ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტმა (CPT) 2012 წლის ნოემბერში (19-23 ნოემბერი) საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ მომზადებული ანგარიში საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, საქართველოში CPT-ის ვიზიტის დროს განხილული იქნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ნაბიჯები საპატიმროების სისტემაში. CPT ასევე მიესალმება ფართომასშტაბიან ამნისტიას, თუმცა ხაზს უსვამს ციხეების გადატვირთულობას და აღნიშნავს, რომ ამ პრობლემას მდგრადი სტრატეგია სჭირდება.
ანგარიშში CPT-მ, რომლის დელეგაციაც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გლდანისა და ქუთაისის ციხეებს ეწვია, საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს ციხეების სისტემაში სხვადასხვა საკითხებზე, განსაკუთრებით ციხეებში ჯანდაცვის მომსახურების მხრივ.
"შესაბამისი კანონმდებლობა შეიცვალოს ისე, რომ პატიმართა ვიზიტების, სატელეფონო ზარებისა თუ კორესპონდენციის ნებისმიერი აკრძალვა გამოძიების საჭიროებით იქნას დასაბუთებული. შემდგომში აკრძალვის გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი იყოს საქმესთან დაკავშირებული პირისა და მისი ადვოკატისთვის;
შეიცვალოს პატიმრებთან ვიზიტის კანონმდებლობა ზემოხსენებული შენიშვნების გათვალისწინებისა და ევროპული ციხის კანონების 24.1 მუხლის მიხედვით. პატიმართან თვეში ერთი ვიზიტი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პატიმარმა ოჯახთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს", - ნათქვამია CPT-ის ანგარიშში.
ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი მომზადებულ ანგარიშში ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების მომსახურე პერსონალმა და ადმინისტრაციამ მუდივი სიფხიზლე გამოავლინოს პატიმრების მონიტორინგის დროს და ადექვატური ზომები გამოიყენოს პატიმართა შორის ძალადობის აღსაკვეთად.
"გადამწყვეტი ნაბიჯები გადაიდგას ბრალდებულთა და გასამართლებულთა აქტიური საქმიანობის პროგრამების განსავითარებლად. პროგრამის მიზანი უნდა იყოს, უზრუნველყოს, რომ პატიმრებს შეეძლოთ დღის გონივრული ნაწილი (8 საათი ან მეტი) გაატარონ საკნებს გარეთ, დაკავდნენ სხვადასხვა სახის მიზანმიმართული აქტივობებით (მუშაობა, განათლება, სპორტი და ა.შ.), რომელიც მორგებული იქნება ყველა კატეგორიის პატიმარზე (არასრულწლოვნებზე, ქალ პატიმრებზე და ა.შ.)", - ნათქვამია CPT-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ციხის ადმინისტრაციამ უნდა მოახერხოს ციხეებში მომუშავე ექიმებისა და ექთნების დაცვა შესაძლო ზეწოლისგან და მუქარისგან და მკაცრად დაიცვას სამედიცინო დოკუმენტაცია.
"გადამზადდეს ციხეებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი; გატარდეს ზომები გლდანის ციხეში ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით; გაძლიერდეს გლდანის ციხეში სამედიცინო პერსონალი; გადაიდგას ნაბიჯები ქუთაისის N2 ციხეში ექთნების დამატების მხრივ; გადაიდგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფილ იქნას, ექთნების 24-საათიანი ცვლა ქუთაისის N2 ციხეში და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სხვა ციხეებში", - ნათქვამია ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი მომზადებულ ანგარიშში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ქალთა ციხეებში საჭიროა ჰიგიენის ნივთების შეტანა. ქალთა ციხეებში, განსაკუთრებით არასრულწლოვნებთან საჭიროა, შერეული სქესის ადმინისტრაცია. კომიტეტისთვის მიუღებელია ქალთა ციხეების ადმინისტრაციაში მხოლოდ ქალების მუშაობა.
CPT ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შემოიღოს უნიფორმები ციხეების ადმინისტრაციისთვის და მუდმივად იზრუნოს ციხეების დირექტორების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.