემოსული ინვესტიციების ხარჯზე „ეროვნულ ბანკს" შეეძლო შესაბამისი ლარები გაეშვა მიმოქცევაში. ასეთ შემთხვევაში, გარდაუვალი თანმხლები ინფლაცია მართვადი გახდებოდა არ იქნებოდა ასე შესამჩნევი ადამიანებისთვის", - განმარტა დემურ გიორხელიძემ.

 

ექსპერტი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალის გზაზეც საუბრობს. მისი თქმით,  ამ შემთხვევაში, უპირველესი ამოცანა ლარის კურსის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებაა.

 

„ჩვენ გვაქვს მკაცრი სტატისტიკა, ციფრები, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. „ეროვნულმა ბანკმა" უკვე 430 მილიონ დოლარზე მეტი გაისროლა კურსის სტაბილიზაციისთვის, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ლარის  კურსი რომ უკან წამოვიდეს, აუცილებელია ქვეყანაში დიდი ოდენობით დოლარის შემოსვლა. ამ რეზერვით კი, რაც გაგვაჩნია, კურსის იმ ნიშნულზე გაჩერებაც საეჭვოა, რაზეც ამ დროისთვისაა", - აღნიშნავს  დემურ გიორხელიძე.


მისივე თქმით, იმ  შემთხვევაში, თუ ლარის კურსის სწრაფი კლება დაფიქსირდება, აღნიშნული ფაქტი ხელს როგორც  „ეროვნული ბანკის" პრეზიდენტს, ასევე ფინანსთა მინისტრს შეუქმნის.

 

„ლარი, ალბათ ისევ წამოვა ქვევით, მაგრამ მთავარია ასეთი სწრაფი არ იყოს ტემპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დიდ პრობლემას შეუქმნის, როგორც „ეროვნული ბანკის" პრეზიდენტს, ასევე ფინანსთა მინისტრსაც, რადგან, ასეთ რთულ სიტუაციაში კურსის გაქცევა დაუშვებელია!  ჯერ ეკონომიკა უნდა გაიხსნას და მერე დაიწყოს სხვა ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

 

დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისა და „ეროვნული ბანკის" მხრიდან გაკეთებული განმარტებები არ არის საკმარისი.

 

„უფრო მეტი განმარტებების გაკეთება მართებს როგორც ხელისუფლებას, ასევე „ეროვნულ ბანკს". უფრო ცხადი უნდა იყოს მათი პოლიტიკა. იმ მდგომარეობაში, რაც არსებობდა ლართან მიმართებაში, დევალვაცია გარდაუვალი იყო, ჯადოქარიც კი ვერ შეძლებდა იმ ვალუტითა და იმ მოცულობის ფულით რაც ქვეყანაშია, ეკონომიკაში რაიმე დადებითი პროცესები დაეძრა, ყველაფერს აქვს თავისი დრო", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016