reportiori.ge - თემურ შაშიაშვილი: 26 მაისს პოლიციელი სამართალდამცავებმა თავად მოკლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:52
პრეს-დაიჯესტი
თემურ შაშიაშვილი: 26 მაისს პოლიციელი სამართალდამცავებმა თავად მოკლეს
ავტორი:
05 თებერვალი, 2014. 16:08

ახალმა ხელისუფლებამ ბევრს გაუცრუა იმედები. დაპირებული სამართალის აღდგენის ნაცვლად  „ნაციონალებისა“ და „მეოცნებეების“ კოაბიტაცია მივიღეთ. რაც დრო გადის, ახალი ხელისუფლება მით უფრო ემსგავსება ძველს. ეს არცაა გასაკვირი, „ოცნების“ დიდ ნაწილს ყოფილი „ნაციონალები“ შეადგენენ. ერთადერთ გამოსავლად პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყებას მიიჩნევს.

 

 ხალხი იმედგაცრუებულია. მოლოდინი არ გამართლდა. სამართლიანობის დადგენა  კვდომის პროცესშია. „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსგავსება. პოლიტიკოსები ამას სხვადასხვაგვარად ხსნიან. დომინირებს აზრი, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ გარიგდნენ. მე ყოველგვარ გარიგებას გამოვრიცხავ, უფრო მეტიც, ისიც მწამს, რომ ამ ორ პოლიტიკურ ძალას სძულს ერთმანეთი, რაც თავისთავად არა მგონია, კარგი იყოს. თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები უარესში. უარესი კი ის არის, რომ ვინც მართავდა „ნაცმოძრაობას“ იგივე  ძალები მართავს „ქართულ ოცნებას“. ეს ე.წ. მმართველი ცენტრი უცხოეთშია. სწორედ ერთი ცენტრიდან მართვის გამო ემსგავსება „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“.

დღეს ჩემში ოდნავ არ იწვევს ეჭვს, რომ საქართველოს უბედურებაა ქვეყნის გარედან მართვადი ხელისუფლება. ქვეყნის უბედურებაა ქვეყნის გარედან კარნახით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყნის გარედან ფინანსირებადი პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორი. ცხადზე უცხადესია, რომ საქართველოში არც ერთი საქმე არ მივა ბოლომდე, ეს იქნება კულტურა, განათლება, ეკონომიკა, სოციალური სფერო, თუ სამართლებრივი კუთხით, რაც არ აწყობს იმ გარე ძალებს, რომლებიც ქვეყანას მართავენ. დავაკვირდეთ, ყველაზე დიდი შეტევა ქართულ ცნობიერებაზეა, ქართულ კულტურაზეა, მართლმადიდებლობაზე და საერთოდ რელიგიაზეა. აკნინებენ ოდითგან გამორჩეულ ქართულ განათლების სისტემას. უფრო მეტიც, გარედან მართვადმა და ფინანსირებადმა ქართული ცნობიერების წინააღმდეგ მომართულმა საინფორმაციო საშუალებებმა და ჟურნალისტებმა ხალხი დეპრესიაში ჩააგდეს, მომავლის რწმენას უკარგავენ.

დარწმუნებით და გამოკვეთილად ვამბობ: ვიდრე საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი უარს არ ეტყვის იმ პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც მორჩილებაში არიან უცხო ძალებთან, ფინანსდებიან პოლიტიკური ფულით,  რომელთათვისაც მთავარია ის, თუ რას ფიქრობენ უცხოეთში და არა ის, რა ხდება და რას ფიქრობენ საქართველოში – სიკეთე არც ქვეყანაში და არც ჩვენს ოჯახებში არ იქნება. კარგად მხოლოდ გარედან მართვადი და დაფინანსებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგებნლები იცხოვრებენ. დრომ დაადასტურა, რომ ქვეყანას და საკუთარ მომავალს ყიდის ის, ვინც საარჩევნო ხმას ყიდის და ქვეყანას ყიდის ისიც, ვინც საარჩევნო ხმებს ყიდულობს. ოც წელზე მეტია, საქართველო საარჩევნო ხმების გამყიდველთა და მყიდველთა მიერ შემნილი მთავრობებით იმართება. ეს ტრაგედიაა. მით უფრო, რომ  ეს ვაჭრობა პოლიტიკური ფულით ხდება. სწორედ ამ მოზღვავებული პოლიტიკური ფულის და მის მძებნელ პოლიტიკოსთა გამოა საქართველო მუდმივ საარჩევნო პროცესში. სწორედ ამ პოლიტიკური ფულის გამო იღვრება სისხლი საქართველოში, სწორედ ამ პოლიტიკური ფულის გამო ცხოვრობს ცრემლში უამრავი საქართველოში და სწორედ ამ პოლიტიკური ფულის გამო, გარედან მართვადი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და არასამთავრობო სექტორის მიერ კვლავ სისხლისღვრისკენ მიექანება საქართველო. ჩვენ, „თეთრები“ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ შევიდეთ იმ პოლიტიკურ ალიანსებსა და გაერთიანებებში, რომლებიც უცხოელთა ინიციატივით და უცხოელთა ფინანსებით იქმნება. ჩვენ ვემიჯნებით იმ პოლიტიკურ ალიანსებსა და გაერთიანებებს, რომლებიც ფიქრობენ არჩევნებზე, როგორც სკამების, ანუ თანამდებობების მოპოვების საშუალებაზე და არ ებრძვიან მთავარს – ქვეყნის გარედან მმართველ პოლიტიკურ ცენტრებს.

დავფიქრდეთ, 1992 წლიდან საქართველოში ყველა მთავრობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით მოვიდა და კორუფციის გამო წავიდა. 1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ყველა მთავრობა ხალხის კეთილდღეობის პროგრამით მოდიოდა და ხალხს შიმშილში ტოვებდა. როგორც ჩანს, საქართველოს და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მთავარი პრობლემა არის ის, რომ გარე ძალების მხარდაჭერით ქვეყნის სათავეში მოდიან ერთ-ორ პიროვნებას ამოფარებული ბანდიტური ჯგუფები. ამას უკრაინაში მიმდინარე პროცესებიც ადასტურებს.

–  როგორი ხელისუფლება სჭირდება ქვეყანას?

ჩვენ, „თეთრებს“, კარგად გვესმის, რომ არც ურაპატრიოტიზმია ქართული, არც ფსევდოპატრიაოტიზმი და არც კოსმოპოლიტიზმი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არც ამერიკული გზაა ქართული, არც რუსული და არც რომელიმე სხვა ქვეყნის წამხედურობა. ისიც კარგად გვესმის, რომ ჩვენ გვჭირდება დიდი მეგობრობა ამერიკასთანაც, ევროპასთანაც, აზიასთანაც, რუსეთთანაც და განსაკუთრებით კავკასიაში. სწორედ ამიტომ, საქართველოს მომავალი ქართული გზაა, რომელიც ოდითგან ნიჭსა და ზნეობას ეყრდნობა. რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანას უნდა მართავდეს სხვათა ჩარევის გარეშე დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. რომ ხელისუფლებას უნდა მართავდეს, ხაზგასმით ვამბობ – მართავდეს საზოგადოება, ის საზოგადოება, რომლისთვისაც მთავარია ინტელექტი და ზნეობა. ბევრი ვიფიქრე, მეთქვა თუ არა ყოველივე ეს. მაგრამ მჯერა, რომ უთქმელობას მაინც თქმა სჯობდა. ვთქვი ყველაფერი ეს იმის იმედით, რომ საქართველოში უკვე უამრავი ფიქრობს განახლებულ ეროვნულ მოძრაობაზე. ფიქრობს და ოცნებობს ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოზე. დღეს ყოველი ასეთი ადამიანი ქვეყნის სიმდიდრეა, მომავლის იმედია, გამარჯვებისთვის მებრძოლია.

–  რატომ გგონიათ, რომ ეროვნული მოძრაობის განახლება არის ერთადერთი გამოსავალი?

–  გარე ძალებიდან მართვადი მაფიოზური ძალების დამარცხება მხოლოდ ეროვნული განწყობის ადამიანებს შეუძლიათ. აშკარაა, რომ არც რუსეთს, არც დასავლეთს ქართული ცნობიერების ადამიანები არ მოსწონთ. გამოარჩევენ ვიღაცას, წაიყვანენ ინკუბატორში, მოარჯულებენ და მხოლოდ ამ ხალხს ენდობიან. დავაკვირდეთ, ეროვნული მოძრაობის ძველი ლიდერების დიდი ნაწილი დღეს ცოცხალი აღარ არის. რამდენიმე მათგანის სიკვდილში გარე ძალების ხელი ურევია.ზვიად გამსახურდიაზე მაშინდელი აშშ პრეზიდენტმა განაცხადა, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო. ამის გამო მას სირთულეები შეუქმნეს. ნატოზე პირველი ირაკლი წერეთელი ლაპარაკობდა საქართველოში. რუსეთი თუ ვინმეს სძულს, ეს ირაკლი წერეთელი, ნოდარ ნათაძე, თამრიკო ჩხეიძე არიან. ისინი ყველაზე დიდი მედასავლეთეები არიან.

–  ისე, მართლა საინტერესოა, დასავლეთში მათზე რატომ არ გაკეთდა აქცენტი?

–  იმიტომ, რომ იცოდნენ მათი ხასიათი. ისინი ეროვნული ადამიანები არიან და მათი მორჯულება არ გამოვა. სამწუხაროა, რომ საქართველოში ეს ადამიანები აღარავის აინტერესებს. არადა, ყველა ქვეყანა პატივს სცემს ეროვნული მოძრაობის ლიდერებს. ერთადერთი საქართველოა, სადაც ამგვარ ადამიანებს ებრძვიან.

–  თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?

– იმიტომ, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალების 90% გარედან – ან რუსეთიდან, ან დასავლეთიდან იმართება. იგივე ვითარებაა არასამთავრობო სექტორშიც. ნახეთ, რა ვითარებაა ევროპაში? მოხიბლული ვარ უნგრელი ხალხის პატრიოტიზმით, არნახული ეროვნული განწყობაა  საბერძნეთშიც. ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც იწყება ასეთი მოძრაობა. ევროკავშირს დღეს სერიოზული პრობლემები აქვს. ჩვენ კი მაინც იმას გავიძახით, რატომ ვერ შევედით ევროკავშირში და რატომ ვერ გავხდით ნატოს წევრები.   მართლაც საინტერესოა, რატომ არ გვიშვებენ ან ერთგან, ან მეორეგან. ქვეყნის სათავეში მოჰყავთ ის ხალხი, ვინც ნატოში და ევროკავშირში შესვლაზე საუბრობს. პირად საუბრებში ევროკავშირს ყველა  დასცინის. ამბობენ , რომ ევროკავშირში შესვლა საქართველოს დაღუპვას ნიშნავს. ამბობენ, რომ რუსეთთან უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა. გამოდიან გარეთ და სულ სხვას ამბობენ. იმიტომ, რომ  დასავლეთს უნდათ ასიამოვნონ. ამის მკურნალობა მხოლოდ ეროვნულ მოძრაობას შეუძლია. ეროვნულ მოძრაობას არ ეშინია იმის თქმა, რომ რუსეთთან დაპირისპირება კარგს არაფერს მოიტანს. ეროვნულ კაცს არც იმის თქმა გაუჭირდება, რომ დასავლეთთანაც კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. არაეროვნულად მოაზროვნე ხალხი კი იმას გაიძახის, რომ ან მარტო რუსეთთან უნდა ვიყოთ კარგად, ან დასავლეთთან.

– რუსეთთან ომი არ ვარგაო, რომ ამბობთ, ამის გამო, შესაძლოა პრორუსულის იარლიყი მოგაკერონ.

–  პრორუსულები არიან ისინი, ვინც რუსეთთან ომის აუცილებლობაზე საუბრობს. ასეთი იყო სააკაშვილი. მან საქართველო რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიკთში ჩაითრია, შედეგად კი ტერიტორიები დავკარგეთ. სააკაშვილი ლანძღავდა რუსეთს. მაგრამ ყველაზე მეტად რუსულ საქმეს აკეთებდა. მან უბრძოლველად დაუთმო კოდორის ხეობა და ახალგორი. სააკაშვილის ხელისუფლებამ  მთელი ქართული ეკონომიკა რუსეთს ჩაგუდო ხელში. საქართველოს დღეს ეკონომიკურად რუსეთი მართავს, ხოლო პოლიტიკურად – დასავლეთი. ეს ამ ქვეყანას დაღუპავს. გამოსავალი ერთადერთია – საქართველოში ახალი ეროვნული მოძრაობა უნდა დაიწყოს. პრორუსული რომ ვყოფილიყავი, ეროვნული მოძრაობის განახლებას არ მოვითხოვდი.

–  ამის მიუხედავად, თქვენ და „სახალხო კრებას“, რომლის შემადგენლობაშიც ხართ, რუსული დაკვეთების შესრულებას გაბრალებენ. ამის მაგალითად კი 2011 წლის 26 მაისი მოჰყავთ.

–  სად იყო იქ რუსული დაკვეთა. რა იყო იქ პრორუსული მოთხოვნა? ჩვენ ვადამდელ არჩევნებს ვითხოვდით. ვითხოვდით, მომხდარიყო პოლიციის დეპოლიტიზება. მედია და ბიზნესი პოლიტიკური წნეხისაგან გათავისუფლებულიყვნენ.

–  26 მაისს თქვენ განაცხადეთ, რომ არ დაუშვებდით სამხედრო აღლუმის გამართვას. სწორედ ამას გითვლიან მთავარ დანაშაულად.

–  დავიწყოთ იმით, რომ 26 მაისი საერთო-სახალხო დღესასწაულია. ის ჩვენც  ისევე გვეკთნოდა, როგორც სააკაშვილს. ჩვენ აღლუმის ჩატარების წინააღმდეგ არ წავსულვართ. ჩვენ ვთქვით, რომ სააკაშვილს არ მივცემდით აღლუმის ჩაბარების უფლებას. მას ამის მორალური უფლება არ ჰქონდა. სააკაშვილი იყო ქვეყნის უმაღლესი  მთავარსარდალი. ამ მთავარსარდალმა გორში თვითმფრინავის ხმაზე ისტერიკა მოაწყო.  დაბლა გაგორდა, მიწაზე და მთელს ქვეყანას მოჭრა თავი. მიწაზე მფორთხავ მთავარსარდალს, აღლუმის ჩაბარების უფლება არ ჰქონდა. თუკი უნდოდათ, რომ რუსთაველი გაენთავისუფლებინათ, ალყაში რატომ მოგვაქციეს? დარბევა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, ვიდრე ჩვენთან მოლაპარაკებები დაიწყებოდა. აქციის მონაწილეებთან მივიდა მერიის წარმომადგენლელი. მან მოთხოვნები გაგვაცნო. ის სცენაზე იყო ამოსული. როცა 12 საათი შესრულდა, მე ხალხს და მათ შორის დამოუკიდებლობის დღე მივულოცე. მილოცვადამთავრებული არ მქონდა, რომ რეზინის ტყვიები და მხუთავი გაზი წამოვიდა. მოლაპარაკებებზე წამოსული კაცი გაიქცა. რატომ არ დაასრულეს მოლაპარაკება, იქნებ ვტოვებდით რუსთაველს. ამ თემაზე მიმდინარე კვირას მომიწევს სასამართლოზე საუბარი და ყველაფერს ვიტყვი,რაც მაშინ მოხდა.

–  გელა ნიკოლაიშვილმა ამ დღეებში საინტერესო განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ პოლიციელი, რომლის მკვლელობაც აქციის მონაწილეებს ბრალდებათწინასწარ მოკლეს დამისი გვამი იქ მიიტანეს. ამაზე რას იტყვით?

–   დიდი მადლობა გელა ნიკოლაიშვილს ამ ინფორმაციის გაჟღერებისთვის. ამ თემაზ ბევრად ადრე მაქვს განცხადება გაკეთებული. ის საწყალი პოლციელი ჩვენ არ მოგვიკლავს. ის სხვა ვითარებაში დაიღუპა და იქ მიიტანეს. ამ დღეებში გავრცელებული კადრების შემდეგ, მგონი არავის ეპარება ეჭვი. რომ ხელისუფლებას კარგად შეეძლო გვამების მოთხოვნა და მოპოვება.  ამაზე პრემიებიც იყო დაწესებული.

–  მაშინ ასე ვთქვათ, რაში სჭირდებოდა იმ ხელისუფლებას პოლიციელის გვამი?

–  ჩვენს წინააღმდეგ უფრო დიდი აგრესია რომ წამოსულიყო. მე გაგახსენებთ, რომ პოლიციელის მკვლელობაზე ხმა ბევრად ადრე გაავრცელეს, ვიდრე იმ უბედურის ცხედარი გამოჩნდებოდა. ამის დამტკიცება შესაძლებელია. ჩვენ იმ პოლიციელებთან შეხვედრა არ გვქონია. ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ბურჯანაძის ესკორტი პოლიციელს არ შეხებია. ახლა გასარკვევია. რა ვითარებაში დაიღუპა პოლიციელი.

–  ვარაუდობენ, რომ იმ ღამესთან დაკავშირებით იქნება სკანდალური ჩანაწერები. თქვენ თუ ფლობთ ინფორმაციას?

–  არაფერი არ არის გამორიცხული. ესენი ხომ არც ერთმანეთს ინდობდნენ და ყველაფერს იწერდნენ. როცა საჭირო გახდება, ალბათ გამოქვეყნდება კიდევაც. მთავარი ის არის, რომ იმ ღამეს ჩვენ სწორად მოვიქეცით, ჩვენ არ გვინდოდა მიწაზე მფორთხავ სარდალს აღლუმი მიეღო. 26 მაისმა ქვეყანაში ბევრი რამე შეცვალა. იმედი მაქვს, რომ ამ საქმეზე ობიექტური გამოძიება ჩატარდება და დამნაშავეები დაისჯებიან.

–  რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ კადრებზე სააკაშვილმა კომენტარის გაკეთებაც კი არ ისურვა. თქვენი აზრით, მან მიატოვა „ნაცმოძრაობა“, თუ რაშია საქმე?

–  სააკაშვილისაგან გიკვირთ რამე? მას თუ დასჭირდა, საკუთარ მშობელს გაწირავს. მისი ასეთი პოზიცია ჩემთვის გასაკვირი  არ არის. ის დღეს ამერიკელების ხელშია და ისინი აკონტროლებენ ამ შლეგს. რასაც ისინი იტყვიან, იმას გააკეთებს. ამერიკელებს სააკაშვილი გვერდით იმიტომ სჭირდებათ, რომ ზედმეტი არაფერი თქვას. სააკაშვილს ამერიკაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. ამიტომაც არ იცილებენ გვერდიდან. ამერიკა მართლაც საქართველოს მეგობარი რომ ყოფილიყო, საქართველოში დააბრუნებდა და არც დამნაშავეების დასჯაში შეგვიშლიდა ხელს.

 

შორენა მარსაგიშვილი

 

გაზეთი „ახალი თაობა“ 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016