2013 წლის 30 ივლისს კაფე „დისქავერში" „გლობალური კვლევების ცენტრმა" რიგით მეორე სემინარი თემაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკა - დინებით თუ დინების წინააღმდეგ" გამართა. სემინარი „გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა ნანა დევდარიანმა გახსნა. მომხსენებლები პრეზიდენტობის კანდიდატი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე, პროფესორი სოსო ცინცაძე და „გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე იყვნენ. როგორც პირველმა გამომსვლელმა, ექსპერტმა სოსო ცინცაძემ აღნიშნა, ქართული საზოგადოება საექსპერტო შეხვედრებს გადაეჩვია. მისი აზრით, დღეს გლობალიზაციის თემაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია. „გლობალიზაციის პროცესი, რომელიც ათი-თხუთმეტი წლის წინ ექსკლუზივად მოგვევლინა, რელსებიდან გადავიდა და დღეს ისეთი დინამიურობაა, როგორიც მას არ ახასიათებს. ჩვენთვის მთავარი ის არის, თუ სადაა საქართველოს ადგილი. საქართველოს არასოდეს ჰყოლია და არც იცის, რა არის სტრატეგიული მოკავშირე" - განაცხადა ექსპერტმა. სოსო ცინცაძე ნატოს თემას შეეხო და განაცხადა, რომ ქართველები „მიმზიდველი ილუზიის ტყვეობაში" აღმოჩნდნენ. „მიმზიდველი ილუზიის ტყვეობაში ვართ. მეცნიერული გათვლები მწარე დასკვნით მთვარდება. სანამ ნატო აგრესიის წინააღმდეგ რუსეთის ქოლგად წარმოგვიდგენია- ნატოში არავინ მიგვიღებს."-განაცხადა ცინცაძემ. მისი თქმით, ნატოში შესვლას ჩვენი ქვეყანა მას შემდეგ მოახერხებს, როდესაც რუსეთი საქართველოს მიმართ ინტერესს დაკარგავს. ექსპერტმა რასმუსენის საქართველოში ვიზიტი გაიხსენა. „ ადრე რა გვესმოდა ბრიუსელიდან? „თქვენ კიდევ ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი". თბილისში ვიზიტისას რასმუსენმა ერთი საკვანძო სიტყვა დაუმატა ამას: „ძალიან", ანუ „ძალიან ბევრი გაქვთ გასაკეთებელი". რაც მეტი დრო გადის და ბრიუსელს რაც უფრო ელევა არგუმენტები, მით უფრო კრეატიულ გადაწყვეტილებებს ღებულობს, რომ ზედმეტი არგუმენტები ან სხვა ფორმულა გამოძებნოს. ბუდაპეშტის შეხვედრის შემდეგ გია ბარამიძე ჩამოვიდა მიმტკიცებდა, რომ უფრო მეტი მივიღეთ, ვიდრე მაპი, რომ გავხდით ნატოს წევრები. მაპიც არ არის პირდაპირი კარის შეღება," - განმარტა ცინცაძემ. გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ფხალაძის აზრით, თუკი ბალტიის სახელმწიფოებმა ახსნეს, რომ მათი დასავლური ინტეგრაცია რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „მთავარია, რომ არ გამოგვრჩეს მომენტი. შესაძლებლობების ფანჯარა ყოველთვის იღება და თუ იმ პერიოდში მზად არ აღმოჩნდი, ვერ გააკეთე არჩევანი, ან არ ხარ იმდენად ჩამოყალიბებული, რომ გააკეთო სწორი არჩევანი, მაშინ უნდა ელოდო შემდეგ შანსს, რადგან პატარა ქვეყანას არ აქვს იმის საშუალება, რომ შექმნას და თავად ჩამოაყალიბოს გეოპოლიტიკური რეალობა," - განაცხადა ფხალაძემ. ორივე მომხსენებელი განათლების საკითხს შეეხო. მათ აღნიშნეს, რომ ხშირად პოლიტიკური გადაწყვეტილებები არასაკმარისი განათლებითაც არის განპირობებული, ხოლო ისეთი საკითხების სიღრმისეულ შესწავლას, როგორიც უკვე არსებული და ახლახანს შემოთავაზებული ინტეგრაციული პროექტებია, სათანადო ყურადღება არ ეთმობა.
ნინო ბურჯანაძემ გამოსვლისას განათლების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი საპრეზიდენტო კანდიდატის პრიორიტეტებში განათლების სფერო უნდა სახელდებოდეს:
„ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის პრიორიტეტებში განათლების სფეროს დარეგულირების საკითხი უნდა იყოს. დღვანდელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პედაგოგთან უმრავლესობამ ვერ შეძლო საატესტაციო გამოცდების ჩაბარება კატასტროფას წარმოადგენს. რა უნდა ასწავლოს პედაგოგმა ბავშვს თუ თვითონ ვერ აბარებს გამოცდას?" - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
ბურჯანაძის განმარტებით, საქართელოს რუსეთთან ურთიერთობაში ძალიან სერიოზული პერსპექტივები გააჩნია:
„მთელი რიგი მიმართულებებია, სადაც ჩვენი და რუსეთის ინტერესი რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ არის მიმართულებები, სადაც ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის - მშვიდობა კავკასიაში. კატეგორიულად არ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ რუსეთი მალე დაიშლება და ყველაფერი კარგად იქნება. ხელისუფლებაშიც რომ ვიყავი, მაშინაც ვამბობდი, რომ რუსეთის დაშლა გამოიწვევს ისეთ კატაკლიზმებს მთელ მსოფლიოში, რომელსაც ჩვენ თავს ვერ დავაღწევთ. ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედის რუსეთის დაშლა და ქაოსი. ერთ-ერთი მთავარი, რითაც შეიძლება მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს, არის ის, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, კავკასიაში მშვიდობა იყოს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთი დაინტერესებულია ჩვენთვის ბაზრის გახსნით, მაგრამ ესეც სერიოზული თემაა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული არჩევანის" წარმომადგენელმა მამუკა ჟღენტმა, ანალიტიკოსმა, დიპლომატმა ვასილ კაპანაძემ, გაზეთ „ქრონიკა პლიუსის" მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ, „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის" წარმომადგენელმა ირაკლი უბილავამ, ანალიტიკოსებმა შალვა ალავიძემ და სიმონ კილაძემ, იურისტმა კოტე ბოჭორიშვილმა, ასევე ჟურნალისტებმა ნატა წერეთელმა, რუსა მუმლაძე-ავალიანმა, შორენა ცივქარაშვილმა, ნონა გედენიძემ, ხატია გუნიამ.