ავსტრიელი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდნენ. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ავსტრიელ ბიზნესმენებს ფლორიან კნეიდინგერს, როლფ თეუერს და ბენ სალმ-რეიფფორშეიდტს შეხვდა.
სტუმრები ფონდის მისიას, მუშაობის პრინციპებსა და პრიორიტეტულ სექტორებს გაეცნენ.
"ჩვენი ინტერესის სფერო სოფლის მეურნეობის, წარმოების და ინფრასტრუქტურის გარდა ენერგეტიკაც არის. ამ სფეროში ჩვენ რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებაზე ვმუშაობთ. მათ შორისაა 210 მეგავატიანი ნენსკრას, 270 მეგავატიანი ონის და 230 მეგავატიანი გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტები" - აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ.
ფლორიან კნეიდინგერის ინფორმაციით, მათი ინტერესის სფერო განახლებადი ენერგიებია.
"ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, განვახორციელოთ 10-30 მეგავატიანი ჰიდროენერგო პროექტები და ამ მიზნით ვიმყოფებით საქართველოში, რათა ადგილზე შევისწავლოთ ბაზარი და მისი შესაძლებლობები. საქართველო საინვესტიციოდ ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა", - განაცხადა კნეიდინგერმა.
ავსტრიელი ბიზნესმენები წარმოადგენდნენ ავსტრიულ მსხვილ კომპანიას „PRESSBURG PARTNERS". კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს განახლებად ენერგეტიკულ პროექტებში და კონსულტაციებს უწევს ინვესტორებს.
კომპანიას პროექტებს ახორციელებს რუმინეთში, ესპანეთსა და სლოვაკეთში.