reportiori.ge - ნანა ჯანელიძე: შემოქმედებითად უმამაცესი კინოს დიდოსტატი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:34
ინტერვიუ
ნანა ჯანელიძე: შემოქმედებითად უმამაცესი კინოს დიდოსტატი!
05 თებერვალი, 2014. 17:20

ცნობილი კინორეჟისორის, თენგიზ აბულაძის დაბადებიდან 90 წელი გავიდა.   ბატონი თენგიზი  „რეპორტიორთან“  მისმა რძალმა, რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ გაიხსენა.

 

– ქალბატონო ნანა, ბატონი თენგიზის სტუდენტი  იყავით, მუშაობდით მასთან ერთად, მერე უკვე მისი ოჯახის წევრი გახდით, როგორ გაიხსენებთ მას, როგორც პიროვნებას, როგორც რეჟისორს?

– ბატონ თენგიზს პირველად რომ შევხვდი, სარეჟისოროზე ვაბარებდი, მის სახელოსნოში მინდოდა მოხვედრა. მახსოვს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ   ძალიან მშვიდი, ძალიან დაფიქრებული და გულწრფელი იყო. მაშინ „ნატვრის ხისთვის“ ემზადებოდა და უცბად აი ამ, უცნობ, ჩასაფრებულ აბიტურიენტებს გვითხრა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ცხოვრებაში არაფერი გადამიღია, როგორც პირველკლასელს, ისე მეშინია ამ ფილმზე მუშაობის დაწყებაო. წარმოიდგინეთ, ჩვენ მოვედით დიდ ოსტატთან, რომელმაც რაღაცა უნდა გვასწავლოს უცოდინარებს და უცებ კაცი გვეუბნება, რომ  არაფერი  ვიციო (იცინის), მაგრამ ამაში, მე ასე მგონია, იყო უდიდესი სიბრძნე.  მას ჰქონდა ის, რასაც იშვიათად აიცილებს ხოლმე ხელოვანი – იგი თავისი მიგნებებით არ შემოისაზღვრა. ხშირად ხელოვანი მიაგნებს ხოლმე რაღაც ხერხებს და მერე სულ იმათ იყენებს, რაც არასდროს  ახასიათებდა ბატონ თენგიზს. თენგიზ აბულაძის არცერთი ფილმი ერთმანეთს არ ჰგავს და ამავე დროს არის მისი, მისი ძალიან ძლიერი აზროვნების, ფიქრის,  პიროვნებს გამოხატულება. ყოველი მათგანი არის დიდი გარღვევა ფორმის მხრივ, ახალი ეტაპი. ეს  არ იყო დაგროვილი ცოდნის გამოყენება, პირიქით. ყოველი  ფილმი მას კიდევ  უფრო ზრდიდა. იმდენად მაღალ მიზანს ისახავდა, რომ მისკენ სვლა, უკვე იყო მისი ზრდაც  და ამიტომ ახალი ფორმის მოპოვებაც. ეს ძალიან  საინტერესო და რთული პროცესი იყო, მაგრამ ბატონი თენგიზი შემოქმედებითად უმამაცესი ადამიანი იყო. იცით, ყოველი წარმატება ბორკილივით გადევს ხოლმე; ფიქრობ, შემდეგი რაღა იქნება. ეს ბორკილები ზოგჯერ გძირავს შემოქმედს. ბატონ თენგიზს კი, შეეძლო, ყოველი წარმატების შემდეგ თავის თავს  გადახტომოდა და  ახალი სიმაღლე დაეპყრო. ფაქტობრივად, ის იყო ჩვილი შემოქმედებაში. ჩვილი, რომელიც სულ იზრდება, არ ჩერდება. ის არ მოხუცდა.

– თვითონ რომელ ფილმს გამოარჩევდა თავისი შემოქმედებიდან?

– თვითონ ყველაზე მეტად  „ვედრება“ უყვარდა, იმიტომ რომ ეს ფილმი  ძალიან დაიჩაგრა. ოჯახური მემუარებიდან ვიცი,  „ვედრება“ რომ გამოვიდა, ეს იმდენად წინწასული ფორმა იყო, რომ ძალიან რთულად მიიღეს. ვედრებამ გაუსწრო საზოგადოებას, როგორც აზროვნებით, ისე ფორმით. მაშინ ვაჟა ფშაველაზე, როგორ გითხრათ, პრიმიტიული შეხედულება ჰქონდათ,  ეთნოგრაფია უფრო იყო  მოსახლეობისთვის. და უცებ გამოვიდა ეს საოცარი, უდახვეწილესი ფილმი, მეტაფორებით სავსე. გრიშა კიკნაძეს, დიდ ლიტერატორს, „ვედრება“ რომ უნახავს, ბატონ თენგიზისთვის უთქვამს, შენ ჩვენ გაგვისწარიო, ლიტერატორებს ჯერ არ გვიკვლევია ვაჟას პროზა, შენ უკვე ვაჟას პროზას, მის ყველაზე ღრმა   ფენებსა და შრეებს შეეხეო.  ასე რომ , აზროვნების მხრივაც, ეს იყო ახალი. რომ აღარაფერი ვთქვათ, ხმოვან მხარეზე. ირაკლი უჩანეიშვილის ძალიან სევდიანი, ფილოსოფიური თხრობა... სხვა პერსონაჟების შემოსვლა... ვაჟას პოეზიამ  თავისი სამოსი იპოვა კინოში. ეს არის ფილმი, რომლის   მარტო მოსმენაც შეიძლება.

– და მარტო ყურებაც...

– და მარტო ყურებაც. მახსოვს ინგლისში ვაჩვენე ფილმი და მივხვდი, რომ  ვერ ვთარგმნი, შეუძლებელია ამ ფილოსოფიის, ამ პოეზიის თარგმნა და გავჩერდი. იცით, მონუსხულები ისხდნენ, იმიტომ რომ ეს დიდი კინომატოგრაფიაა. ეროვნული ენერგიით სავსე ფაქტურები, მთის მცხოვრებთა ნამდვილი სახეები, საოცარი მსახიობები: სპარტაკ ბაღაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ზურაბ ქაფიანიძე, ნანა ქავთარაძე. ყოველი მათგანის როლი არის შედევრი მათ შემოქმედებაში.  არ შეიძლება არ ვახსენო ფილმის კომპოზიტორი, ნოდარ გაბუნია, რომელმაც საოცარი სიტყვები თქვა, თენგიზს მუსიკალური განათლება არა, მაგრამ უდიდესი ინტუიცია ჰქონდაო. საოცრება იყო, ასეთი ნდობა რომ გამომიცხადა და ამან ისეთი ფრთები შემასხა, მივხვდი, რომ ყველაფრის დაძლევა შემეძლო. თენგიზმა მიმიყვანა არა ფილმთან, არამედ ეროვნულ სულთან, პოეზიის ეროვნულ  საწყისებთანო...

„ვედრება“ არის შედევრი, რომლის მაგიაც დღემდე არ ნელდება.

– შემდეგ სრულიად ახალგაზრდამ მასთან ერთად იმუშავეთ  „ნატვრის ხესა“ და  „მონანიებაზე“...

– პირველ კურსზე  ჩვენი ჯგუფის  ნაწილი  „ნატვრის ხეზე“ მოვხვდით პრაქტიკებზე.  ბატონმა თენგიზმა იშოვნა კოპოლას სარეჟისორო დღიურები, რომლებსაც  ის „ნათლიმამას“ გადაღებისას იყენებდა. ჩვენ სასწრაფოდ გადმოვაქართულეთ და დავიწყეთ ამ მეთოდით მუშაობა. ასეთი დინამიკური გახლდათ ბატონი თენგიზი – ძალიან  წინმსწრები. ეს დღიურები გულისხმობდა ფილმის ფაქტობრივად მარცვალ–მარცვალ დამუშავებას, მაგალითად, რაზეა ეს ეპიზოდი, რას ემსახურება, რა ფერია, რა  რითმი. საოცარი ენთუზიაზმით ვმუშაობდით, 12–14 საათი თავს არ ვიღებდით სცენარიდან. ეს იყო ძალიან საინტრესო მოგზაურობა ფილმში. სცენარი ძალიან გადაკეთდა და მე ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი სიღრმე შეიძინა. უღრმესი არის გოგლა, მაგრამ სარეჟისორო სცენარი კიდევ სხვაა, ყველაფერი ქმედებებში, ურთიერთობებში უნდა გადაიტანო. რაც საკმაოდ რთულია. ყველაფერი დავამუშავეთ, დავწერეთ გმირების ბიოგრაფიები. ბატონი თენგიზი ხედავდა რა ენთუზიაზმით ვმუშაობდით. ის კი, ადამიანში ყველაზე მეტად შრომის უნარს აფასებდა. მით უმეტეს, ძალიან მომხიბვლელი იყო მისთვის თუ ეს ყველაფერი მისი ფილმისკენ იყო მიმართული (იღიმის).

ამის მერე იყო „მონანიება“. ბატონ თენგიზს უნდოდა ახალგაზრდობის ჩართვა სცენარზე მუშაობაში. მე ვთხოვე, უბრალოდ წამაკითხეთ–მეთქი. ეს იყო პატარა ათგვერდიანი განაცხადი. რაღაცები ჩამოვწერე, გავაჩინე თორნიკეს გმირი, მესამე თაობა, რომელიც ხდება ბაბუის ცოდვის მსხვერპლი. ბატონ თენგიზს რომ ვაჩვენე, მითხრა ეს ყველაფერი შენ უნდა გააკეთოო. მერე დიდი ხნის განმავლობაში დავდიოდი ადამიანებთან, რომლებსაც გამოვლილი ჰქონდათ რეპრესიები, ბიბლიოთეკებში. ეს ყველაფერი ორი წელი გრძელდებოდა. ბოლოს მითხრა, ახლა გაჩერდი!  უნდა დაასრულოო (იცინის).

– მსახიობების მიმართ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა?

– შემიძლია ვთქვა, რომ ყველაში შეყვარებული იყო. ძალიან დიდი ნდობა ჰქონდა მათი. მსახიობისთვის ფრთების შესხმაა, როდესაც ხედავს, რომ აღტაცებული თვალებით, სიყვარულით უყურებენ. აი, ეს სიყვარული იყო  სწორედ ის „იარაღი“, თენგიზი „განაიარაღებდა“ მათ.  ეტყოდა ძალიან კარგი იყო, მაგრამ ასეც ხომ არ გვესინჯაო და გამოდიოდა ცოტა სხვანაირი ან სრულიან სხვანაირი. ამაში არ იყო არაფერი წინასწარგანზრახული. ეს იყო მისი დამოკიდებულება. მსახიობი კი, ძალიან ზუსტად  გრძნობს ხოლმე  ვისთან აქვს საქმე.

– პირადად თქვენ  რა მოგცათ თენგიზ აბულაძემ, მასთან ურთიერთობამ რა გასწავლათ?

– პროფესიისადმი დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, მისთვის ბოლო სუნთქვის მიცემა.  მას მიაჩნდა, რომ ყოველ კადრში უნდა ჩადო მთელი შენი ძალა.  რომ ნახოთ მისი თითოეული კადრი, დარწმუნდებით, როგორი  მაგიური ძალის შემცველია ისინი.  ყველაფერი უნდა ჩადო იმაში რასაც აკეთებ. ასე ცხოვრობდა ბატონი თენგიზი, არა აქვს მნიშვნელობა, ფილმს იღებდა თუ სახლს აშენებდა (სახლიც აქვს აშენებული), ყველა საქმეს ათასპროცენტიანი ჩართვით აკეთებდა.

– და ბოლოს,  იუბილესთან დაკავშირებით რა ღონისძიებებია დაგეგმილი?

 

– საქართველოში არაფერი... ოჯახში შევიკრიბებით უბრალოდ. მოსკოვში გაიმართება მისი საღამო, დაგვირეკავენ და აქედან ჩავერთვებით.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016