პარტია “უდარის” ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამართალდამცველებს მოუწოდა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღი არ გამოიყენონ და სისხლისღვრა აღარ დაუშვან.
„მინდა, მივმართო სამხედრო მოსამსახურეებს და სამართალდამცველებს, თქვენ თქვენი ხალხი უნდა დაიცვათ და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღი არ უნდა გამოიყენოთ, მოგმართავთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ იარაღი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. გადმოდით ხალხის მხარეს. თქვენ დღეს მე გამაკრიტიკებთ იმიტომ, რომ აქტიური ქმედებებისკენ არ მოგიწოდებთ, მაგრამ ჩვენი გადამწყვეტი ამოცანა დღეს ისაა, რომ მეიდანის გაწმენდა არ მოხდეს. ხვალ ჩვენ გაცილებით ბევრი ვიქნებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლისთვის და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით”, - განაცხადა კლიჩკომ.
პარტია “უდარის” ლიდერმა აღნიშნა, რომ ღამე მაიდნის „გაწმენდას“ აპირებენ და აქციის მონაწილეებმა და ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ყველაფერმა მსხვერპლის გარეშე ჩაიაროს.
„ხვალ თუ პრეზიდენტი ჩვენთან შეხვედრაზე უარს იტყვის და დათმობაზე არ წავა, ჩვენ გაცილებით მეტი ვიქნებით და ჩვენ წავალთ მასთან. სხვა გამოსავალი არ არის, რადგან ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. მე ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს სიტუაციის შეცვლა ახლავე სურს, მაგრამ ჩვენ ძალების მოკრება გვჭირდება. მე პირადად არაფრის მეშინია, მეშინია მხოლოდ იმის, რომ ჩემთან მოვლენ და მეტყვიან, რომ დაეღუპათ ახლობელი, მეგობარი, შვილი. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა არ დავუშვა სისხლისღვრა და პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზა ვიპოვო. კიდევ ერთხელ მივმართავ პრეზიდენტს, ვიცი, რომ ამ ყველაფერს უყურებს, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ეს ყველაფერი შეცვალოთ, ვადამდელი არჩევნები შეცვლის ამ სიტუაციას უსისხლოდ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამას მივაღწიოთ. მოუსმინეთ ხალხს და გადაწყვიტეთ ეს პრობლემა,“- განაცხადა კლიჩკომ.