არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ფარული ჩანაწერების განადგურების საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, კომისიის ყველა წევრი აღნიშნულ ფაილებს არ ნახავს. იმის დადგენაში, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ კადრებს გამოძიებისთვის, სავარაუდოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი იქნება ჩართული.
რაც შეეხება საკითხს, დარჩება თუ არა ჩანაწერების ნაწილი, რომელიც არ განადგურდება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც გიგაურმა აღნიშნა, ამაზე ჰამერბერგის დასკვნაშიც არის საუბარი და სწორედ ამიტომ აუცილებელია დამუშავდეს ის 90-ზე მეტი ფაილი, რომელიც პირად ცხოვრებას შეეხება.
გიგაურის ინფორმაციით, ამ კადრების განადგურების წესი 15 აგვისტომდე დადგინდება და ამავე რიცხვამდე განადგურდება.
"ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მთავრობას თომას ჰამერბეგმა შესთავაზა, შესრულდება. სწორედ ამ რეკომენდაციების გამო, ჩვენ რამდენიმე კვირა გვჭირდება, რომ ყველაფერი ისე დავალაგოთ, როგორც ეს რეკომენდაციებშია მოცემული. ისეთი წესი უნდა შევიმუშაოთ, რომ საზოგადოებას ნამდვილად ჰქონდეს ნდობა ამ პროცესის მიმართ და საუბარი აღარ იყოს იმაზე, თუ რა არის ამ კადრებში ასახული," - განაცხადა ეკა გიგაურმა.