უკრაინაში ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, ბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იანუკოვიჩთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
ბულგარეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ როსენ პლევნელიევი გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.
„პრეზიდენტი პლევნელიევი შეშფოთებულია უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციით, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიუღებელია და პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზა არ არის", - ნათქვამია ბულგარეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როსენ პლევნელიევი უკრაინის ხელისუფლებას ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს.
ბულგარეთის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტი მაისში იყო დაგეგმილი.