reportiori.ge - პუბლიცისტ ბაია ამაშუკელის საპასუხო წერილი გაიოზ (გია) მამალაძეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:35
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
პუბლიცისტ ბაია ამაშუკელის საპასუხო წერილი გაიოზ (გია) მამალაძეს
ავტორი:
24 იანვარი, 2014. 16:16

ბატონო გაიოზ! რამდენადაც, ჩემი მოსაზრება თქვენთვის სარწმუნოდ არ მიიჩნევა და მეტიც, აღნიშნავთ, რომ „ავტორის უმეცრებას ვამტკიცებთო“, მიუხედავად ამისა, სწორედ „ასეთ ავტორისთვის“ ირჯებით (ფუჭად) და წერთ წერილს. თუ ამით ჩემი შეურაცხყოფა გსურდათ, მერწმუნეთ - არ გამოგივიდათ! თუ „კონსტიტუციური მონარქიის“ იდეისადმი ჩემი მხარდაჭერა გჭირდებათ - ამას ისედაც ვაკეთებ! თუმცა არ მესმის, რა საჭიროა თქვენი მხრიდან, განუწყვეტლივ იმის კეთება, რაშიც აქეთ მდებთ ბრალს - ანუ თქვენი პოზიცია, სწორედ „კლასიკური ნიმუშია გაბოროტებული ადამიანის სულისკვეთებისა, რომელიც დაკვეთას ასრულებს და ერთი კლანის (!) პოზიციას იცავს“. 


ბაგრატიონ-მუხრანელების თავადური განშტოების სამეფო ტახტზე უპირატესობის მტკიცებით, „რატომღაც“ ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო შტოს დაკნინებას ცდილობთ. ფაქტია, რომ თქვენ ქალბატონი ია მუხრანელის პოზიციას იცავთ ამით. თუმცა, გასაკვირია, „გამოცდილი ჟურნალისტი“, (ქალბატონი ია) რომელმაც „ღირსეულად გაიარა ყველა საფეხური ჟურნალისტიკაში“, რატომ თავად არ პასუხობს ჩემს „უვიც ბრალდებებს და გაბოროტებული ადამიანის სულისკვეთებას“?! დარწმუნებული ვარ - მას ეს თქვენზე „ბევრად უკეთ“ გამოუვიდოდა?! ვის ვის და „ისტორიული რეალიების არცოდნა ეთიკურ-ზნეობრივი ნორმების დარღვევა“ რომ არის, არც თქვენ და არც ქალბატონ იას არ უნდა გიკვირდეთ?! მითუმეტეს, როდესაც კარგად არის ცნობილი თავადი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის უღირსი საქციელები.


მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი საქართველოს სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე რომ არის, რა, ამას კიდევ მტკიცება სჭირდება? მითუმეტეს, როდესაც, თუნდაც ისეთი კომპეტენტური მეცნიერები, როგორებიც არიან აკადემიკოსები მარიამ ლორთქიფანიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი, მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) ამას ადასტურებენ საკუთარი ხელმოწერებით და კიდევ სხვა მრავალი მეცნიერი? როგორც გიორგი VIII-ისა და გიორგი XII-ის პირდაპირ მემკვიდრეს - ტახტის მემკვიდრეობა რა, არ ეკუთვნის ბატონიშვილ ნუგზარს, რომ არა ისტორიული ბედუკუღმართობა? თუმცა, ხმამაღლა, მას ამაზე პრეტენზია, თუნდაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომაც, შინაგანი ქრისტიანული თავმდაბლობის გამო, არასდროს განუცხადებია. განსხვავებით თავადი დავით ბაგრატიონ-მუხრანელისგან, რომლის წინაპრებიც, იმ დროს, რა დროსაც ბატონიშვილი პეტრე პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი, ჭეშმარიტი სამეფო სახლის ყოფილი მეთაური, ბოლშევიკებს ციხეში დახვრეტის მუხლით ჰყავდათ დაპატიმრებული - უცხო ქვეყანაში და კეთილდღეობაში აგრძელებდნენ ცხოვრებას, ქართულ სამეფო ტახტზე დაუსაბუთებელ პრეტენზიასაც გამოთქვამდნენ და შეცდომაშიც შეჰყავდათ ესპანეთის სამეფო კარი, თითქოსდა საქართველოში ტახტის მემკვიდრის ოჯახი არ არსებობდა - რაც სრული სიცრუე გახლდათ და ეს თავადაც აღიარეს! 


ბაია ამაშუკელმა კი არ „აიყვანა“ არ არსებულ ტახტზე ნუგზარ ბაგრატიონი“, არამედ პირიქით, დავითმა საკუთარ ინტერნეტ გვერდზე საკუთარი თავი დავით XII-დ „აიყვანა“, თანაც „მეფედ ქართველთა, კახთა, რანთა და აფხაზთა, ასევე გაურკვეველ „ლაოსის” პრინცად“!(?), თავისი მამა, გიორგი (ხორხე) - გიორგი XIII-დ დაწერა, თავისი ბაბუა, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი - ირაკლი III-დ, ირაკლის მამა - გიორგი XII-დ (თითქოს საქართველოს ნამდვილი მეფე გიორგი XII არ ყოლოდა!), ხოლო ამ უკანასკნელის მამის, ალექსანდრე მუხრანელის სურათის უქონლობის გამო აკაკი წერეთლის ცნობილი პორტრეტი გამოდო. რაზეც, თქვენ, „რატომღაც“ ასეთი გააფთრებული რეაქცია არასდროს გქონიათ?! ეს კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ თქვენს „დაჯგუფებას“ სულ სხვა ინეტერესები ამოძრავებს. ასეთი პოლემიკებით კი, (არ მინდა ვიფიქრო გამიზნულად, ან უგუნურებით) სწორედ იმას უწყობთ ხელს, რომ საზოგადოებაში „კონსტიტუციური მონარქიისა“ და ბაგრატიონთა დინასტიური გვარის მიმართ - სრული უნდობლობა გამოიწვიოთ! (შესაძლოა, თქვენს მიზანსა და დავალებასაც სწორედ ეს წარმოადგენდეს!) 


მოგახსენებთ, რომ ჩემთვის, მთავარს, მონარქიის იდეა და ამ იდეის განსახორციელებლად ბაგრატიონი უფლისწულის არსებობა წარმოადგენს! რაც ღვთის მადლით, ჯვართამაღლება დღეს, ორი წლის წინ - აღსრულდა კიდეც! თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ქართული დინასტიური სამართლის თანახმად, რასაც საერთაშორისო სამართალიც მოითხოვს, უნდა განისაზღვროს მომავალი მემკვიდრის, პატარა გიორგის სტატუსი, თუ რომელი მშობლისგან იღებს იგი სამეფო ღირსებას, რაც სამართლებრივად სწორად მოითხოვა და არაერთხელ დააფიქსირა საჯაროდ სამეფო სახლის მეთაურმა ბატონიშვილმა ნუგზარმა, ჯერ ქორწილამდე, შემდეგ ქორწილში და ასევე პატარა გიორგის ნათლობის დღესაც. რაც მიმართული იყო მხოლოდ ერთი მიზნისაკენ - პატარა გიორგი ლეგიტიმაციის სრული დაცვით დღესვე გამოცხადებულიყო ტახტის მომავალ უალტერნატივო მემკვიდრედ. სწორედ ამიტომაც, ბატონიშვილმა ნუგზარმა, გაიზიარა რა, მეცნიერ-მკვლევართა დასკვნები, დაეყრდნო ქართულ ტრადიციულ დინასტიურ სამართალს და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს, პატარა გიორგი გამოაცხადა დედის ხაზით უფლისწულად - ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ღირსების მემკვიდრედ, ანუ საქართველოს მეფეთა პირდაპირი ხაზის გამგრძელებლად. ამით, ბატონო გაიოზ, ჩემთვის, როგორც რიგითი მონარქისთვის ეს საკითხი გადაწყვეტილია და თუ ვინმე ქაოსის შესაქმნელად ამ წესრიგს წინ აღუდგება, მერწმუნეთ ამით მხოლოდ საკუთარი თავისა და თავისი „კლანის“ ლუსტრაციას მოახდენს.


თუმცა, სამწუხაროდ ჩანს, რომ ბავშვის მამას - თავად დავითს და მის „მომხრეებს“ ეგონათ, რომ სამეფო სახლის მეთაურის ქალიშვილზე ქორწინებით, იგი მიითვისებდა ბატონიშვილი ნუგზარის უფლებებს. არადა, დინასტიური კანონმდებლობით, ტახტის მემკვიდრეზე დაქორწინება მას ამის უფლებას არ აძლევს. ასე იყო თამარისა და დავით სოსლანის, ასევე რუსუდანისა და დიმიტრი სელჩუკიდის ქორწინებების დროს. ეს ქართული ტრადიციული დინასტიური წესი, რომელსაც „ქართული საქორწინო სამართალი ზედსიძეობის შესახებ“ ჰქვია და რომელიც გულისხმობს ქალის ხაზით სამეფო მემკვიდრეობის გადაცემას შვილზე. რაც საუკუნეების მანძილზე ჩვენს წინაპრებს ბრძნულად ჰქონდათ დადგენილი და ამ ქართულ ტრადიციულ წესს დღეს იცავს საერთაშორისო სამართალი.


მინდა მოგახსენოთ, რომ ბატონიშვილ ნუგზარს, თავადაც რომ სურდეს სიძეზე საკუთარი უფლებების გადაცემა, მას ამის ერთპიროვნული უფლებამოსილება იურიდიულად მაინც არ გააჩნია, რადგან დინასტიური სამართლის თანახმად, სამეფო სახლის მეთაურის მიერ თავისი უფლებების გადაცემა სიძეზე ნიშნავს, ჯერ ერთი იმას, რომ ბატონიშვილი ნუგზარი და მისი მემკვიდრეები სამუდამოდ დაკარგავენ ღვთისგან მათდამი მინიჭებულ სამეფო უფლებებს და ერთხელ უარყოფილს უკან ვეღარასოდეს დაიბრუნებენ. რაც მთავარია, პატარა გიორგიც შესაბამისად დაკარგავს სამეფო ღირსების მიღების საშუალებას დედის მხრიდან, რადგან მამის მხრიდან ხომ ვერ მიიღებს და ვერ მიიღებს, რადგან თავადი დავითი თვითონ ვერ მიიღებს სიმამრისგან ნაბოძებ უფლებებს, ვინაიდან ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახსა და ბაგრატიონ-მუხრანელების თავადურ განშტოებას შორის მემკვიდრეობით რიგში დგანან ბაგრატიონთა სხვა, ბაგრატიონ-მუხრანელთა თავადურ შტოზე სტატუსობრივად გაცილებით უპირატესი წარმომადგენლები (ბაგრატიონ-გრუზინსკების ოთხი ოჯახი, იმერეთის ბაგრატიონების სამი ოჯახი) რომელთაც თავიანთი თანმიმდევრული რიგითი ნომრები გააჩნიათ. სწორედ ამიტომაც არის მსოფლიოს სამეფო სახლებში მკაცრად დაცული დინასტიური რიგითობა, რაც განაპირობებს სამეფო სახლებში სიმშვიდესა და წესრიგს. 


სწორედ თქვენს დაჯგუფებას (თუ კლანს ) და არა მე, აქვს მიზანი, რომ ბაგრატიონთა ყველა შტოდან გამონახოს სამეფო ტახტის პრეტენდენტები და ერთმანეთს დააპირისპიროს. თუ თქვენ ამდენი არ გესმით, ან არ გსურთ გაგება, რომ ერთიან საქართველოს სამეფო ტახტს მხოლოდ ერთი ლეგიტიმური მემკვიდრე უნდა ყავდეს და არა რამოდენიმე - ეს ქვეყნისთვის დამანგრეველია ბატონებო და ქალბატონებო!


პარალელურად, თქვენი „ჯგუფისა“ თუ (კლანის) დავალებით - გამუდმებული თავდასხმები წარმოებს მისი სამეფო უმაღლესობა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზნსკის მისამართით. რაც (ვფიქრობ) სწორედ ამ დიდი იდეის დისკრედიტაციის მიზნით ხორციელდება. რასაც მუდმივად ერთვის შევარდნაძის გვარისა და ე.წ. „წითელი ინტელიგენციის“ ხსენება. (ამგვარი ფრაზებით, ხომ სწორედ ქართველი ხალხის სისხლის მსმელი - „ნაციონალების“ ღვთისმგმობი რეჟიმიც გამოირჩეოდა?!) შეგახსენებთ იმასაც, რომ გია ჯოხთაბერიძე, რომლის ფინანსებით დაბეჭდილ წიგნს - „ბაგრატიონებს“, ახსენებთ, სწორედ იმ შევარდნაძის სიძე გახლავთ, ვისთან ერთადაც, „1991წ. 22 დეკემბერს რუსეთის იმპერიამ მოახდინა საქართველოს III ანექსია-ოკუპაცია კრემლის ემისარის ე. შევარდნაძის, ქართულ პარტოკრატიის და წითელი ინტელიგენციის მეშვეობით“. უნდა მოგეხსენებოდეთ ისიც, რომ ამ პროცესებში რუსეთზე მეტად, დასავლეთის „გლობალისტური ძალები“ იყვნენ დაინტერესებულნი და ჩართულნი!


არც ის გაღელვებთ, რომ სწორედ რუსეთის იმპერიის წარმომადგენლის, კირილ ვლადიმერის ძის რომანოვის მემკვიდრის - ვლადიმერ კირილოვიჩის 1946 წლის ცრუ აქტით მიიღეს ბაგრატიონ-მუხრანელების ამ ოჯახმა გვარად „გრუზინსკობა“ (რასაც მაინც ვერ ხმარობენ ჭეშმარიტი სამეფო ოჯახის არსებობის გამო) და სამეფო ტახტზე ცრუ ლეგიტიმაცია ემიგრაციაში?! ამით ხომ ვლადიმერმა, ლეონიდა მუხრანელთან თავისი მორგანეტული ქორწინების „გაპრავება“ სცადა, თუმცა რუსეთის ლეგიტიმისტები მის ქალიშვილს მაინც არალეგიტიმურად თვლიან დღემდე, სწორედ ამ ქორწინების გამო. ე.ი. როდესაც თქვენს ჯგუფს აწყობს, რუსეთის იმპერია კარგია, ხოლო როდესაც თქვენს ინტერესს ეხება - მაშინ ხდება „ბოროტების იმპერია“ და საქართველოს დამპყრობი?! თქვენი ამგვარი პოზიცია, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენგან წამოწყებული ბაგრატიონ-გრუზინსკებთან დაპირისპირების კამპანიის უკან - „ერთი კონკრეტული ჯგუფი“ უნდა მოვიაზროთ. ან რა დროს შევარდნაძეზე საუბარია, (თუ თქვენ მართლაც „სხვა“, პოლიტიკური მიზნები არ გამოძრავებთ?!), როდესაც მომავალში „კონსტიტუციური მონაქრიის“ დამყარებაზეა საუბარი?!


რაც შეეხება ქალბატონი ია მუხრანელის წარმომავლობის საკითხს, დამერწმუნეთ, (პირადად მე) - ეს სრულებით არ მაღელვებს. თუმცა, (როგორც მითხრეს) ის, სწორედ „ბაგრატიონთა სახლის“ საზოგადოებას და მის წევრებს არ უჩვენებს და უმხელს თავის დაბადების მოწმობის ასლს (და შესაბამისად წარმომავლობასაც)?! 

(ამ თვალსაზრისით, თქვენს მიერ დასახელებულ, ბატონი გია ჯოხთაბერიძის მიერ გამოცემულ წიგნში მითითებულ მის გენეალოგიურ მონაცემებსაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენადაც, წიგნში ხომ ის მონაცემები დაიბეჭდებოდა - რასაც მას თქვენი ჯგუფი წარუდგენდა...) არადა, თავად-აზნაურთა საკრებულოს მეთაურად კი მოიაზრებს ქალბატონი ია თავს?! არც მონარქიის მიმართ მისი წვლილისა და ღვაწლის დაკნინებას და უარყოფას ისახავს ვინმე მიზნად. თუმცა, ბაგრატოვანთა ამ სასიქადულო გვარის ტარებას, მთელი საგვარეულოს სახელით საუბარს და დირექტივების გაცემასაც, ალბათ სამართლებრივი ლეგიტიმაცია ესაჭიროება. 


თქვენგან განსხვავებით, სწორედ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის გამო ვარ „კონსტიტუციური მონარქიის“ მომხრეც და სხვა არანაირი ინტერესი მე არ მამოძრავებს! თქვენი ინტერესის უკან კი, (მომიტევეთ) და სხვა პოლიტიკური ინტერესი იკვეთება - თქვენი ჯგუფის (თუ კლანის) ლეგიტიმაციის საკითხი! რამაც შესაძლოა, კვლავაც სამოქალაქო და ძმათა შორის დაპირსიპირების წინა პირობა შექმნას. ეს კი, დღეს, ერთადერთი - „ქართველი ხალხის სისხლიმსმელ“ და თქვენს მიერ არაერთხელ დამოწმებულ - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან დაპირისპირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ინეტრესში შედის მხოლოდ! ვისთანაც საკმაოდ წარმატებულად და აქტიურად თანამშრომლობდით სხვადასხვა გამომცემლობებისა და სააგენტოების მეშვეობით.


ჩემი სიტყვების სიმართლეც გულზე ასე რომ არ მოგხვედროდათ, ამდენი ხნის შემდეგ, ჩემთვის სრულებით არაარგუმენტირებულ პასუხს არ დაწერდით სადღაც (კულუარებში). რაც ვფიქრობ, თქვენი მხრიდან ფარისევლობას უფრო წააგავს, ვიდრე „თქვენს სიმართლეს“!


დამეთანხმეთ იმაშიც, რომ თუკი (და ეს ასეა) მისი სამეფო უმაღლესობა, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, 2006 წლის მემორანდუმით, ბაგრატიონთა ყველა შტოს წარმომადგენელთა (რაც პატრიარქმაც გაიზიარა) დიდი უმრავლესობით იქნა „საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ“ აღიარებული, თქვენს მიერ წაყენებული ბრალდებაც, რომ „მხოლოდ მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი ნუგზარის, როგორც სამეფო სახლის მეთაურის პრეროგატივაა, სპეციალური დეკრეტით განსაზღვროს თავისი მომავალი მემკვიდრეობითი თანმიმდევრობა”, ეს სწორედაც ასეა! რადგან, თუ „ბაგრატიონთა სამეფო სახლის“ მეთაურად ბაგრატოვანთა შტოების მიერ მისი სამეფო უმაღლესობა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკია აღიარებული, შესაბამისად დეკრეტის გამოცემაც და „მომავალი მემკვიდრეობითი თანმიმდევრობის“ განსაზღვრის საკითხიც - მართლაც მისი გადასაწყვეტია!


თავად წერთ, რომ „იმპერია ფიზიკურად გაუსწორდა ევროპაში უძველეს დინასტიას ან გადაასახლა რუსეთში დიდგვაროვნებთან ერთად, გააუქმა ტრადიციული წოდებრივი გრადაცია და დაამკვიდრა ბაგრატიონ-გრუზინსკები, ბაგრატიონ-იმერეტინსკები, ბაგრატიონ-მუხრანსკები შუღლის, ქიშპობის და უთანხმოების გასაღვივებლადო ამ დროს კი, ყველასათვის (და ჩემთვისაც) პატივსაცემი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახი ესპანეთს მშვიდად აფარებს თავს და საქართველოს სამეფო ტახტზე ლეგიტიმაციის უფლებას კირილ რომანოვის ოჯახიდან ღებულობს. სწორედ აქედან იღებს სათავეს განზრახ ჩადენილი ისტორიული სიყალბეც! გთხოვთ იხილოთ ვალერიან კიკნაძის წიგნი „საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ოჯახი“, სადაც სიღრმისეულად არის განხილული ეს საკითხი. 


იმავდროულად, სწორედ იგივეს (ბაგრატიონთა შტოებს შორის ქიშპისა და შუღლის გაღვივებას) ემსახურება თქვენი ჯგუფის მხრიდან, სამეფო ტახტის პირველობისთვის ასეთი გაუთავებელი დისკუსია და პოლემიკა. რომ არა, სწორედ ბარგატიონ-გრუზინსკების უპირობო ლეგიტიმურობა სამეფო ტახტთან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ თავადი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი არა ბატონიშვილ ანას, არამედ, ნებისმიერ ქართველ ემირგანტ ქალიშვილზეც წარმატებით იქორწინებდა. გამოდის, რომ, სწორედ ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო შტოს პირდაპირი მემკვიდრის, ბატონიშვილი ანას არსებობას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ დინასტიურ ქორწინებაში, რათა მისი (ბატონიშვილი ანას) ხაზით ქვეყანას ჭეშმარიტი ვაჟი მემკვიდრე მოვლენოდა. ვფიქრობ, ამის შემდგომ უკვე არანაირი აზრი აღარ აქვს, გაერთიანებული საქართველოს სამეფო ტახტის უშუალო მემკვიდრეზე ვინმესგან დავას?! ეს იმ შემთხვევაში, თუ მართლაც „კონსტიტუციური მონარქიის“ აღდგენაზე უძგერს ვინმეს გული და არა „სხვა რამეზე“?!


ამასთან, ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ტახტისადმი კუთვნილების გასაბათილებლად მოგყავთ არგუმენტი, რომ „ბაგრატიონ-გრუზინსკი – „საქართველოს“„Of Georgia-ს“ სინონიმი როდია, არამედ ქართლის, კახეთის ბაგრატიონს ნიშნავსო“. თქვენგან განსხვავებით, („უვიცობას“ არ გკადრებთ), მაგრამ შეგახსენებთ, (რაც ალბათ უჩემოდაც იცით), რომ „გეორგია“ ლათინურად, Грузия კი რუსულად სწორედ საქართველოს ნიშნავს! ეს დეფინიცია კი, ბაგრატიონ-გრუზინსკების შტოს საკუთარი თავისთვის კი არ მიუნიჭებია, არამედ რუსეთის იმპერატორმა, ბაგრატიონთა სხვა, გვერდით არასამეფო შტოთაგან გამოსარჩევად მიანიჭა, რაც შემდგომში რიგი საერთაშორისო მონარქისტული ორგანიზაციების, ევროპის უძველესი ალმანახის„Almanach de Gotha“-სა და სამეფო სახლების მიერ იქნა მიღებული. ასევე, რა ვუყოთ, „თავად-აზნაურთა და სამეფო ხელისუფლების საერთაშორისო კომისიის (ICNR)“, ასევე „საერთაშორისო თავად-აზნაურული ასოციაციის (TICAN)“ აღიარებებს, რომელნიც ბატონიშვილ ნუგზარს საქართველოს სამეფო სახლის მეთაურად, სამეფო ტახტის მემკვიდრედ და საქართველოს „დე იურე“ მეფედ აღიარებენ. ისევე, როგორც 2006 წლის მემორანდუმს ხელს აწერს და ბატონიშვილ ნუგზარს აღიარებს საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს ყოფილი წინამძღოლი, ბატონი კოტე ჩოლოყაშვილი. თქვენივე თავს ხომ არ ეწინააღმდეგებით?! ასე რომ, სამეფო ტახტზე, არც მისი სამეფო უმაღლესობა ნუგზარ ბაგრატიონი და არც სხვა ვინმე - მე არ „ამიყვანია“.


ბატონიშვილი ანას ქალიშვილების გვარსაც (მალანიებს) ისე მოიხსენიებთ, თითქოს, მათი მამისეული გვარი უძველესი კოლხური ტომის წარმომადგენელი არ იყოს (აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ბავშვები მამის მხრიდანაც, მართალია მდედრობითი ხაზებით, გიორგი XII-ის შთამომავლები არიან) და თითქოს ეს ბატონიშვილები უკანონო ქორწინებიდან ჰყავდეს ბატონიშვილ ანას ნაშობნი. მინდა შეგახსენოთ, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკების გვარზე მათი დაწერა, ჯერ კიდევ ბატონიშვილი ანას პირველ ქორწინებამდე, თავად უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოხდა.


სრულ ჭეშმარიტებას ბრძნანებთ, როდესაც წერთ - „კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოს მცველია, ქრისტეს, ღვთისმშობლის კვართისაო“. თუმცა, (ალბათ არ დაგვიწყნიათ), რომ ეს სწორედ ის პატრიარქია, ვის გადახაზულ სურათსაც აფრიალებდნენ ქალბატონი ია მუხრანელის მეგობრები, იმ ავადსახსენებელ, თქვენგან ბევრჯერ ნახსენებ 90-იან წლებში?!


იმ არგუმენტის მოყვანით კი, რომ „საქართველო განიყო და სამ სამეფოდ განსქდა: ქართლად, კახეთად, იმერეთად და აგრეთვე ხუთ სამთავროდ, ე.ი.: საათაბაგოდ, სადადიანოდ, საგურიელოდ და სააფხაზოდ, სასვანეთოდ (ქ.ს.ძ. II გვ. 537).“ თქვენ, სწორედ საქართველოს დაქუცმაცების მოსურნე, „ლიბერალური აზროვნების გრანტოსნებისა“ და საქართველოს მტრის „წისქვილზე ასხამთ წყალს“. საზოგადოებაში კი, ნერგავთ აზრს, რომ საქართველო შესაძლოა, კვლავაც სამთავროებად და სამ ნაწილად (სამეფოდ) დაიყოს! „ვის“ ინტერესშიც შედის ეს - ვგონებ, დიდ განმარტებას არ საჭიროებს?!


სწორედ თქვენს მიერ ნახსენებმა, ბატონიშვილმა ნინო ბაგრატიონმა, ბაგრატიონთა საგვარეულოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 2006 წლის მემორანდუმით, დიდი უმრავლესობით აღიარა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ. მემორანდუმის ხელმოწერის შემდგომ, ბატონიშვილმა ნინო ბაგრატიონმა, რომელიც იმავდროულად, პატრიარქის მიერ კურთხეული საზოგადოება ”ბაგრატოვანთა სახლის” წინამძღოლი იყო, სპეციალური წერილით მიმართა საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს, სადაც აცნობა ბაგრატიონთა საგვარეულოს დიდი უმრავლესობის ერთსულოვანი პოზიციის თაობაზე. ბატონო გაიოზ?! დანარჩენი ბაგრატიონებიც ჩემსავით ცდებიან და „უვიცები“ არიან?! თუ, მხოლოდ ბაგრატიონთა ერთი მცირე ჯგუფის, კერძოდ ბაგრატიონ-მუხრანელების თავადური შტოს სამი ოჯახის აზრია აპრიორი ყველასათვის?!


არც „მეფე კონსტანტინე II-ის უფროსი შვილის – დავით X მიერ ქართლის I სამეფო სახლის შექმნას და არც მისი უმცროსი შვილის – ბაგრატის (ბერობაში ბარნაბეს) მიერ, 1512წ. სათავადო ტერიტორიად სამუხრანბატონოს მიღებას უარყოფს ვინმე, მაგრამ სათავადოებზე, სამთავროებსა და სამეფოებზე საუბარს - ისევ საქართველოს დაქუცმაცების მცდელობისკენ ხომ არ მივყავართ?! 


მწერთ, რომ „ვახტანგ V-ის შთამომავლები ქართლის სამეფო სახლისა იყვნენ ბაგრატიონ-მუხრანელები, რომლებმაც გაუზარდეს ერს მრავალი ღირსეული მამულიშვილი, წმინდანი, მხედართმთავარი: ქეთევან წამებული, ვახტანგ VI, ვახუშტი ბატონიშვილი, პეტრე ბაგრატიონი...“ - ჯერ ერთი, ბატონო გაიოზ, ქეთევან წამებული არ ყოფილა ვახტანგ V-ის შთამომავალი, არამედ აშოთან მუხრანბატონისა. ვინმე შეგეწინინააღმდეგათ ამ დიდი მამულიშვილების საქართველოს მიმართ გაწეულ ღვაწლში?! მაგრამ, „რატომღაც“, ისევ „გულმავიწყობა გემართებათ“, როდესაც გვერდს უვლით იმ მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს, თუ როგორ იშვილა უშვილო როსტომ ხანმა მუხრანის მაშინდელი ბატონი ბახუტა. სწორედ ამ შვილების აქტის შედეგად, ბახუტამ საკუთარი ნებით დატოვა მუხრანის თავადის წოდება და გახდა როსტომ ხანის - ქართლის სამეფო შტოს გამგრძელებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართლის სამეფო დინასტია არ შეცვლილა მუხრანელი ბაგრატიონების თავადური დინასტიით. ბახუტა მუხრანბატონს პიროვნულად ჩამოსცილდა მუხრანის ბატონის თავადური სტატუსი და ასევე პიროვნულად მან, გაშვილების აქტით, როსტომისგან მიიღო სამეფო სტატუსი. ლეგიტიმიზმის პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, „მუხრანელობა“ მისთვის უკვე სტატუსობრივად მიუღებელია, რადგან ის გაშვილებით ქართლის მეფე გახდა უკვე და ეს მიღებული სამეფო სტატუსი შემდგომში, უშუალოდ მის მემკვიდრეებს გადაეცათ და არა მისი უმცროსი ძმის - კონსტანტინე მუხრანბატონის შთამომავლებს, რომლებმაც ჩვეულებისამებრ გააგრძელეს მუხრანბატონთა თავადური შტო. სწორედ ვახტანგ VI თავის ამალის სიაში მუხრანბატონსა და მის შთამომავლებს ქართლის თავადთა რანგში მოიხსენიებს. 


მირონცხებული თეიმურაზ I-ის ძალით ჩამოგდებისა და ევდემოზ კათალიკოსის წამების შემდეგ ლეგიტიმურად ეკავა თუ არა უკანონოდ შობილ როსტომ ხანს ქართლის სამეფო ტახტი, ეს კიდევ ცალკე სამსჯელო თემაა.


დიდ მადლობას მოგახსენებთ იმაზე, რომ თურმე „ცილისწამებაზე“ სასამართლოში ჩემზე ჩივილს არ აპირებთ. რაც შეეხება „ავტორის უმეცრებას“, ამაში კი, ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ, რომ იმაზე დიდი უმეცრება, რაც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ საკუთარი თავის მეფედ გამოცხადება იყო - ვგონებ არც თქვენ უნდა გსმენოდათ?!


ვერადა და ვერ ამიხსნია ამ წერილის დაწერის მიზანიც?! მით უფრო მაშინ, როდესაც (სამწუხაროდ) ბატონიშვილ ანასა და თავადი დავითის ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. თუმცა, ღვთის მადლით ბატონიშვილმა ნუგზარმა უკვე გამოაცხადა თავისი სამეფო ხაზის, ბაგრატიონ-გრუზინსკების მემკვიდრედ უფლისწული გიორგი, დაე უფალმა ბედნიერ, ღირსეულ ვაჟკაცად აღზარდოს იგი და მისი მეშვეობით, ის დიდი ქართული იდეა განხორციელებულიყოს, რომელიც ბევრი ქართველის გულში დღემდე კიაფობს! შევთხოვ უფალს, რომ პატარა გიორგის გამეფებას, სწორედ საკუთარმა მამამ და მისმა „კლანმა“ ხელი არ შეუშალოს!


თავადი დავით ბაგარტიონ-მუხარანელიც რომ ყოფილიყო საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, (თუმცა, ეს ყოველივე, პირველ რიგში აუცილებლად უნდა დასტურდებოდეს მეცნიერული (ისტორიულ-გენეალოგიური) და დინასტიური სამართლის კუთხით), დამერწმუნეთ - მის ლეგიტიმურ უფლებებსაც დავიცავდი. ზუსტად ისევე, როგორც ახლა მისი სამეფო უმაღლესობის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახის უფლებების დაცვას მივიჩნევ საჭიროდ და მართებულად!


რაც შეეხება „საერთო გაზეთის“ რედაქტორს, „რომელიც (თურმე) გრანტებს დემოკრატის ნიღბით ღებულობს აშშ საელჩოდან“ , მოგახსენებთ, რომ გრანტებს, არა „საერთო გაზეთისა“ და „ასავალ-დასავლის“ ტიპის გაზეთებს ჩუქნიან, არამედ, შორენა ბეგაშვილის მსაგავსი ზნეობის ქალებს - დასავლეთის დონორი ორგანიზაციებიდან! აკი, მიანიჭეს კიდეც, იმისათვის, რომ მან კიდევ ერთი დინასტიური ოჯახის შექმნას შეუშალა ხელი! წერილის დაუბეჭდავობა კი, თქვენი შეფასებით, “წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას მომავალში მონარქისტული იდეის ასაღორძინებლად“. გამოდის, რომ თქვენ მონარქისტული იდეის აღორძინებაში სდებთ ბრალს „საერთო გაზეთის“ რედაქციას და მის რედაქტორს?! რა დროსაც თქვენი ჯგუფის ინტერესების სასარგებლო წერილებს ბეჭდავდა - რომელი ქვეყნის გრანტზე მუშაობდა გაზეთი, თუ „თქვენგან იღებდა გრანტებს“ ბატონო გაიოზ??? აი, „ივერიელთა ტრაქტატიც“, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თქვენ დეზინფორმაციას ავრცელებთ - ბატონო გაიოზ!


ის, რომ ერეკლე მეფის, კავკასაიაზე და ევროპაში სახელგანთქმულ სიმამამცითა და გამჭრიახ პოლიტიკაზე პრუსიის მეფე ფრიდრიხის შეფასებაც მეტყველებს: „ევროპაში მე ვარ და აზიაში ერეკლე მეორეო“. ბიზანტიის დამხობის შემდგომ საქართველოს ევროპაში გასასვლელი კარი რომ ჩაეკეტა. მეფე ერეკლეს მრავალგზის მცდელობას, ევროპაში მოკავშირეები შეეძინა - იმედგაცრუება მოჰყვა. გამოსავალი, მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთთან მოკავშირეობა რჩებოდა, რაც იგივე ევროპულ კულტურასთან დაახლოებას ნიშნავდა. ამიტომ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაც მნიშვნელოვანი იყო. 1783 წელს დადებული „გეორგიევსკის ტრაქტატით“ მეფე ერეკლემ ზურგი კიდევ უფრო გაიმაგრა და მეზობელი საფაშოებისთვის მიზიდველი გახდა. თავად აღა-მაჰმად ხანიც კი სთხოვს ერეკლეს რუსეთთან შუამდგომლობას. სომხები კი, ერეკლეს, მისი გვირგვინის ქვეშ სომხეთის სამეფოს აღდგენას სთხოვენ. „მთელი იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის თვალი მიპყრობილია ერეკლეს წარმატებისკენ და ისე შეჰყურებს ქართ-კახეთის მეფეს, როგორც მთელი საქართველოს მხსნელ ეროვნულ მხედართმთავრს“. (გრიგოლ ვეშაპელი, „საქართველო და რუსეთი“, თბილისი 1918, გვ.13)


1789 წელს, ქართლ-კახეთის მეფე ერეკელე II-ის მიერ, იმერეთის სამეფო ტახტზე მისი შვილიშვილის - სოლომონ II-ის აყვანიდან ექვს თვეში, კერძოდ, 1790 წელს, ფორმდება ოთხ პირად დადებული „იბერიელთა ტრაქტატის“ სახელმწოდებით ცნობილი ხელშეკრულება, საიადანაც მკაფიოდ სჩანს მეფე ერეკლეს ტახტის ლეგიტიმური უპირატესობა იმერეთის ტახტისა და ასევე სამეგრელოსა და გურიის სამთავროებთან მიმართებაში. ტრაქტატის პირველ პირს ხელს აწერენ: მეფე ერეკელე II, დედოფალი დარეჯანი, საქართველოს კათოლიკოსი ანტონი და ვიცე კანცლერი სოლომონ ლეონიძე. მეორე პირს ხელს აწერს იმერეთის მეფე სოლომონ II, დედოფალი მარიამი, ვიცე კანცლერი სოლომონ ლეონიძე. მესამე პირს ხელს აწერს ოდიშის მთავარი გრიგოლ დადიანი და მეოთხე პირზე მთავარი გურიისა სიმეონ გურიელი. (მ. რეხვიაშვილი. იმერეთი XVIII საუკუნეში. თბილისი, 1982, გვ.340-341; გრიგოლ ვეშაპელი, „საქართველო და რუსეთი“, თბილისი 1918). პირველ პირზე ერეკლე მეორის, ხოლო დანარჩენ სამზე, იმერეთის სამეფოს, გურიისა და გურიის სამთავროების ხელმოწერა- დანარჩენი მხარეების მთვრების მიმართ ერეკლე II-ის პოლიტიკურ უპირატესობაზე თავისთავად არ უნდა მეტყველებდეს?! ისტორიკოს გრიგოლ ვეშაპელის 1918 წელს გამოცემულ წიგნში, „საქართველო და რუსეთი“, სადაც ტრაქტატის მესამე მუხლში ერეკლეს ნაწერიცაა მოყვანილი, ვკითხულობთ: „ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენთვის და დაცვად ძეთა იმერეთისათა, ვითარცა მამა საზოგადო მათი“. «Грамоты и други исторические документы, относящиеся до Грузии» Том II, Выпуск I. Грузинские тексты с 1768 по 1801 год. Под редакцией А.А.Цагарели. «172. Союзный договор Грузинских царей и владетельных князей» მუხლი მესამე). იგივე წიგნში, გრიგოლ ვეშაპელი აღნიშნავს, რომ: „1790 წელს რუსეთის პროტექტორატობის გამო, ქართლ-კახეთისა, იმერეთისა, სამეგრელოსა და გურიის შორის, რომელიც აღიარებს „მამობრივ მზრუნველობით“, სუვერენულ უფლებას ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორისას სრულიად გაერთიანებულ საქართველოზე- ივერიაზე“. (გრიგოლ ვეშაპელი, „საქართველო და რუსეთი“, თბილისი 1918.) ამ ისტორიული დოკუმენტის შემდგომ კი, მეფე ერეკელს სიგელებში ჩნდება შემდეგი ტიტული: „მეფე ყოვლისა საქართველოისა და სხვათა“. (იხ.ფ.1448, საბ.№2616; ფ.1448, №845), ეს კი შემდგომ, მემკვიდრეობით გიორგი XII-ზე გადავიდა. იმპერატორ პავლე I-ისადმი მიწერილ წერილში მეფე გიორგი იწოდება, როგორც „Царь всея Грузии”. 


1801 წლის 18 ანვრით დათარიღებულ წერილში, რომელიც ქართველი ელჩების მიერ იქნა რუსეთში წაღებული დავით ბატონიშვილი თავს შემდეგნაირად მოიხსენიებს:„“…законный предков наших Царей и родителя нашег Царя, Царского Грузинского Наследник и всем звании утвержденный, старший Его Высочества всея Грузии, Картлии, Кахетии и прочих Царя Георгия Ираклиевича сын, Царевич Давид”. (იხ.А.Цагарели. Грамоты и другие исторические документы XVIII столетия относящиеся к Грузии. т.III, Спб., 1891, стр.220).


როგორ წარმოგიდგენიათ ბატონო გაიოზ, უწოდებდა კი თავს ასე დავით ბატონიშვილი, მას რომ ამის ლეგიტიმური უფლება არ ჰქონოდა და ვის დავუჯეროთ ახლა, ისტორულ დოკუმენტს, თუ - თქვენ?! აქედან გამომდინარე, არის თუ არა გიორგი XII-ის პირდაპირი ლეგიტიმური მეკვიდრე ბატონიშვილი ნუგზარი?!

გაუგებარია ისიც, თუ რატომ გაღელვებთ ბატონო გაიოზ ის ფაქტი, რომ ბაია ამაშუკელი „რომანოვების ტახტს და რუსეთის პოლიტიკოსებსაც შეეხო… თქვენ ხომ სწორედ რუსეთის იმპერიას ადანაშაულებთ საქართველოს ანექსიასა და სამეფო ტახტის გაუქმებაში?! თუ არა?!


აღვნიშნავ, რომ პატივს მივაგებ „თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობასაც“, რომლის სახელითაც წერილია დაწერილი. უბრალოდ, აქვე მსურს კვლავ შეგახსენოთ, რომ თქვენსავე საკრებულოს ღირსეულ წინამძღოლსა და ნამდვილ მამულიშვილს, სამწუხაროდ აწ უკვე გარდაცვალებულ, კონსტანტინე ჩოლოყაშვილს ხელი აქვს მოწერილი იმ, 2006 წლის ისტორიულ მემორანდუმზე, რითაც აღიარა ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის ოჯახის სამეფო ღირსება. 


ქალბატონი იასი და თქვენი ხელმძღვანელობით მომზადებულ ამ წერილის პათოსს მაინც ვერ გავიზიარებ! რამდენადაც, არსებობს სხვა, ჩემთვის უფრო ლეგიტიმური საზოგადოება - „ბაგრატოვანთა სახლი“, რომლის აღიარებებს ბევრად ვენდობი, მით უმეტეს, რომ მათ გადაწყვეტილებას ცნობილი მეცნიერებიც უჭერენ მხარს.


მეც და თქვენც, ბატონო გაიოზ, არც ბაგრატოვანთა გვარის წარმომადგენლები და არც სამეფო ტახტის პრეტენდენტები არ გახლავართ! რის გამოც, (პირადად მე) პირადი დაინტერესება, არც ერთი შტოს მიმართ არ გამაჩნია. არც მარია რომანოვას რუსეთში აღიარებაზე ვიკლავ თავს თქვენგან განსხვავებით. გამკვირვებია თქვენიც, (არც თქვენ ბრძანდებით ბაგრატიონი) და ასეთი რა ინტერესი გამოძრავებთ ბაგრატიონ-გრუზინსკების ჭეშმარიტი სამეფო ოჯახის წინააღმდეგ, თუ არა ვინმესგან (გარედან) დაკვეთა, იდეის საბოლოოდ გაუფასურება და მართლაც გამიზნული პროვოკაცია!


ამრიგად, თქვენსა და ჩემს პოზიციებს შორის ძალზე დიდი სხვაობაა - თქვენთან სჩანს პოლიტიკური მიზნები, (შესაძლოა) ვიღაცის გარედან დაკვეთა გამოძრავებდეთ. მე კი - მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა მსურს, რომლის თანახმადაც საქართველოს სამეფო ტახტი უნდა აღდგეს და დაუბრუნდეს იმათ, ვისაც ის ძალით წაართვეს და ასეთი ბატონიშვილი ნუგზარის სამეფო ოჯახია, ამით აღსრულდება წმ. გაბრიელ ბერის წინასწარმეტყველებაც და ჩემი ქვეყნაც გაბრწყინდება!


ვფიქრობ, „ბაგრატოვანთა გვირგვინის მცველის ტიტულის“ მატარებელ კათალიკოს - პატრიარქს, (ჩემზე და თქვენზე) უკეთ მოეხსენება ყოველივე! სხვა მხრივ, სამომავლოდ, არც პოლემიკაში და არც დისკუსიაში თქვენთან შესვლას არ ვაპირებ - არსებობს საქართველოს კათალიკოს პოატრიარქი - მისი უწმინდესობა და უნეტარსეობა ილია II, ქართული გენეალოგიური საზოგადოება, საზოგადოება „ბაგრატოვანთა სახლი“, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები, საერთაშორისო მონარქისტული ორგანიზაციები, რომელნიც, აშკარად თქვენზე უკეთ ერკვევიან მონაქრიის კონკრეტულ საკითხებში. ნურც თავს და „კალამს დაღლით“ ტყუილუბრალოდ და ნურც პრესის ფურცლებს დაიკავებთ ფუჭი სტატიების წერით! 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016