„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" გაცნობა საქართველოს ყველა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს.
31 იანვარს პროექტს იმერეთის რეგიონის რწმუნებული და მუნიციპალიტეტების გამგებლები გაეცნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი შალვა კერესელიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია რეგიონის გუბერნატორს და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ. შეხვდრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. იმერეთის რეგიონიდან დახმარებას 106,310 ფერმერი მიიღებს.
„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.
ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან ორ კატეგორიად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. ეს კატეგორიებია: ა) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთი ბ) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები.
„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ბენეფიციარები წელს ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით: 1) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის დარიგდება სასოფლო-სამეურნეო ბარათი, 2) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად ფერმერები ისარგებლებენ საბანკო პლასტიკური ბარათით - „აგრობარათით".