თბილისში, საკრედიტო სტანდარტების თემაზე ეროვნული ბანკის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გახსნა.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მდგრადი და სტაბილურად განვითარებადი სფეროა.
"ამას აღნიშნავენ თავიანთ დასკვნებში საერთაშორისო საფინანსო და სარეიტინგო კომპანიებიც. მნიშვნელოვანია, რომ ზრდის და განვითარების პარალელურად, ბანკებმა მეტი ყურადღება დაუთმონ დაკრედიტების პროცესის სწორად და ჯანსაღად წარმართვას. მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რისკების შეფასებასთან ერთად ბანკებმა მაქსიმალურად მოარგონ გაცემული სესხის ოდენობა და გადახდის პირობები მსესხებლის მიერ წარმოდგენილ ბიზნესმოდელს, გაითვალისწინონ ბიზნესის ციკლურობა და ფულადი ნაკადების სტრუქტურა. ამ პროცესის სწორად წარმართვის შედეგი იქნება მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მაღალი ხარისხი და ჯანსაღი საკრედიტო პორტფელი. დღევანდელი კონფერენციის ორგანიზებით ჩვენ საქართველოს კომერციულ ბანკებს მივეცით შესაძლებლობა, გაეცნონ დაკრედიტების საერთაშორისო სტანდარტებს და გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილება", - განაცხადა ქადაგიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, კონფერენციის მიზანია ფინანსური სექტორის წარმომადგენელთა ხედვების გაზიარება დაკრედიტების სტანდარტებთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდება მსესხებლის სავალუტო და საპროცენტო რისკებზეც.
კონფერენციაში მონაწილეობენ ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ფინანსთა და ეკონოიკის სამინისტროების, მსხვილი აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები. ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარდგებიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და სარეიტინგო კომპანია "სტანდარდს ანდ პოორ'ს"-ის წარმომადგენლები.