„თუ რეალობა და საარჩევნო გარემო არ შეიცვალა, არჩევნების სამართლიანობა ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებ , - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აშშ-ის ელჩთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხოლოდ "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ წარმომადგენლობა და დაფინანსებაც ძირითადად ამ ორ პარტიას ეზრდება. "სხვა პარტიებს დაფინანსება სიმბოლურად ეზრდებათ და ჩვენს პარტიას კი სიმბოლურადაც არა. ძალიან სერიოზული პრობლემები იქმნება საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის საეთერო დროსთან დაკავშირებით, რაც უკვე შექმნის არათანაბარ გარემოს. ასევე გამოჩნდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებიც", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. მისი შეფასებით, ამ პრობლემებს ხელისუფლების მხრიდან დროული რეაგირება სჭირდება, თუ მათ "გულწრფელად სურთ" თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. შეგახსენებთ, რიჩარდ ნორლანდი არასაპარლამენტო პარტიების ლიდერებს ამერიკის საელჩოში შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნინო ბურჯანაძე, აკაკი ასათიანი, ფიქრია ჩიხრაძე, პაატა დავითაია, ბაჩუკი ქარდავა, კახა კუკავა, ჯონდი ბაღათურია, შალვა ნათელაშვილი, გიორგი თარგამაძე და სერგო ჯავახაძე.