თბილისის მერია კუს ტბის ტერიტორიაზე მშენებლობასთნ დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს, რომელსაც "რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"კუს ტბის ტერიტორიაზე ბავშვთა მოსასვენებელი ცენტრის მშენებლობასთნ დაკავშირებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებთან არაფრისმომცემი დავის ნაცვლად, გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია მიმდინარე პროექტის შესახებ.განვმარტავთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს და არც იგეგმება ხეების გაჩეხვა, ხდება მხოლოდ ბუჩქოვანი ნარგავების გადარგვა (ტერიტორიაზე განთავსებულია ძირითადად ბუჩქოვანი ნარგავები და რამოდენიმე ფოთლოვანი ხე) და პროექტის დასრულების შემდეგ ტერიტორიის დამატებითი ნარგავებით გამწვანება მოხდება.კუს ტბის მიმდებარედ არსებული 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონა (რზ-3) 2011 წელს, აუქციონის წესით 650 000 ლარად შპს „ემ ჯგუფი ინფო"-ზე გასხვისდა, რომელსაც შემდეგ შპს „კოლორიტი" ჩაენაცვლა. ინვესტორს ეკისრება ვალდებულება, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოაწყოს ბავშვთა გასართობი და საოჯახო ტიპის მოსასვენებელი რეკრეაციული ზონა. ასევე გაარემონტოს ე.წ „ციყვების" ატრაქციონი და უზრუნველყოს ტერიტორიის შემდგომი მოვლა-პატრონობა.შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე პროექტი კანონის სრული დაცვით ხორციელდება, არსებული გარემოსთვის ზიანის მიუყენებლად, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი რეკრეაციული ზონა შეემატება,"- ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.