დავით უსუფაშვილი ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. "სასამართლო გრძელდება. პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. გარდა ამისა, მას ბევრი სხვა ბრალიც აქვს წაყენებული და პროცესი გრძელდება. დღეს რომ სასამართლოს ბაჩო ახალაია დამნაშავედ ეცნო და სასჯელი მიესაჯა, ალბათ ამ წუთისთვის ის პრეზიდენტის მხრიდან იქნებოდა შეწყალებული და სადმე გამწესებული", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემა ყველამ უნდა ისწავლოს. "თავად სააკაშვილია, რომელიც გადაწყვეტილებებს არ ემორჩილება და სასამართლოს მიერ მისჯილ პირებს მეორე დღესვე მიღებული დებულების დარღვევით ათავისუფლებს. დღეს სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება რომ გამოეტანა, პრეზიდენტი ახალაიას დღეს საღამოსვე შეიწყალებდა. ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ", - აცხადებს უსუფაშვილი.