საქართველოს ფინანასთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, 2015 წლის 14-15 მაისს თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ მინისტრმა დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება, რომელიც ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება, არასდროს ყოფილა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და EBRD-ს პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბატის შეხვედრაზე, რომელიც დავოსში შედგა, პირველად გაჟღერდა, რომ 2015 წლის 14-15 მაისს თბილისი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს.
„ჩვენ აღნიშნული ღონისძიებების მოსამზადებლად რვა თვის განმავლობაში ვმუშაობდით. სექტემბერში თბილისს ეწვია იბიარდის შემფასებელთა მისია, რომელმაც თბილისის ინფრასტურქტურა შეაფასა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო საფინანსო ინვესტორი. 20 წელია ის საქართველოში მუშაობს. მისი დამფუძნებელი არის 60-ზე მეტი ქვეყანა და თბილისს ამ ქვეყნების ოფიციალური, მმართველი დელეგაციები ეწვევა. 2015 წლის მაისში თბლისში ჩამოვა 34 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და დარჩენილი 30 ქვეყნის სხვა მინისტრები. ეს არის უნიკალური შემთხევვა საქართელოს ისტორიაში, ასეთი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან კარგი საინვესტიციო ფორუმი“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.