დღეს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათებლის წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს.
მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ქრისტეს მოციქულებმა ქრისტიანობა იქადაგეს, IV საუკუნის დასაწყისისთვის ქვეყანა მაინც წარმართობის ტყვეობაში იყო. ყოვლადწმიდა ქალწულის მინიშნებით, ქართველთა ერის ქრისტეს ნათლით გასანათლებლად ივერიისკენ მოციქულთა სწორი ქალწული ნინო გამოემართა.
წმიდა ნინო ქალწულმოწამეებთან: რიფსიმესთან, გაიანესა და მათ ორმოცდაათ თანამოღვაწესთან (ხს. 30 სექტემბერს) ერთად სომხეთში ჩავიდა. წმიდა ქალწულთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ, ნინო ღვთაებრივი გამოცხადებით, ფარავნის ტბას მიუახლოვდა და ჯავახეთის მთებით საქართველოში შემოვიდა კაბადოკიიდან ქართველების გასაქრისტიანებლად.
ჩამოვიდა და თავისი საკუთარი თმებით შეკრა ვაზის ლერწმისგან გაკეთებული ჯვარი, რომელიც დღესაც თბილისის სიონის ტაძარში ასვენია (იგი არაერთხელ დაიკარგა მტრების შემოსევების დროს).
საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. გარდა ამ დღისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნინოს იხსენიებს მისი მიცვალების დღეს 14 (27) იანვარს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)