სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2014 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე 0,8 პროცენტი იყო.
ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა იანვრის თვის ინფლაციაში 0,63 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ქვეჯგუფზე (13,0 პროცენტი), ფასები ასევე გაიზარდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (4,5 პროცენტი) და რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (4,2 პროცენტი);
მოცემულ პერიოდში ფასების 0,7-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც იანვრის თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,08 პროცენტული პუნქტი წვლილით აისახა. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3,4 პროცენტი), ხოლო ფასების კლება დაფიქსირდა სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტზე (-2,8 პროცენტი).
საქსტატის ინფორმაციითვე, 2014 წლის იანვარში, 2013 წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,9 პროცენტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 5,2 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,58 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (41,9 პროცენტი), ფასები გაიზარდა ასევე რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (2,9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-3,6 პროცენტი) და ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (-3,3 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი. მოცემულ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,9-პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,73 პროცენტული პუნქტი წვლილით აისახა. ფასები გაიზადა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთებაზე (8,2 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფზე ფასები გაიზარდა 8,4 პროცენტით, რაც იანვრის თვის წლიურ ინდექსში 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (14,0 პროცენტი).
(მოამზადა თამარ ბატიაშვილმა)