განათლების სამინისტროს წინააღმდეგ უნივერსიტეტები პრეტენზიებს გამოთქვამენ. უმაღლესი სასწავლებლების რექტორები ხელისუფლებას უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გადაკეთდებიან.
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აზრით, მათი უფლებები მთავრობის მიერ მიღებული გააწყვეტილებით იზღუდება. საუბარია დადგენილებაზე, რომლის მიხევითაც უმაღლეს სასწავლებლებს არასამეწარმეო იურიდიული პირის ნაცვლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ენჭება. რექტორის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტების წესდებასაც სამთავრობო უწყება დაადგენს. გადაწყვეტილებას რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი აპროტესტებს.
„სამინისტროს ნებისმიერი უნივერსიტეტის გააწყვეტილების გაუქმება შეეძლება. უფლებები იზღუდება იმით, რომ საშტატო განრიგს დაამტკიცებს სამინისტრო; სესხს ბანკისაგან ფინანსთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ნებართვის გარეშე ვეღარ ავიღებთ, წიგნები კი უნდა ვიყიდოთ შესყიდვების კანონის მიხედვით, რაც, დაახლოებით, 3-ჯერ ძვირია."- აცხადებს გიგი თევზაძე.
დადგენილებას აპროტესტებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილიც.
„ძირიათდი მოთამაშე უნივერსიტეტების ცხოვრებაში სახელმწიფო ხდება. ვინაიდან უნივერსიტეტები ხდება სსიპ და აქ სახელმწიფო გადაწყვეტილებების წონა უფრო მეტია, შეიძლება მიღებული იყოს გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება შეთანხმებული უნივერსიტეტთან."-აცხადებს კვიტაშვილი.
სახელმწიფო დადგენილებას სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების სსიპ-ად გადაკეთების შესახებ ყველა უნივერსიტეტი არ ეწინააღმდეგება. გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
„ის რასაც დღეს სახელმწიფო გვთავაზობს, გაცილებით მეტი თავისუფლების ხარისხია. სახელმწიფოების მიერ უნივერსიტეტის მოწყობის ორგანიზაციულ-სტრუქტურული ხასიათის სხვადასხვა ტიპის მოდელები იქნება შემოთავაზებული. ‘"- მიიჩნევს არჩილ ფრანგიშვილი.
განათლების მინისტრი კი აცხადებს, რომ დადგენილება უნივერსიტეტებთან შეთანხმებული იყო. მოწყობის მხრივ კი არაფერი იცვლება და ნარჩუნდება ისე, როგორც აიპის შემთხვევაში იყო.
დადგენილება მთავრობამ რამდენიმე თვის წინ პარლამენტის მიერ სამოქალაქო კოდექსში დაჩქარებული წესით დამტკიცებული ცვლილებების საფუძველზე მიიღო. ამ ცვლილებების მიხედვით, ნებისმიიერი სახელმწიფო ორგანიზაციის სტატუსის გადაკეთება ნებადართული გახდა.