„2013 წელს მთლიანმა საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და 2012 წლის მონაცემს 6%-ით აღემატება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ გასული წლის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემების შეაფასებისას განაცხადა.
„აღსანიშნავია, რომ ექსპორტი 22%-ით გაიზრადა და 2.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ექსპორტის წილი საგარეო ვაჭრობაში თუ 2012 წელს 23%-ს შეადგენდა, 2013 წელს მან 27% შეადგინა, რამაც შესაბამისად დადებითი გავლენა იქონია სავაჭრო დეფიციტის შემცირების კუთხით და სავაჭრო დეფიციტი 500 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ამასთან, 0.4%-ით გაიზარდა იმპორტი და 7.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისი ინფორმაციით, საექსპორტო პროდუქციაში ლიდერები არიან: ფეროშენადნობები, თხილი, სპილენძის კონცენტრანტები, აზოტოვანი სასუქები, ღვინო, მინერალური წყალი, სპირტიანი სასმელები, ოქრო და არმატურა.
მიხეილ ჯანელიძემ 2013 წელს ექსპორტის ზრდის მიზეზები განმარტა.
„აღსანიშანვია, თუ რის ხარჯზე გაიზარდა ექსპორტი. ძირიადად, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ვხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ზრდაა ციტრუსებში, რომლის ექსპორტიც 175%-ით გაიზარდა, ღვინის ექსპოტი გაიზარდა 94%-ით, თხილის ექსპორტი - 93%-ით, მინერალური წყლების ექსპორტი - 71%-ით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი - 21%-ით და სპირტიანი სასმელების -15%-ით. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ გაზრდილია სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან. ეს მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა და 2.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა“, - განმარტა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, გასულ წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66% შეადგინა.
„საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1529 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (1348 მლნ აშშ დოლარი) და უკრაინა (795 მლნ აშშ დოლარი). როგორც ვხედავთ, ზრდის მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რაც იძლევა იმის გარანტიას და არის მაჩვენებელი იმისა, რომ ქვეყანაში წარმოება იზრდება და შესაბამისად, მომავალი წლის პერსპექტივები და პროგნოზები კიდევ უფრო ოპტიმისტური ხდება“, - განაცხადა ჯანელიძემ.